ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი - ჩაერთვება თუ არა წინასაარჩევნო კამპანიაში პარტიის საპატიო თავმჯდომარე?!

ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი - ჩაერთვება თუ არა წინასაარჩევნო კამპანიაში პარტიის საპატიო თავმჯდომარე?!

წინასაარჩევნო კამპანიაში ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ჩართვის აუცილებლობა დღეს არ დგას - მიიჩნევ ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი. უნდა აღინიშნოს, რომ არჩევნების წინ, ივანიშვილის ფაქტორი ყოველთვის მთავარ როლს თამაშობდა, რადგან ის წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად იყო ჩართული და ამომრჩეველს ქართული ოცნების მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილი ბოიკოტის რეჟიმში იმყოფება და მხოლოდ ორმა პოლიტიკურმა სუბიექტმა გამოთქვა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მზაობა, მმართველი პოლიტიკური გუნდი საკმაოდ თავდაჯერებულია და 64-ვე ოლქში სრულ გამარჯვებას ელის.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მათი ამოცანაა პირველივე ტურში არჩევნების მოგება. მისივე შეფასებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციასარავითარი შანსი არ აქვს“.

თქვენ ხედავთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება კონკურენტულ გარემოში. დარეგისტრირებული რამდენიმე, შედარებით მსხვილი ოპოზიციური პარტია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობს. არიან შედარებით მცირე პარტიები. ჩვენ ვართ მთლიანად კონცენტრირებულები საკუთარ საარჩევნო ამოცანებზე. ჩვენ გვაქვს ერთადერთი მიზანი და ამოცანა, ეს არის 64-ვე მუნიციპალიტეტში, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგება. ხედავთ როგორი სპექტრია, როგორია მათი პოზიციები, ჩვენ ვართ აბსოლუტურად დარწმუნებულები, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ მერისა და საკრებულოს არჩევნებს, - თქვა კობახიძემ.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე For.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ დღევანდელ ვითარებაში, წინასაარჩევნო კამპანიაში ბიძინა ივანიშვილის ჩართვის აუცილებლობა არ დგას, რადგან ქართულ ოცნებას ისედაც საკმაოდ დიდი შანსი აქვს ადგილობრივ არჩევნებში სრული უპირატესობის მოსაპოვებლად:

ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა კახა კალაძის პრეზენტაციას, ის ასევე იყო ქართული ოცნების საარჩევნი კამპანიის გახსნაზე და .. ასე რომ, ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილის ჩართულობა საარჩევნოდ, დამოკიდებული იქნება იმ საჭიროებებზე, რაც გაჩნდება საარჩევნო კამპანიის მსვლელობის დროს. თუ ქართულმა ოცნებამ ჩათვალა, რომ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორით უფრო აქტიური მობილიზება არის საჭირო, მაშინ სავარაუდოდ, მისი ჩართულობა ჩაითლება საჭიროდ. ამ ეტაპზე, ამ მოცემულობით, ბიძინა ივანიშვილის ჩართულობის საჭიროებას ვერ ვხედავ.

ჯერჯერობით, ოპოზიციას მერობის კანდიდატები არ დაუსახელებია. აქედან გამომდინარე, წინასაარჩევნო გარემო ისეთი რამ არის, ის თავად კარნახობს ამ კამპანიის წარმართველ პოლიტიკურ პარტიას ვინ, სად და რამდენად უნდა ჩართოს, მაგრამ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილის ჩართულობის აუცილებლობა არ იკვეთება არც ახლა და არც მომავლში - მე ასეთი განცდა მაქვს იმ ფაქტების ანალიზის საფუძველზე, რაც დღეს არის ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით.

