სამხრეთ კავკასიაში დაძაბულობის ახალი კერა ჩნდება. ირანი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ვაშინგტონში, აშშ-ის შუამავლობით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ხელმოწერილ შეთანხმებას ე.წ. „ტრამპის დერეფნის“ შექმნის შესახებ. დერეფანი, რომელსაც ოფიციალურად „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ ეწოდება, 8 აგვისტოს გაფორმებული შეთანხმების ძირითადი ელემენტია და ის აზერბაიჯანს, მის ანკლავ ნახიჩევანთან დააკავშირებს. შეთანხმების მიხედვით, აშშ იღებს ამ სატრანსპორტო არტერიის განვითარების უფლებას. ირანის უზენაესი ლიდერის მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში, ალი აკბარ ველაიათიმ სააგენტო „ტასნიმთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ პროექტის განხორციელება „შეუძლებელია და არ შედგება“, ეს ტერიტორია კი „ტრამპის დაქირავებული მეომრების სასაფლაოდ გადაიქცევა“. მისი თქმით, ასეთი დერეფანი საფრთხეს უქმნის სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებას.
ველაიათიმ დერეფანს „პოლიტიკური შეთქმულება“ უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ თეირანი მრავალი წელია ეწინააღმდეგება ე.წ. ზანგეზურის დერეფნის შექმნას. ირანის წუხილი რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული:
თეირანი შიშობს, რომ დერეფნის შექმნით, ირანი მოწყვეტილი იქნება სომხეთსა და კავკასიის დანარჩენ ნაწილს. ეს კი მნიშვნელოვნად შეზღუდავს მის რეგიონულ წვდომასა და გავლენას.
ირანის კიდევ ერთი მთავარი შეშფოთება დაკავშირებულია მის საზღვრებთან ახლოს, უცხოური სამხედრო ძალების გაჩენასთან, განსაკუთრებით, ამერიკული კომპანიების მონაწილეობის ფონზე. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „რეგიონში ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერ უცხოურ ყოფნას შეიძლება უარყოფითი შედეგები მოჰყვეს მშვიდობისა და სტაბილურობისთვის“, - ამბობს ის.
ირანი ამტკიცებს, რომ დერეფნის პროექტი საზღვრების შეცვლას გულისხმობს, რაც მათთვის მიუღებელია.
ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ ირანი მხარს უჭერს ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებით შეთანხმების განხორციელებას, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ დაარღვევს რეგიონის სახელმწიფოების ტერიტორიულ მთლიანობას.
„თეირანის მოთხოვნები დაკმაყოფილდა შეთანხმების ხელმოწერისას, რაც გულისხმობს „ტერიტორიული მთლიანობის ჩარჩოს“ და „ევროპისკენ ან ჩრდილოეთისკენ ჩვენი გზის არდაბლოკვას“. თუმცა, ამ პროექტში სომხურ და ამერიკულ კომპანიას სურს ამ გზის მშენებლობა. ეს კი პრობლემაა“, - ამბობს ირანის პრეზიდენტი.
ირანის უზენაესი ლიდერის მრჩეველი ველაიათი აცხადებს, რომ „ირანი იმოქმედებს სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების შესაბამისად, რუსეთთან ერთად, თუ მის გარეშე.
„ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთიც სტრატეგიულად ეწინააღმდეგება ამ დერეფანს“, - ამბობს ის.
ანალიტიკოსები ეჭვობენ, რომ შესაძლოა, ირანმა და რუსეთმა მიმართონ დიპლომატიურ ზეწოლას, რათა შეაჩერონ პროექტის განხორციელება. თეირანი უკვე მიანიშნებს შესაძლო „მაქსიმალური ძალისმიერი მეთოდების“ გამოყენებაზე და იხსენებს ჩატარებული სამხედრო წვრთნების სერიას, რაც მიანიშნებს მზადყოფნაზე, დაიცვას თავისი ინტერესები. რუსეთს კი აქვს ბერკეტები სომხეთში, რაც შეიძლება გამოიყენოს პროექტის ჩასაშლელად.
ფაქტი კი ისაა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმება ითვალისწინებს რკინიგზის ხაზის, ნავთობისა და გაზის მილსადენების, ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკომუნიკაციო სისტემების შექმნას სომხეთის ტერიტორიის 32-კილომეტრიან მონაკვეთზე, რომელიც აზერბაიჯანსა და ნახიჩევანს ჰყოფს. ბაქოსა და ერევნის მიერ ამ სატრანსპორტო დერეფნის შექმნაზე შეთანხმების შეუძლებლობა ერთადერთი სერიოზული დაბრკოლება იყო სამშვიდობო ხელშეკრულების დადების გზაზე.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ამერიკის ინტერესი ამ დერეფნის განვითარებაში, სავარაუდოდ, რეგიონში ეკონომიკური კავშირების გაღრმავებასა და საკუთარი გავლენის გაძლიერებას გულისხმობს, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ირანისა და რუსეთის ეროვნულ ინტერესებს. ამერიკისთვის ეს დერეფანი, სავარაუდოდ, საშუალებაა, შეამციროს რუსეთის გავლენა სამხრეთ კავკასიაში და შექმნას ახალი ლოგისტიკური კორიდორები, რაც მომგებიანი იქნება მისი მოკავშირეებისთვის.
თუმცა, მიუხედავად ხელმოწერილი შეთანხმებებისა, ირანისა და რუსეთის კატეგორიული წინააღმდეგობის ფონზე, „ტრამპის დერეფნის“ რეალური პერსპექტივა და ფუნქციონირება მომავალში დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. თუ ირანი და რუსეთი გადაწყვეტენ გააძლიერონ თავიანთი წინააღმდეგობა, რეგიონში ესკალაციის რისკი მნიშვნელოვნად გაიზრდება, რაც შეიძლება მოიცავდეს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და, შესაძლოა, სამხედრო დაპირისპირებასაც.
ჟურნალ „არსენალის“ მთავარმა რედაქტორმა, ირაკლი ალადაშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ 42-კილომეტრიანი ზანგეზურის სატრანსპორტო დერეფანი, რომელმაც უკვე მიიღო არაოფიციალური სახელწოდება „ტრამპის დერეფანი“, სომხეთის სიუნიკის რაიონზე გავლით, აზერბაიჯანს თავის ანკლავ ნახიჩევანს დააკავშირებს, ხოლო ირანის ხელისუფლების კატეგორიული წინააღმდეგობა ამ დერეფნის მიმართ, რამდენიმე მიზეზით არის გამოწვეული.
„ნუ, ირანი რომ შეშფოთებას გამოხატავდა და სიხარულით არ შეხვდებოდა ამ პროქტს, ფაქტი იყო. ირანის წინააღმდეგობის პირველი მიზეზი უკავშირდება იმ ფაქტს, რომ „ტრამპის დერეფანი“, რომელიც დასავლეთიდან აღმოსავლეთით აზერბაიჯანსა და ნახიჩევანს შორის გაივლის, გადაკვეთს ირანიდან სომხეთში მიმავალ სამხრეთ-ჩრდილოეთის გზას. ეს ადრე თუ გვიან დიდ პრობლემებს გამოიწვევს ირანისთვის, თუკი დერეფნის ფუნქციონირება და უსაფრთხოების დაცვა მართლაც ამერიკულ ფირმებს ჩაბარდებათ 99 წლის ვადით. წარმოიდგინეთ, რა სახის უსაფრთხოების კონტროლზე შესაძლოა იყოს საუბარი და როგორ ახლოს იქნებიან ამერიკული სამხედრო დანაყოფები ირანთან“, - ამბობს ალადაშვილი.
მეორე მიზეზად ალადაშვილი ასახელებს იმას, რომ „ტრამპის დერეფანი“ მხოლოდ აზერბაიჯანს როდი შეაერთებს მის ანკლავ ნახიჩევანთან. როგორც მან განმარტა, ნახიჩევანამდე, თურქეთიდან სულ რაღაც სამიოდე კილომეტრის სიგანის დერეფანი მიდის სომხეთ-ირანის საზღვრებს შორის.
