„გავიხსენოთ ტრამპის კიდევ ერთი განცხადება, ანუ მესიჯი - „მოხდება ტერიტორიების გაცვლა“

„გავიხსენოთ ტრამპის კიდევ ერთი განცხადება, ანუ მესიჯი - „მოხდება ტერიტორიების გაცვლა“

დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 15 აგვისტოს, ალასკაზე გაიმართება. ადგილზე იქნება ვოლოდიმირ ზელენსკი, მაგრამ ლიდერების შეხვედრას შორიდან დააკვირდება. აშშ-ის პრეზიდენტი ფიქრობს, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა კარგია, მაგრამ შეიძლება ცუდი შედეგიც მოჰყვეს. უკვე ცნობილია, რომ რუს კოლეგასთან შეხვედრამდე, ევროპელ ლიდერებსა და ზელენსკის გაესაუბრება. შემდეგი ეტაპი იქნება ტრამპი-ზელენსკი-პუტინის შეხვედრა, სადაც ხელი მოეწერება რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებას. მიაღწევენ თუ არა შეთხმებას, ამ საკითხებთან დაკავშირებით, for.ge უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტს, დავით კუხალაშვილს ესაუბრა.

 - „ვლადიმერ პუტინს ვეტყვი, რომ ომი უნდა დაასრულოს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. ბატონო დავით, რა მოხდება ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე, რომელსაც მთელი მსოფლიო ელოდება?

დავით კუხალაშვილი: - იმ მნიშვნელოვან შეხვედრას, რომელსაც ჩვენ ველოდებით, რა თქმა უნდა, წინ უსწრებდა ფარულ შეხვედრათა და მოლაპარაკებათა მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელშიც ძალიან აქტიურად არიან ჩართულნი, როგორც დიპლომატიური კორპუსი, ასევე სადაზვერვო სამსახურები. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს არის გარკვეული პიკი კონკრეტული გადაწყვეტილებებისა, რომელიც უკვე მიღებული უნდა იქნას პუტინისა და ტრამპის შეხვედრაზე.

შემოგთავაზებთ ორ მესიჯს, რომელიც ღია წყაროებში გააჟღერა ტრამპმა. პირველი - როგორც მან განაცხადა, პუტინი შეპირდა, რომ ნატო-ში შემავალი ქვეყნების საზღვარზე არ შეიჭრებოდა და არ მოახდენდა აგრესიულ ქმედებებს. თუ ამ მესიჯს კარგად გავაანალიზებთ, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება მიგვანიშნებს იმას, რომ რუსეთის ფედერაციის სტრატეგიულ ინტერესებში, შესაძლოა, შედიოდეს ე.წ. შურისძიების აქტი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია, რომ სამიზნე ობიექტებად იკვეთებოდნენ ის ევროპული სახელმწიფოები, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში.

ამიტომ, ჩვენთან არსებობს საზოგადოება, რომელიც ძალიან დიდ უპირატესობას ანიჭებს აშშ-ს, არსებობს ნაწილი, რომელიც პირიქით, უპირატესობას რუსეთის ფედერაციას ანიჭებს. მე, მაინც ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში, ჩვენ ზომიერებით უნდა ვიყოთ გამორჩეულნი. უპირატესობა რომ არ ჰქონდეს რომელიმე სახელმწიფოს, ისინი ერთმანეთთან არ დასხდებოდნენ მოლაპარაკების მაგიდაზე. მათ აქვთ მნიშვნელოვანი ბერკეტები, რომლის მეშვეობითაც გადაწყვეტენ საკუთარ სტრატეგიულ ინტერესებს. საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა იცის, რომ აშშ-ს აქვს მნიშვნელოვანი ეკონომიკური კრიზისის ფაზა. ტრამპმა უნდა დაძლიოს ეს ფაზა, წინააღმდეგ შემთხვევაში, რა შედეგებს მოიტანს აშშ-სათვის, ჯერჯერობით, ამის თქმისაგან თავს შევიკავებ, მაგრამ ყველაფერი ცუდი შეიძლება ვიფიქროთ, თუ ეს კრიზისი არ იქნა დაძლეული.

- როგორ ცდილობს ტრამპი ამ კრიზისის დაძლევას?

- რა თქმა უნდა, უცხო ქვეყნების სიმდიდრეების ხარჯზე. აქიდან გამომდინარე, არსებობს სხვადასხვა ტიპის სტრატეგიული ინტერესები, რომელიც აუცილებლად გადაწყდება რუსეთის ფედერაციისა და აშშ-ის ინტერესების სასაგებლოდ. იმიტომ, რომ ძირითადი ობიექტები, რომლებიც საბოლოო ჯამში მოახდენენ სხვადასხვა პროცესების გაშლას, იქნებიან აშშ და რუსეთის ფედერაცია. გავიხსენოთ ტრამპის კიდევ ერთი განცხადება, ანუ მესიჯი - „მოხდება ტერიტორიების გაცვლა“.

- რას ნიშნავს ტერმინი - „ტერიტორიების გაცვლა“? ნიშანდობლივია ისიც, რომ ალასკაში ჩავა უკრაინის პრეზიდენტი, მაგრამ შორიდან დააკვირდება ორი ლიდერის შეხვედრას.

- ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ უკრაინის ხელისუფლება არის იარაღი კოლექტიური დასავლეთის ხელში და შესაბამისად, სასწორის პრინციპიდან გამომდინარე, შეხვედრის ორივე ნაწილი არის იმ სასწორის ძირითადი ნაწილი. ამიტომ, ის, რომ ტერიტორიები უნდა გაცვალონ, ნიშნავს, რომ შეხვედრამდე ფარული მოლაპარაკებები, როგორც დიპლომატიური კორპუსის, ასევე სადაზვერვო სამსახურების მხრიდან ხორციელდებოდა. რა თქმა უნდა, ეს არის იმის შედეგი, რაც განაცხადა ტრამპმა. ეს კი, ნიშნავს, რომ რეალურად, არაფერს დაკარგავს რუსეთის ფედერაცია და აშშ.

ამ შემთხვევაში, როგორც ეტყობა, მათი სტრატეგიული ინტერესები ემთხვევა ერთმანეთს. რუსეთს აქვს თავისი პრობლემა, რომელიც უნდა მოგვარდეს და აშშ-ს აქვს თავისი პრობლემა, რომელიც ასევე უნდა მოგვარდეს. შესაძლებელია, რომ მიმართულების მიხედვით, ეს პრობლემები სხვადასხვაა, მაგრამ ამ მიმართულებების მოგვარება ამ ორი სახელმწიფოსთვის განსაკუთრებულია. რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს, ერთ-ერთი ძირითადი პროდუქტი ამ განაწილების სისტემისა იქნება უკრაინა, მაგრამ ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში, მხოლოდ უკრაინა არ იქნება გადანაწილების პროდუქტი.

- რას გულისხმობთ?

- ღია წყაროებში გამოქვეყნებული ინფორმაციების ანალიზი აჩვენებს, რომ რუსეთში არის ასეთი განწყობა, თითქოს, რუსეთს არ სურს შექმნას ახალი საბჭოთა კავშირი. ძალიან კარგად მესმის, რატომ აკეთებს ამას რუსეთის ფედერაცია. რუსეთის ინტერესებშია, პოსტსაბჭოთა სივრცეზე მას არ ჰყავდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც დააზიანებს რუსეთის ფედერაციას. ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში, დღის სინათლეზე გამოჩნდებიან ის ძირითადი ავტორები, რომლებიც გადაწყვეტენ მსოფლიოს ბედს გადანაწილების პროცესში.

ან, შესაძლებელია, ეს იყოს დასასრულის მნიშვნელოვანი დასაწყისი მსოფლიოს ახალი გადაწილების კუთხით. ამიტომ, ჯერ წინ არის მნიშვნელოვანი მოვლენები. ამ შეხვედრიდან გამომდინარე, ინფორმაციის მიღება იქნება ძალიან მწირი. იქნება ის ინფორმაცია, რომელსაც გადმოსცემენ პრეზიდენტები, მაგრამ გარკვეული ანალიზის საფუძველი გვექნება. ვწუხვარ, ყველა იმ ხელისუფალის მიმართ, რომელიც საკუთარ ქვეყანას სამიზნედ აქცევს იმისთვის, რომ აღასრულოს უცხო ქვეყნის ინტერესები.

მიიღოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებელი, შეიქმნას ძალიან დიდი ქონება და სანაცვლოდ, ჩამოაქციოს საკუთარი ქვეყანა. იმ შემთხვევაში, თუ ამ შეხვედრაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ სამიზნე ობიექტი, ქვეყნის პირველი პირი და ზოგადად, ხელისუფლების პირველი პირები გაყვანილნი იქნებიან უცხო ქვეყანაში, ეს  იქნება კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ უკრაინის ხელისუფლება წარმოადგენს უცხო ქვეყნის სადაზვერვო ინსტრუმენტს. ასეთი ფაქტები ძალიან ბევრი გვაქვს მსოფლიო ისტორიაში და არც ახლა გაგვიკვირდეს, რომ ასე მოხდეს. თუმცა, ყველაზე ძვირფასი, რაც უკრაინამ დაკარგა, ეს არის ძალიან დიდი რაოდენობით ადამიანების სიცოცხლე, რომლის ანაზღაურება შეუძლებელია.

- ყველა შეხვედრას, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებას ეხება, თან სდევს ახალი პროვოკაციები. ბოლო შეხვედრა, რომელიც შედგა თურქეთში, აშშ-ის ხელმძღვანელობით, თითქოს, გაჩნდა მოლოდინი, რომ მხარეები ახლოს იყვნენ გადაწყვეტილების მიღებასთან, მაგრამ ვნახეთ, რაც მოხდა, რამაც გამოიწვია რუსეთის ახალი აგრესია. დღეს, როდესაც ვხედავთ, რომ არიან ქვეყნები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ომის გაგრძელებით, რამდენად უნდა ველოდოთ ახალ პროვოკაციებს, რომლის მიზანი იქნება ამ შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმების ჩაშლა?

- საკითხები უკვე განხილულია და დალაგებულია. პრაქტიკულად, ეს არის დასკვნითი ფაზა და ვფიქრობ, რომ ყველა ტიპის პროვოკაცია, რაც შეიძლება მომხდარიყო, უკვე მოხდა და ეს იყო იარაღის ენით საუბარი და ის, კონკრეტული ქმედებები, რაც განხორციელდა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, ეს იყო ძალის დემონსტრირება გარკვეული მოთხოვნით. ამიტომ, ცალკე რუსეთ-უკრაინის ომის განხილვით, შეცდომაში შევალთ. ჩვენ ვსაუბრობთ მსოფლიოს ახალ გადანაწილებაზე, ვნახოთ, რა მოხდება პარასკევს.