ვნახოთ, შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილმა რაღაც ფორმით მოისურვოს ჩართვა, მაგალითად, სიტყვით გამოვიდეს, განცხადება გააკეთოს და .. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ წარმართავს საარჩევნო კამპანიას ქართული ოცნების ძირითადი კონკურენტი პარტია - ლელოს და გახარიას პარტიის ალიანსი. იქიდან გამომდინარე, ვის დააყენებენ დედაქალაქსა და მსხვილ ქალაქებში კანდიდატებად, ამაზე იქნება ეს დამოკიდებული. ნამდვილად არ ველი იმას, რომ ოპოზიცია ვერ მოიპოვებს ადგილებს - ის მიიღებს ადგილებს თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, მაგრამ ველოდები, როდის დაიწყება ოპოზიციის ოფიციალური კამპანია, რომ ამ კამპანიის ფონზე, განვსაზღვროთ მათი შანსები და შედეგები, - განგვიცხადა ზაალ ანჯაფარიძემ. 

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განმარტებით, „ქართული ოცნება“ 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის აქტიურად ემზადება და დაიწყო კამპანია. ამასთან, შალვა პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციის მიზანია, ქვეყანა არიოს.

ჩვენ გვაქვს ძალიან ცხადი მიზანი, რომ ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვოთ, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებში. რაც მთავარია, ეს არის ის, რაც ხალხს სჭირდება. დღეს, რადიკალური ოპოზიცია, ისინი, ვინც მონაწილეობენ, ერთ რამეს ჰპირდება ამომრჩეველს, რომ თუკი მას მისცემენ ხმას და მანდატს, ისინი არევენ ქვეყანას, შეეცდებიან, დისკომფორტი შეუქმნან ცენტრალურ ხელისუფლებას ადგილობრივმა ხელისუფლებებმა. დისკომფორტი რით უნდა შეუქმნან? რამე უნდა გააფუჭონ, დააშავონ, გააბრაზონ და ასე შემდეგ. პირდაპირ ჰპირდებიან, რომ საბოტაჟით იქნებიან დაკავებულ, თუკი მანდატი ექნებათ. არავის მისცემთ მათ საბოტაჟისთვის ხმას. რეგიონში რომ არ დადის ეს ხალხი, ეს კიდევ ცალკე საკითხია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

Aburjga Tasmanieli ბატონო ბიძინა, არ ვიცი რამდენად ერევით ქვეყნის მართვაში, რამდენად შეინარჩუნეთ პოლიტიკური გავლენა, მაინც გთხოვთ გადააყენეთ საგარეო საქმეთა მინისტრი ბოჭორიშვილი თანამდებობიდან! რატომ დაინიშნა ყაველაშვილის ვიზიტი თურქეთში მაინცა და მაინც 12 აგვისტოს, დიდგორობის დღესასწაულზე?! შეიძლება ამ ისტორიული გამარჯვების დღეს საქართელოს პრეზიდენტი ათატურქის საფლავზე "ვენოკით" მიდიოდეს და მის ხსოვნას პატივს მიაგებდეს?! იმ ათათურქის რომელის მმართველობის პერიოდში თურქეთმა (ოსმალეთის მემკვიდრე) საქართველოს უძველესი მიწები ტაო-კლარჯეთი იქ მცხოვრებ ქართველებთან ერთად მიიტაცა და გაიფორმა? სადაც აიძულეს ქართველობა ქრისტიანობა დაეთმო და მაჰმადიანობა ეღიარებინა?! თანაც ერდოგანმა პირდაპირი ტექსტით მოთხოვა ყაველაშვილს თუქების (თურქი მესხი ბუნებაში არ არსებობს, არსებობს მესხი ანუ ქართველი და არსებობენ თურქები რომლებიც ოდესღაც მესხეთში ცხოვრობდნენ) სამხრეთ საქართელოშიჩამოსახლება!!! ამის სამარცხვინო ვიზიტის შემდეგ ბატონ ყაველაშვილს რა ავტორიტეტი უნდა ჰქონდეს?! რას ერჩოდით, რისთვის ჩადგით ამ პატიოსანი კაცის ცოდვაში ფეხი, რად უნდოდა ასეთი პრეზიდენტობა?!
32 წუთის უკან