პრემიერ - მინისტრმა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა. აღსანიშნავია, რომ დასახელებული კანდიდატების უმრავლესობა მოქმედი მერი ან მერის მოვალეობის შემსრულებელია, რაც, კობახიძის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართ, მაღალი საზოგადოებრივი ნდობით აიხსნება.
„ეს არის ჩვენი პარტიის ადგილობრივი წარმომადგენლების, ადგილობრივი ხელისუფლების ლიდერების, მერების, საკრებულოს თავმჯდომარეების, საკრებულოს წევრების, ადგილობრივი ხელისუფლების თითოეული თანამშრომლის დამსახურება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტების მერებს, რომლებიც გასული ოთხი წლის განმავლობაში, პროფესიონალიზმითა და კეთილსინდისიერებით ემსახურებოდნენ ადგილობრივ მოსახლეობას.
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ოპოზიციურ პარტიებს მერის არჩევნებში გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვთ. მათი მაქსიმუმი, კობახიძის შეფასებით, სხვადასხვა საკრებულოში დეპუტატის შეყვანა ან ფრაქციის შექმნა იქნება. ეს მდგომარეობა, პრემიერ-მინისტრის თქმით, ოპოზიციის მიერ განხორციელებული „საბოტაჟის“ შედეგია, რომელმაც ისინი დაასუსტა.
უკვე ცნობილია, რომ 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 17 პარტია მიიღებს მონაწილეობას, თუმცა ანალიტიკოსების ნაწილის აზრით, არჩევნები „ფორმალურად კონკურენტული იქნება“, რადგან პარტიების დიდ ნაწილს საზოგადოება არ იცნობს და, ფაქტობრივად, ნულოვანი რეიტინგი აქვთ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების ის წარმომადგენლები, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავენ, „თავის თავს ვნებენ და ამით უფრო მეტად დააზიანებენ საკუთარ თავს“. ფავლენიშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ ოპოზიციური პარტიები, ჯერჯერობით, ერთიან კანდიდატზე ვერ შეთანხმდნენ, რაც, მისი შეფასებით, „ივანიშვილისა და მის ბანდის მიერ წინასწარ განსაზღვრული სპეცოპერაციის“ ნაწილია.
მისი თქმით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რამდენი პარტიაც არ უნდა დაარეგისტრიროს, ეს არჩევნებს ლეგიტიმაციას ვერ მოუტანს. „მთავარია, ზოგადად, ოპოზიციურად განწყობილ ელექტორატში ვინ, რა მხარდაჭერით სარგებლობს. ვინც არის ყველაზე პოპულარული პარტია, ყველამ კარგად ვიცით, რომ ისინი არჩევნებში არ მონაწილეობენ, მათ შორის, ვიცით ისიც, რომ ელექტორატის უდიდესი ნაწილი უარყოფითად არის განწყობილი ამ სპეცოპერაციის მიმართ“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.
მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, დიდ ქალაქებში ოპოზიციამ მოახერხა გამარჯვება, ანალიტიკოსების აზრით, ახლა სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია. „ნაციონალურ მოძრაობას“ რეიტინგი განახევრებული აქვს, ხოლო არჩევნების ბოიკოტის გამო, მათი ამომრჩეველი ან იმ ოპოზიციის მხარეს გადავა, ვინც მონაწილეობას მიიღებს, ან სახლში დარჩება.
ამ ფონზე, „ქართულ ოცნებას“ ამომრჩევლის მობილიზების მეტი შანსი აქვს, როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე ადამიანური რესურსის კუთხით. ხელისუფლება აცხადებს, რომ დედაქალაქი და სხვა დიდი ქალაქები, რეგიონებთან ერთად, მათი კანდიდატების ავტორიტეტითა და პიროვნული ცნობადობიდან გამომდინარე, მოგებული იქნება.
რამდენად შეძლებს დაქსაქსული და რეგიონებში დაბალი მხარდაჭერის მქონე ოპოზიცია კონკურენტული გარემოს შექმნას? ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან საუბარში მიიჩნევს, რომ ამ კითხვის პასუხი უკვე ნათელია: ოპოზიციის უმრავლესობა ბარიერსაც კი ვერ გადალახავს. მისივე თქმით, რეგიონებსა და დიდ ქალაქებში „ოცნებას“ ახლა უფრო მეტი მხარდაჭერა აქვს, ვიდრე 2024 წლის არჩევნებზე ჰქონდა.
„ძალიან კარგად ვიცით, რა გავლენა აქვს პიროვნულ ავტორიტეტსა და ცნობადობას, განსაკუთრებით, თვითმმართველობის არჩევნებში. ასევე, ვიცით, როგორ მოქმედებს რეგიონებში ნაცნობობა, ახლობლობა და ცნობადობა. ამიტომაც გადაწყვიტა „ოცნებამ“ ზოგიერთ ქალაქში მოქმედი მერები კვლავ დაეტოვებინა. ფაქტია, რომ მათი მუშაობა მოსახლეობისთვის დამაკმაყოფილებელია და სწორედ ამ მიზეზით დასახელდნენ ისინი ისევ კანდიდატებად“, - აცხადებს საყვარელიძე.
ანალიტიკოსი იხსენებს 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს, სადაც ლევან გაჩეჩილაძემ, მიუხედავად მაღალი რეიტინგისა და საზოგადოებაში სააკაშვილის მიმართ არსებული უკმაყოფილებისა, გაყალბების გადაფარვა და ხმების მობილიზება ვერ შეძლო, რათა არჩევნებში გაემარჯვა. შემდეგ იყო 2012 წელი, როცა სააკაშვილმა უკვე ვეღარ შეძლო ივანიშვილისა და მისი გუნდის დამარცხება.
„ამიტომ, პიროვნულ ავტორიტეტსა და ცნობადობას საქართველოში დიდი გავლენა აქვს. თუკი ზოგიერთი მერი ადგილობრივ მოსახლეობაში დადებითად ხასიათდება და საქმის ადამიანად ითვლება, მას ოპოზიციური ამომრჩეველიც კი ხშირად უჭერს მხარს. ამიტომ, ოპოზიციას სიტუაცია არც ისე მარტივად აქვს“, - ამბობს საყვარელიძე.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ლელო“ და გახარია ცდილობენ „ნაციონალებისგან“ დისტანცირებას, ეს მაინც არ გამოსდით. მაგალითად, გავრცელებული ინფორმაცია, რომ თბილისის მერობის კანდიდატად მერაბ სეფაშვილის დატესტვა ხდება, ერთ მარტივ ჭეშმარიტებას აჩვენებს: ისინიც „ნაციონალების“ მხარდამჭერებსა და მომხრეებს ვერ გასცდნენ.
„საზოგადოების თვალში, სეფაშვილი მუდმივად დარჩება სააკაშვილის მომხრედ, რომელმაც მას სცენიდან „ჩემი გმირი გიწოდე“ უმღერა. ამიტომ, ძალიან სათუოა, რომ ჯერ ოპოზიციამ ასეთი კანდიდატებით თბილისი მოიგოს, შემდეგ კი - რეგიონები. იქ მით უმეტეს, ამ ოპოზიციურ ფრთას რთული სიტუაცია აქვს. ვიცით, რომ ყველაზე კარგი ინფრასტრუქტურა და ადამიანური რესურსი „ნაციონალებს“ აქვთ. მე არ ველი, რომ მათ სრულად გადაბირებას შეძლებს „ლელო“ და გახარია. შესაძლოა, ფულით მოხდეს ადგილზე ხალხის ყიდვა, მაგრამ ხელისუფლებას ბევრად მეტი რესურსის მობილიზება შეუძლია. ამიტომ, აქაც სიტუაცია რთულად აქვთ. შესაბამისად, კანდიდატების შერჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს ავტორიტეტი რეგიონებში განსაკუთრებით მოქმედებს“, - ამბობს საყვარელიძე.
რაც შეეხება დიდი ქალაქების მოგების შანსებს, საყვარელიძის აზრით, სიტუაცია 2024 წლის შემდეგ, რადიკალურად შეცვლილია.
„მაშინ ხალხმა ხმა ოპოზიციას იმიტომ კი არ მისცა, რომ მათ მხარს რეალურად უჭერდნენ, არამედ იმიტომ, რომ „ოცნებაზე“ იყვნენ განაწყენებულები და ხმა ვიღაც სხვისთვის უნდოდათ მიეცათ. ამიტომ, დღემდე ვერ გააანალიზა ოპოზიციამ დიდი ქალაქების მაშინდელი გამარჯვება რის ხარჯზე და რატომ მოხდა. ახლა კი მათი დაპირისპირებისა და არასწორი ტაქტიკის გამო, რეიტინგი კიდევ უფრო დაუვარდათ და ეს ბოლო კვლევებიდანაც კარგად ჩანს“, - აცხადებს ანალიტიკოსი.