„ტრამპის „ზანგეზურის პროექტის“ გამოცხადება საქართველოს „გეო-სტრატეგიულ მარცხად“ ოიკოფობიური სიყეყეჩის დემონსტრირებაა“

„ტრამპის „ზანგეზურის პროექტის“ გამოცხადება საქართველოს „გეო-სტრატეგიულ მარცხად“ ოიკოფობიური სიყეყეჩის დემონსტრირებაა“

„ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ -  შეთანხმება ხელმოწერილია. აშშ-ის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, მხარეები ვალდებულებას იღებენ, სამუდამოდ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები, დაიწყონ სავაჭრო, დიპლომატიური ურთიერთობები, მოგზაურობა და პატივი სცენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. რაც შეეხება დეკლარაციას - „ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“, რაც განსაკუთრებული სატრანზიტო სივრცეა, საშუალებას მისცემს აზერბაიჯანს, წვდომა ჰქონდეს ნახიჩევანის რეგიონზე და ამავდროულად, სრულად სცემს პატივს სომხეთის სუვერენიტეტს.

ამ დერეფნის განსავითარებლად, თავის მხრივ, სომხეთიც ექსკლუზიურ პარტნიორობას ქმნის აშშ-სთან, რაც შესაძლოა, 99 წლამდე გახანგრძლივდეს. დაანონსდა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული განვითარება ამერიკული კომპანიების მიერ. დამატებით, აშშ ხელს აწერს ორმხრივ შეთანხმებებს ორივე ქვეყანასთან, რათა თანამშრომლობა გააფართოვოს ენერგეტიკით ვაჭრობასა და ტექნოლოგიებში, მათ შორის, ხელოვნურ ინტელექტში.

სამხრივი შეთანხმების შემდეგ, ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მოიხსნა შეზღუდვები თავდაცვით თანამშრომლობაზე აზერბაიჯანსა და აშშ-ს შორის. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან თავდაცვით სფეროში თანამშრომლობაზე აშშ-ის შეზღუდვები 1992 წლიდან არსებობდა. თეთრ სახლში ხელმოწერილი დეკლარაცია ცვლის სამხრეთ კავკასიის მნიშვნელობას. მხარეებს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძის შეფასებით, საქართველო ყოველთვის იდგა რეგიონში მშვიდობისა და თანამშრომლობის მხარეს და მომავალშიც მტკიცედ განაგრძობს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერას.

„საქართველო მიესალმება ამ ისტორიულ მომენტს სომხეთის, აზერბაიჯანის, რეგიონისა და მთელი მსოფლიოსთვის. ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების, აზერბაიჯანის პრეზიდენტებსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს ამ წარმატებას, ისტორიული მშვიდობის შეთანხმების მიღწევას და რეგიონში სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების ახალი ეპოქის დაწყებას! საქართველო ყოველთვის იდგა რეგიონში მშვიდობისა და თანამშრომლობის მხარეს და მომავალშიც გააგრძელებს მის მტკიცე მხარდაჭერას“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

8 აგვისტოს, ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებას საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ისტორიული შეთანხმება წარმოადგენს სამხრეთ კავკასიის რეგიონის მდგრადი მშვიდობის დამყარებისკენ გადადგმულ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს და გზას უხსნის რეგიონის გრძელვადიანი და სტაბილური განვითარების ახალ შესაძლებლობებს.

„საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს რეგიონში მშვიდობის განმტკიცებას და თანამშრომლობის გაძლიერებას, რაც მიმართული იქნება სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილურობისა და კეთილდღობისკენ. განსაკუთრებით მივესალმებით სამხრეთ კავკასიაში, ათწლეულების განმავლობაში გაჭიანურებული კონფლიქტის დასრულების პროცესში, ამერიკის შეერთებული შტატებისა და პირადად პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გამორჩეულ წვლილს და ძალისხმევას. იმედს გამოვთქვამთ, რომ ამ ისტორიულ მოვლენას ჯაჭვური რეაქციის ეფექტი ექნება შავი ზღვის რეგიონსა და მთლიანად მსოფლიოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების თვალსაზრისით“, - ნათქვამია ქვეყნის დიპლომატიური უწყების განცხადებაში.

სამხრეთ კავკასიაში ამერიკის შემოსვლა პრობლემურია და არ მიესალმება რუსეთი. რუსეთის დიპლომატიური უწყების ოფიციალური წარმომადგენლი, მარია ზახაროვა აცხადებს, რომ სამხრეთ კავკასიის პრობლემების გადაჭრის ოპტიმალური ვარიანტია იმ გადაწყვეტილებების ძიება და განხორციელება, რომლებსაც რეგიონის ქვეყნები შეიმუშავებენ თავიანთი უშუალო მეზობლების - რუსეთის, ირანისა და თურქეთის მხარდაჭერით. მისი თქმით, რეგიონგარეშე მოთამაშეების ჩართულობა უნდა ემსახურებოდეს სამშვიდობო დღის წესრიგის გაძლიერებას და არა დამატებითი სირთულეებისა და გამყოფი ხაზების შექმნას.