„ამიტომ, თუკი „ტრამპის დერეფანი“ გაიხსნება, შესაბამისად, ამოქმედდება თურქეთიდან პირდაპირი კავშირი მის მოძმე აზერბაიჯანამდე და შემდგომ კი ცენტრალური აზიის თურქულენოვან, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებამდე (პირველ რიგში, იგულისხმება თურქმენეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი). ეს კი თურქეთის პრეზიდენტის, ერდოღანის მთავარი მიზანია - თავის სიცოცხლეშივე მოასწროს „დიდი ოსმალეთის იმპერიის“ აღდგენის დაწყება, რაც, ბუნებრივია, არანაირად არ აწყობთ თეირანში, რომელსაც ასევე მოსვენებას არ აძლევს „დიდი სპარსეთის“ ისტორიული მოგონებები“, - აღნიშნა ალადაშვილმა.
მესამე მიზეზის მიხედვით კი, ალადაშვილის აზრით, ირანის დღევანდელი ხელისუფლება ძალიან უფრთხის, რომ ტრამპის ამერიკასთან, აზერბაიჯანისა და სომხეთის ასეთი დაახლოების შემდეგ, არ გამოირიცხება ამერიკული სამხედრო ბაზების გამოჩენა ირანის უშუალო მეზობელ, ამ ქვეყნების ტერიტორიებზე. ეს კი, ალადაშვილის აზრით, ირანს გაუჩენს ისრაელ-ამერიკის ერთობლივი ძალებით, ჩრდილოეთის მხრიდან, სამხრეთ კავკასიიდან სავარაუდო შეტევების საფრთხესაც.
„რა თქმა უნდა, ყველამ კარგად იცის, რომ ამ ვადით რეგიონში ამერიკის შემოსვლა, პირველ რიგში, ირანის ინტერესებს აზიანებს და ის ყველაზე მეტად განიცდის ამ უსაფრთხოების საკითხს. თუმცა, დაბომბვას გაბედავს და პირდაპირ კონფრონტაციაზე წავა აშშ-თან, ამას არ ველი. თუმცა, რუსეთთან ერთად, გარკვეულ მცდელობებს ექნება ადგილი. რაც შეეხება რუსეთის რეაქციას, ის ჯერ მოზომილია და არ შეიცავს ირანის მსგავს, ღია მუქარებს, მაგრამ არ ველი, რომ დიდი ხანი ასე ჩუმად იქნებიან.
მართალია, პუტინი თავად იყო ერთ-ერთი ინიციატორი ზანგეზურის დერეფნის ამოქმედებისა, რათა რუსული ტვირთების ტრანზიტი განეხორციელებინა აზერბაიჯანის რკინიგზის საშუალებით, თურქეთის ხმელთაშუა ზღვის პორტებისკენ. ოღონდ, კრემლის მოთხოვნით, ზანგეზურის დერეფნის კონტროლი აუცილებლად უნდა ჩაბარებოდა სომხეთში ოფიციალურად მოქმედ რუს მესაზღვრეებს, რომლებიც რუსეთის „ეფ ეს ბე“-ს ექვემდებარებიან“, - ამბობს ალადაშვილი.
მან ასევე დაამატა, რომ „ტრამპის დერეფანში“ რუს მესაზღვრეებსა და „ეფ ეს ბე“-ს წარმომადგენლებს არავინ ელოდება და არც არავინ მიიწვევს მათ.
„შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ადრე თუ გვიან, მოსკოვიც, თეირანის არ იყოს, „ტრამპის დერეფნის“ ამოქმედების წინააღმდეგი წავა. პირველ რიგში კი, სომხეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობით, რათა ფაშინიანის უკვე პროდასავლური მთავრობა, ისევ რუსეთის მარიონეტი „ქოჩარიანებით“ ჩაანაცვლოს, რაც „ტრამპის დერეფნის“ ამოქმედებას არარეალურს გახდის“, - დაასკვნა ირაკლი ალადაშვილმა.