ვლადიმერ პუტინსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ, სადაც ვაშინგტონში გამართული შეხვედრა და ალასკაში დაგეგმილი მოლაპარაკებები განიხილეს, სამხრეთ კავკასიაში გეოპოლიტიკური ლანდშაფტის მნიშვნელოვანი ცვლილებები იკვეთება. განსაკუთრებით საინტერესოა ზანგეზურის კორიდორის საკითხი, რომელზეც ამერიკული კომპანია მოიპოვებს ექსკლუზიურ უფლებას, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ამ მარშრუტზე კონტროლის პრეტენზიები ჰქონდა. ხომ არ ნიშნავს ეს მოვლენები რუსეთის სამხრეთ კავკასიიდან განდევნას, მით უმეტეს, რომ მოსკოვი თავად ცდილობდა დერეფნის ამუშავებას?
რუსეთის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფაშინიანმა პუტინს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ვაშინგტონში, 8 აგვისტოს გამართული შეხვედრის შედეგების შესახებ. კრემლმა ხაზი გაუსვა ერევანსა და ბაქოს შორის მშვიდობის შენარჩუნების მნიშვნელობას და მოსკოვის მზადყოფნას, ხელი შეუწყოს ურთიერთობების ნორმალიზებას 2020-2022 წლების სამმხრივი შეთანხმებების ფარგლებში. თუმცა, ზანგეზურის კორიდორთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც აშშ-ს სამხრეთ კავკასიაში კრიტიკულად მნიშვნელოვანი სატრანზიტო მარშრუტის განვითარებისთვის ექსკლუზიური უფლება ეძლევა, რუსეთისთვის სერიოზულ გეოეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ კორექტივებს ნიშნავს.
ანალიტიკოსი მირიან მირიანაშვილი ამბობს, რომ წლების განმავლობაში, რუსეთი ცდილობდა, აზერბაიჯანს, სომხეთსა და თურქეთს შორის პრობლემები მოეგვარებინა და შემდეგ მონაწილეობა მიეღო ზანგეზურის კორიდორის მონიტორინგში. თუმცა, ანალიტიკოსი for.ge-თან ამბობს, რომ ამავე პერიოდში, რუსეთს არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ დაინტერესებულ ქვეყნებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონოდათ.
„შედეგად, ვიღებთ სურათს, სადაც სომხეთ-ირანის საზღვრის მონაკვეთზე, რომელსაც სსრკ-ს დაშლამდე ჯერ საბჭოთა კავშირი, ხოლო შემდეგ რუსეთი აკონტროლებდა, ახლა ამერიკელები განახორციელებენ კონტროლს. ეს უდავოდ ასუსტებს რუსეთის პოზიციებს რეგიონში და ახალი, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი დერეფნის გაჩენას განაპირობებს.
კრემლი ამ ეტაპზე მკვეთრ განცხადებებს არ აკეთებს, რაც ბადებს კითხვებს: ერთი რამ ცხადია, რუსეთისთვის ეს მნიშვნელოვანი მარცხია, ვინაიდან იგი კარგავს გავლენას კრიტიკულად მნიშვნელოვან სატრანზიტო მარშრუტზე, რომელიც აკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს. ეს შეიძლება იყოს ნიშანი იმისა, რომ მოსკოვი, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, იძულებულია გარკვეულ დათმობებზე წავიდეს სხვა რეგიონებში.
მოსალოდნელია, რომ ზანგეზურის დერეფნის ამერიკული კონტროლის ქვეშ მოქცევა სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკურ ბალანსს მნიშვნელოვნად შეცვლის. ამერიკული მხარის ყოფნა რეგიონში გაიზრდება, რაც, თავის მხრივ, შესაძლოა, რუსეთის შემდგომი გაღიზიანების მიზეზი გახდეს. მიუხედავად იმისა, რომ კრემლი დუმს, სავარაუდოა, რომ რუსეთი შეეცდება ამ კორიდორის ფუნქციონირებას ხელოვნურად შეუშალოს ხელი, მაგალითად, რეგიონული დაძაბულობის ესკალაციის გზით, ან სომხეთსა და აზერბაიჯანზე ზეწოლის გაძლიერებით. თუმცა, აშშ-ს მონაწილეობა პროექტში მნიშვნელოვნად გაართულებს რუსეთის ასეთ მცდელობებს“, - ამბობს ანალიტიკოსი.
მირიანაშვილი მიიჩნევს, რომ სამხრეთ კავკასიაში ახალი რეალობა ყალიბდება, სადაც რუსეთის გავლენა მცირდება, ხოლო დასავლეთის, კერძოდ კი აშშ-ის, როლი იზრდება. მისი თქმით, ეს პროცესი, შესაძლოა, რეგიონის ქვეყნებისთვის ახალ შესაძლებლობებსაც ქმნიდეს, ვინაიდან მათ ექნებათ ალტერნატიული პარტნიორი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად.
„თუმცა, ამავე დროს, გაიზრდება რისკი რეგიონში გეოპოლიტიკური დაძაბულობის ესკალაციისა, ვინაიდან რუსეთი, სავარაუდოდ, არ შეეგუება გავლენის დაკარგვას საკუთარ „ახლო საზღვარგარეთში“.
როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში და შეძლებს თუ არა რუსეთი თავისი გავლენის შენარჩუნებას სამხრეთ კავკასიაში, ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებული მოვლენების ფონზე, ამას ნელ- ნელა დავინახავთ. ფაქტია, რომ რუსული გავლენების სრული ამოშანთვა მიმდინარეობს, რუსული მემკვიდრეობისთვის დავა მიდის. როდესაც თურქეთი ცდილობდა ფაშინიანისა და ალიევის დახმარებით, რუსეთი ზანგეზურის კორიდორიდან გაეძევებინა, იქ საკუთარი ბლოკპოსტის ჩადგმა ჰქონდა გათვლილი. გამოვიდა, რომ ამერიკამ რუსეთი თურქეთის ხელით გააგდო, ბოლოს კი თავიდან ერდოღანიც მოიშორა. რა თქმა უნდა, თურქეთის პოლიტიკური ელიტა და ერდოღანი ძალიან განაწყენებულნი არიან, მაგრამ ალიევს ამ სიტუაციიდან თავის დაძვრენის არანაირი შანსი არა აქვს“, - ამბობს ანალიტიკოსი.
მისივე თქმით, ფაქტი მხოლოდ ერთია, რომ რუსეთის საფუძვლებს პოსტსაბჭოთა სივრცეში ზანგეზურის დერეფანი სრულად ანგრევს.
„მგონია, სომხების შიდა სტაბილურობა ამერიკელების რეგიონში ყოფნის პარალელურად, გარანტირებულია. რა თქმა უნდა, რუსეთი ეცდება და ეს მისი ჩვეული ხელწერაა, რომ სომხეთში ხელის ფათური დაიწყოს და შიდა დაპირისპირება, რომელიც არსებობს სომხეთში, კიდევ უფორ გაამწვავოს. თუმცა, ეს ხომ ამერიკამაც იცის, ამიტომ მე არ ველი, რომ კრემლი ასეთი თავისუფალი იქნება მოქმედებებში“, - ამბობს ანალიტიკოსი.