ქართული ნავთობის ზღვა - აფერა თუ მომავალი რეალობა?

ქართული ნავთობის ზღვა - აფერა თუ მომავალი რეალობა?

1999 წლის შემოდგომაზე საქართველოს პრეზიდენტმა ტარიბანაზე ახალი ჭაბურღილის სამუშაოები საზეიმოდ გახსნა და მეორე წელს იქაური ნავთობი ფიალითაც დააჭაშნიკა.

სხვათა შორის, ეჭვები თავად ნავთობის „წარმომავლობის" თაობაზე იმთავითვე გაჩნდა, თუმცა, ამჟამად ძნელია, ზუსტად განსაზღვრო, ფიალაში მართლაც ადგილობრივი ნავთობი ესხა, თუ ჭყონიასთვის საგანგებოდ შეკვეთილი ოდნავ მუქი „კოკა-კოლა“.

ერთი სიტყვით, დაპირება შირაქის ველზე „შავი ოქროს" გრანდიოზული საბადოების შესახებ დაპირებადვე დარჩა, მიზეზი კი ისევ უცნობია. ზოგიერთი ამას ნავთობმომპოვებლებს აბრალებს, უფრო ჭკუისკოლოფები კი - თავად ტარიბანას მიწას. აბა, შევარდნაძეს ხომ არ დააბრალებენ?!

„არცთუ ისე უსიამოვნო ღრჭიალის (სტუმრები მაინცდამაინც არ შეწუხებულან) შემდეგ ტარიბანას ნავთობსაბადოზე წამომართული კოშკურიდან ამერიკული სატეხი (საბურღი მოწყობილობაა) შირაქის ძირძველ მიწას დაეხეთქა და გეზი სავარაუდო „შავი ოქროსკენ" აიღო. ჩვენი ქვეყნის „A" კატეგორიის ჩინოვნიკმა, ანუ პრეზიდენტმა მართვის ღილაკს ხელი მოაცილა და ქვემოთ შეკრებილი ხალხისკენ მოღიმარი სახით დაეშვა. ალბათ, ამიტომაც 1999 წლის 30 ნოემბრის 13 საათი და 00 წუთი კახეთის უახლეს ისტორიაში მხოლოდ ამ მოვლენითაც აღინიშნება", - წერდა „დილის გაზეთი" თავის დროზე.

სხვათა შორის, იმხანად გავრცელებული გამოთქმა - საქართველოს წიაღში ნავთობის უზარმაზარი ზღვა არისო, გარკვეულწილად, შევარდნაძესაც ეკუთვნის, რადგან იმ დღესვე უწინასწარმეტყველა მენავთობეებს მომავალი წარმატება - ჩემი თვალით ვხედავ, ჩვენს ქვეშ ნახევარი მილიარდი ბარელი ნავთობი არისო და ყველაზე ურწმუნოები 3 თვის თავზე მოიწვია, ნახეთ ჩემმა პროგნოზმა თუ არ გაამართლოსო. ერთი კი, ნახსენები 3 თვე მოსალოდნელ საპრეზიდენტო მარათონს საკმაოდ საეჭვოდ დაემთხვა, რაც შეეხება „შავ ოქროს", „ნიკო-1" (პირველ ჭაბურღილს ასე დაარქვეს) კი გაბურღეს, ნავთობიც ნახეს, მაგრამ წინასწარ ნავარაუდევი, დღე-ღამეში 150 ტონა ნავთობი ისევ არ ჩანს.

დღეს უკვე ბევრი კითხულობს, ვინ იცრუა - პრეზიდენტმა, მენავთობეებმა თუ ტარიბანამ?

ჩვენი დაინტერესება ამ თემით სხვა მიზეზმაც განაპირობა.

დედოფლისწყაროდან თბილისამდე არც ისე შორია, ხმები კი უცებ აღწევს, მათ შორის, „ფრონტერას" შირაქიდან საერთოდ წასვლაზე. რაიონში გავრცელებულ ამ ვერსიას ისიც ამაგრებს, რომ „ნიკო-1" დატოვა იტალიურმა კომპანიამ „საიპემმა", რომელიც აქ ბურღვას ახორციელებდა. გადაიდო მეორე ჭაბურღილის გახსნაც. დედოფლისწყაროელებს კი, ნავთობის ბედთან ერთად, მომავალი სამუშაო ადგილებიც აღელვებთ. „ნავთობი აქ ყოველთვის იყო. ჯერ თქვეს, „ფრონტერა" მიდისო, შემდეგ სხვას ანაცვლებენო. პოლიტიკაც ახსენეს", - ამბობენ იქაურები.