„რეგიონგარეშე მოთამაშეების ჩართულობა უნდა ემსახურებოდეს სამშვიდობო დღის წესრიგის გაძლიერებას და არა დამატებითი სირთულეებისა და გამყოფი ხაზების შექმნას.  ჩვენ გვსურს, თავიდან ავიცილოთ დასავლეთის დახმარების სამწუხარო გამოცდილება ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტების მოგვარებაში. სამხრეთ კავკასიიდან, მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ყოფნა სომხეთში, რომლის საქმიანობაც მუდმივად იწვევს გაღიზიანებას სხვა რეგიონულ მოთამაშეებში.

მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ სომხეთის წევრობა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ერთიან საბაჟო სივრცეში, კერძოდ, რესპუბლიკის ტერიტორიაზე სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვის ორგანიზების თვალსაზრისით. ასევე, შეუძლებელია, უგულებელვჰყოთ ის ფაქტი, რომ სომხეთის საზღვარს ირანთან, იცავენ რუსი მესაზღვრეები, რომლებიც განლაგებულნი არიან 1992 წლის 30 სექტემბრის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების შესაბამისად“, - აღნიშნულია მარია ზახაროვას განცხადებაში.

რა თქმა უნდა, იმუქრება ირანი. ირანის უზენაესი ლიდერის მთავარი მრჩეველი აცხადებს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეთანხმებული მარშრუტი პოლიტიკური შეთქმულებაა ირანისა და სხვა მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ, თურქეთის გარდა, რომელიც ნატო-ს წევრია.

„ნატო-ს სხვა ქვეყნებსაც სურთ ამ რეგიონში წარმომადგენლობა. ნატო-ს სურს, გველივით იწვეს ირანსა და რუსეთს შორის, მაგრამ ირანი ამას არ დაუშვებს. აზერბაიჯანის ნახიჩევანის ანკლავის ქვეყნის დანარჩენ ნაწილთან დამაკავშირებელი მარშრუტი, რომელიც სომხეთ-ირანის საზღვრის გასწვრივ აშენდება, „დონალდ ტრამპის დაქირავებულ მებრძოლთა სასაფლაოდ იქცევა და არა მარშრუტად, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს ეკუთვნის.

დერეფანი რეგიონის გეოპოლიტიკას შეცვლის, საზღვრებს გადახაზავს და სომხეთის დაშლას გამოიწვევს. ირანი სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების შესაბამისად იმოქმედებს, რუსეთთან ერთად, ან მის გარეშე. გვჯერა, რომ რუსეთიც სტრატეგიულად ეწინააღმდეგება ამ დერეფანს“, - განაცხადა ალი აკბარ ველაიათიმ ირანულ გამოცემა Tasnim-თან საუბარში.

ანალიტიკოსის, „ხალხის ძალის“ წევრის, დავით ქართველიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია განვიხილოთ მისი შედეგები პრაქტიკულ და პოპულისტურ ჭრილში. რა შეიძლება ჩაითვალოს პრაქტიკულად განხორციელებად მხარედ. დერეფანი, როგორც ახალი სატრანსპორტო და ეკონომიკური შესაძლებლობა, „ტრამპის მარშრუტის“ შექმნა - სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სატრანსპორტო, ენერგეტიკული და საკომუნიკაციო მარშრუტი ზანგეზურის გავლით, რომელიც აზერბაიჯანს ნახიჩევანთან და თურქეთთან დააკავშირებს, 99-წლიანი კონცესიით ამერიკული კონსორციუმის მმართველობის ქვეშ.

„ეკონომიკური მოტივაცია და ინტეგრაცია აშშ-სთან ენერგეტიკის, ტექნოლოგიების, ინფრასტრუქტურის, ვაჭრობისა და უსაფრთხოების მიმართულებით, რეგიონს ეკონომიკური ზრდის პოტენციალს მატებს და უფრო მჭიდრო თანამშრომლობის მოტივაციას ქმნის. რეგიონული სტაბილურობა და, გარკვეულწილად, რუსეთის როლის შემცირება სამხრეთ კავკასიაში, ეუთო-ს მინსკის ჯგუფიდან გასვლა ქმნის წინაპირობას ახალი გეოპოლიტიკური ბალანსისთვის, აშშ-ის როლის გაძლიერებით.