ამერიკული ნავთობკომპანია „ფრონტერა რისორსი" (სათავო ოფისი ჰიუსტონში მდებარეობს) საქართველოს ნავთობპოტენციალით სერიოზულად 1997 წელს დაინტერესდა. იმავე წლის 13 ნოემბერს ხელი მოაწერა პროდუქციის წილობრივი გადანაწილების ხელშეკრულებას სათბობენერგეტიკის სამინისტროსა და „საქნავთობთან", რის შედეგადაც მათ ერთობლივ საოპერაციო კომპანიას - „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას" XII ბლოკის ათვისების ლიცენზია გადაეცა. ეს მონაკვეთი ექვს ნავთობსაბადოს (ტარიბანა, მირზაანი, ნაზარლები, პატარა შირაქი, ბაიდა და მწარე ხევი) მოიცავს. პირველი ჭაბურღილის ღირებულება დაახლოებით 8 მილიონი დოლარით განისაზღვრა.

სხვათა შორის, ამ ბლოკის ისტორია მე-19 საუკუნის დამლევს უკავშირდება, როცა 1870 წელს ბელგიელებმა პირველი სანავთობო საქმიანობა პატარა შირაქზე წამოიწყეს. ტარიბანაზე კი ბურღვა 1930 წელს დაიწყო.

გავრცელებულ ხმებზე კომპანიიდან კომენტარის მიღება საკმაოდ ძნელი აღმოჩნდა. როგორც ირკვევა, ამისათვის გენერალური დირექტორის თანხმობა არის აუცილებელი. სანაცვლოდ, არ გაგვძნელებია ჟენევაში მყოფი ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსთან - გია ითონიშვილთან დაკავშირება, რომლის თქმით, ამჟამად ტარიბანაზე საბადოს ტესტირება მიმდინარეობს, ხოლო ადრეული საბადოებიდან მცირე რაოდენობის ნავთობს მოიპოვებენ. სხვათა შორის, დედოფლისწყაროს გამგებელი თეიმურაზ ლომაშვილი კომპანიის საქმიანობით კმაყოფილია და გავრცელებულ ხმებს უსაფუძვლოს უწოდებს. სოლიდური კაპიტალდაბანდება გაიღეს და არა მგონია, იმდენად არასერიოზულები აღმოჩნდნენ, რომ ახლა წავიდნენო, - ამბობს იგი. ტარიბანადან მობრუნებულებმა თეიმურაზ ლომაშვილს სწორედ ამ შეკითხვით მივმართეთ.

- ის, რომ თითქოს „ფრონტერა" მიდის, ნამდვილად უსაფუძვლოდ მეჩვენება და ასეც არის. ისევე, როგორც ხმები, ნავთობის არარსებობაზე. რამდენადაც ვიცი, ტარიბანაზე ნავთობი არის, ამოვიდა კიდეც, მაგრამ ქანების სირთულესა და თავად ჭაბურღილის სიღრმის (3 500 მ-მდე) გამო, რაღაც პრობლემები უსათუოდ იარსებებს. იმ ადგილას საერთოდ რთული შემცველობის ქვიშიანი ქანებია. სიღრმეში კი დედამიწის შიდა წნევები საკმაოდ სოლიდურია. ჩემი, არასპეციალისტის აზრით, ნავთობის ამოღების ტექნოლოგია არის შესარჩევი, თორემ ნავთობი რომ არის, ეს ამერიკელებს არ მოუგონიათ, საბჭოთა პერიოდშიც მოიპოვებდნენ. რამდენადაც ვიცი, ამჟამად მონაცემების კომპიუტერული დამუშავება მიმდინარეობს. წნევების განეიტრალების გზით, ნავთობს ქვიშა რომ აღარ ამოჰყვეს.

რაც შეეხება მეორე ჭაბურღილს?

- „ნიკო-1"-ის მერე მეორე ჭაბურღილის ადგილი უკვე შერჩეულია. როგორც შევიტყვე, პირველი ჭაბურღილის გაბურღვისას გამოყენებული იტალიური ფირმა „საიპენის" მომსახურება საკმაოდ ძვირი აღმოჩნდა. გადაწყვიტეს, უფრო იაფი გამოეძებნათ. გვითხრეს, რომ სამუშაოებს რამდენიმე თვეს შეაჩერებდნენ და ახალ საბურღ მოწყობილობებს მოიტანდნენ. დიდი ხანი არ არის, რაც იტალიელები წავიდნენ. ყოველ შემთხვევაში, ვიმედოვნებთ, რომ „ფრონტერა" აქ საქმიანობას კვლავაც გააგრძელებს და მათი ხელმძღვანელობისგან ვიცით, რომ ახალი ჭაბურღილების სამუშაოები წელსვე უნდა გააგრძელონ. ასე რომ, ნავთობი „ნიკო-1"-დანაც დაიწყებს დენას.

არსებობს ინფორმაცია, რომ ძველი საბადოებიდან ნავთობს ისინი უკვე მოიპოვებდნენ. თქვენი კომენტარი?

- ძველი ჭაბურღილები, როგორც წინათ მუშაობდა, ახლაც ისე მუშაობს, მართალია - მცირე დატვირთვით.

ხომ არ დაგვიზუსტებთ, რამდენი ნავთობი მოიპოვეს ან ადგილობრივ ბიუჯეტში რა თანხა შემოვიდა?

- რამდენი მოიპოვეს, ზუსტად ვერ გეტყვით, თუმცა, შარშან ნავთობის მოპოვებიდან თუ სხვა სამუშაოებიდან რაიონის ბიუჯეტმა დაახლოებით 500 ათასი ლარი მიიღო. მაისში 14 ათას ლარს მხოლოდ საშემოსავლო გადასახადიდან მივიღებთ. ამას სხვა თანხაც დაემატება. ჩვენ და მოსახლეობა, დაინტერესებული ვართ მათი მუშაობით, რადგან, კომპანია აქ არის რეგისტრირებული. ახლა ლაპარაკობენ, მიდიანო და ასე შემდეგ. ეს ჭორებია, რასაც ათასი ავის მოსურნე ავრცელებს, არადა, ისინი სამუშაოების გაგრძელებას ჩვეულებრივად აპირებენ, რადგან, როგორც ვიცი, ამ საქმეში სოლიდური თანხა გაიღეს. ამ ფულს ხომ არ გადაყრიან?

როგორც ირკვევა, მხოლოდ ფრონტერა ისტერნ ჯორჯიამ" საქართველოს 200-მდე მოქალაქე დაასაქმა. როგორ აისახა ეს დედოფლისწყაროს რაიონზე?

- მუშა-მოსამსახურეთაგან 80 პროცენტი ადგილობრივი იყო. ჩვენ, მათ შორის, რაიონის ახალგაზრდობამ, ამ პირობის დაცვა კატეგორიულად მოვთხოვეთ. გარდა ამისა, უცხოელები აქაურ ოჯახებში ცხოვრობდნენ.

ამბობენ, რომ რაიონის მოსახლეობიდან ზოგიერთს სახნავი თუ საძოვარი მიწების დაკარგვა სერიოზულად აღელვებდა. ამჟამად როგორია ვითარება?

- სხვათა შორის, კომპანიას ამ მხრივ, არ ვემდურით. რაც შეეხება ტარიბანას ველს, იქ მართლაც არის რაიონის სახნავი მიწები და ზამთრის საძოვრები. თუმცა, როგორც პირველი, ისე სამომავლო ჭაბურღილი, ამ მხრივ, ხელს არ შეგვიშლის, რადგან მათთვის მხოლოდ რამდენიმე ათეული კვადრატული მეტრი არის საჭირო. თანაც, ამ მიწით სარგებლობისთვის ფულს იხდიან.

ჯერ კიდევ ტარიბანაზე წასვლამდე შევიტყვეთ, რომ რამდენიმე დღეში კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას კახეთის გუბერნატორი ბიძინა სონღულაშვილი გეგმავს. რა გადაწყდება ამ შეხვედრისას და როგორ განვითარდება მოვლენები, ამას, ალბათ, მომავალში შევიტყობთ.