ამავდროულად, არ შეიძლება, არ გამოვყოთ წმინდა წყლის პოპულისტური და შიდა პოლიტიკური მოხმარებისთვის განკუთვნილი შედეგები: სიმბოლიზმი უფრო მეტად შეიმჩნევა, ვიდრე შინაარსი; პომპეზური ცერემონია თეთრ სახლში და დერეფნის „ტრამპის მარშრუტად“ შერაცხვა, თბილისში, ჯორჯ ბუშის ქუჩისა არ იყოს. ეს ტრამპის „შოუ-დიპლომატიის“ ტიპური ნაბიჯია, მისი, როგორც მშვიდობის მომტანის, იმიჯის გასაძლიერებლად და ნობელის პრემიისკენ მისწრაფებისთვის“, - წერს დავით ქართველიშვილი.

ანალიტიკოსი თვლის, რომ სასწრაფოდ გადასაჭრელი პრობლემები არსად გამქრალა. მით უმეტეს, რომ შეთანხმებაში არ არის გადაწყვეტილი ეთნიკური სომხების საკითხი მთიანი ყარაბაღიდან, არ განხილულა ლტოლვილების ბედი, კულტურული მემკვიდრეობა, დაკავებულთა გათავისუფლება, ან პოლიტიკური პასუხისმგებლობა ორივე მხრიდან.

„სომხეთის მიერ სუვერენიტეტზე კონტროლის დაკარგვის შიში ნამდვილად არაა უსაფუძვლო - მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი ფორმალურად ინარჩუნებს სუვერენულ ნიშნებს, დერეფნის მართვის ამერიკულ კონსორციუმზე გადაცემა და კერძო სამხედრო კომპანიების შესაძლო ჩართვა, სერიოზულ ეჭვებს იწვევს კრიტიკოსებში და სომხურ ოპოზიციაში ქვეყნის დამოუკიდებლობაზე რეალური კონტროლის შენარჩუნების თვალსაზრისით.

მხარეებს შორის პარტნიორობა ინარჩუნებს მხოლოდ სიმბოლურ ხასიათს - სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის შეთანხმება, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, როგორც საგარეო პოლიტიკის დემონსტრირება: „ჩვენ მზად ვართ მშვიდობისთვის, ჩვენ ვამყარებთ ურთიერთობებს აშშ-სთან“. თუმცა, თუ ადგილზე ეს რეალურად არ განხორციელდება, დეკლარაციები დეკლარაციებად დარჩება.

ასე რომ, დადებული ხელშეკრულების მთავარი სარგებელი - ამერიკული გავლენის გაძლიერებასა და კომერციული ტრანზიტის გაფართოების შესაძლებლობაშია. უბრალოდ, ქმნიან მომგებიან სურათს ყველა მხარისთვის: ტრამპისთვის - როგორც მშვიდობისმყოფელისთვის, ფაშინიანისთვის - როგორც პრაგმატული ლიდერისთვის, ალიევისთვის - როგორც ძლიერი მოთამაშისათვის, რომელსაც შეუძლია ეკონომიკური ბონუსისა და სტრატეგიული სარგებლის მიღება.

ჩვენთვის კი ყველაზე მთავარი ამ ყველაფერში არ შეცვლილა - ჩვენ ვიყავით და ვრჩებით სამხრეთ კავკასიაში ყველა საერთაშორისო პროექტის ძირითადი და არა სათადარიგო რგოლი, ჩვენ ვინარჩუნებთ მრავალპოლუსიან სამყაროსთან თანამშრომლობის მზაობას და პერსპექტივებს, ჩვენ კბილებით ვიცავთ სუვერენიტეტს, მშვიდობას და სტაბილურობას. თუ ვინმეს ეს ეცოტავება - კიევისა და კიშინიოვის მიმართულებით ავიაბილეთები ხელმისაწვდომია“, - წერს დავით ქართველიშვილი.

ვაშინგტონში ხელმოწერილ აზერბაიჯან-სომხეთის სამშვიდობო დეკლარაციას უკვე მოჰყვა შეფასება რადიკალურ ოპოზიციაში. ისინი აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანი ახალი რეალობა დგება ჩვენს რეგიონში და ამ ახალ რეალობას გამოეთიშა საქართველო. მათივე შეფასებით, სომხეთი უკვე არის ამერიკის  სტრატეგიულ პარტნიორი, აზერბაიჯანი ასევე ხდება მალე აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორი, ხოლო საქართველო, რომელიც ყოველთვის აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი იყო, ივანიშვილის ანტიამერიკული პროპაგადის გამო კარგავს მას.

რადიკალების ეს აჟიოტაჟი რომ პოლიტიკური ბლეფია, ამაზე ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე  საუბრობს, რომლის განცხადებით, ამ აჟიოტაჟისა და სპეკულაციების ფონზე, კარგად უნდა გავერკვეთ, რეალურად რას მოაწერეს ხელი ვაშინგტონში.

„აშშ-ის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას - ერევანსა და ბაქოს შორის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე. ეს არ გახლავთ ლეგალურად  სავალდებულო დოკუმენტი და არც სამშვიდობო შეთანხმება. ამისთვის ჯერ სომხეთს აზერბაიჯანის პირობები არ შეუსრულებია. მოხდა შეთანხმების ერთგვარი პარაფირება და მხოლოდ.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ მხარეები აპირებენ უარი თქვან ძალის გამოყენებაზე, ყველა სადავო საკითხი მხოლოდ დიპლომატიური გზებით მოაგვარონ და უზრუნველჰყონ სასაზღვრო რეგიონების მოსახლეობის უსაფრთხოება. დეკლარაცია ასახავს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობისა და ჰუმანიტარული კონტაქტების განვითარების განზრახვას აშშ-ის შუამავლობით“,  - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

რაც შეეხება თეთრი სახლის პრესსპიკერის ანა კელის განცხადებას, რომ ტრამპი სომხეთთან და აზერბაიჯანთან ცალკე შეთანხმებებს მოაწერს ხელს ენერგეტიკის, ტექნოლოგიების, ეკონომიკური თანამშრომლობის, სასაზღვრო უსაფრთხოების, ინფრასტრუქტურისა და ვაჭრობის შესახებ, ანალიტიკოსის აზრით, რა თქმა უნდა, ეს დეკლარაცია რუსეთისა და პუტინისთვის სერიოზული სილის გაწვნაა.

„თანაც, დეკლარაციის ხელმოწერა შედგა პუტინ-ტრამპის შეხვედრამდე! ამით აშშ-მ რუსეთს ბევრი რამ უთხრა. კრემლში ძალიან სურდათ, რომ სომხეთსა და აზერ1ბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელმოწერა მოსკოვში მომხდარიყო, რუსეთის შუამავლობითა და გარანტიებით. რა თქმა უნდა, რუსეთი შეეცდება და თუ გამოუვიდა, ამ დეკლარაციის რეალიზაციას ხელს შეუშლოს“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის შეფასებით, ტრამპის „ზანგეზურის პროექტის“ გამოცხადება საქართველოს „გეო-სტრატეგიულ მარცხად“, არა მხოლოდ სიჩლუნგის, არამედ ოიკოფობიური (ტერმინი ფსიქიატრიაში, რომელიც ყველაფერი მშობლიურის მიმართ ანტიპათიურ განწყობას ნიშნავს, - რედ.) სიყეყეჩის იმდენად აშკარა დემონსტრირებაა, რომ უფრო ნათლად შეუძლებელიცაა. როგორც ანალიტიკოსი ამბობს, ყველა, ვინც ამას ასეთი დაჟინებით გვიმტკიცებს, უეჭველად ცხადჰყოფს, რომ საქართველოს მიმართ არაკეთილგანწყობილი, ან სულაც მტრულადგანწყობილი იდიოტია.

„საქართველოს სასიცოცხლო, ეროვნულ ინტერესებშია კავკასიური სტაბილურობა, ამიტომ არ შეიძლება ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებები რამე ნეგატიურ და საქართველოსთვის დამაზიანებელ მოვლენად შეფასდეს. ბუნებრივია, საქართველოს „პრორუსულობაზე“ ისევ მთავარი აქცენტის დასმა, რომ თურმე „ზანგზეურის პროექტი“ საქართველოს საგარეო ორიენტაციის ცვლილების შედეგია ყოფილა, ობსკურანტიზმის ზღვარზე, სიჩლუნგისა და ავადმყოფური შეპყრობილობით დაზიანებული ანტილოგიკის გამოხატულებაა.

დაუშვათ, რომ საქართველო ყოფილიყო აგრესიულად ანტირუსული, რასაც მოითხოვენ, ნუთუ, ეს რამენაირად ხელს შეუშლიდა „ზანგეზურის პროექტს?“ - ცხადია, არა, უფრო პირიქით. ასე რომ მომხდარიყო და საქართველო რუსეთთან ისევ ღია, ომის ზღვარზე მყოფ კონფლიქტში ჩართულიყო, აღარაფერს ვამბობ ომის განახლების დამანგრეველ შედეგებზე, ბუნებრივია, „შუა დერეფნის“ გაცილებით, ათასჯერ უფრო პერსპექტიული მარშრუტი, სწორედაც „ზანგეზურის პროექტი“ გახდებოდა. ამის მიხვედრას დიდი ჭკუა უნდა?!“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა.