„ტრამპის ადმინისტრაცია ჯერ კიდევ ეძებს საკუთარ პოზიციას რეგიონში, საქართველო კი ამ გაურკვევლობის ნაწილია“

„ტრამპის ადმინისტრაცია ჯერ კიდევ ეძებს საკუთარ პოზიციას რეგიონში, საქართველო კი ამ გაურკვევლობის ნაწილია“

უკრაინის ომმა მსოფლიო გეოპოლიტიკური ლანდშაფტი შეცვალა, რამაც პირდაპირ იმოქმედა საქართველოსა და დასავლეთის, განსაკუთრებით კი აშშ-ის ურთიერთობებზე. რა ეტაპზე ვართ ამჟამად? რა გავლენას მოახდენს ზანგეზურის დერეფანი რეგიონზე და რა როლი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს ამ ცვლილებების ფონზე? ამ თემებზე ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე for.ge-თან საუბრობს. 

- როგორ შეაფასებდით აშშ-საქართველოს დღევანდელ ურთიერთობას? რა ეტაპზე ვართ ამჟამად და რისი მოლოდინი უნდა გვქონდეს ტრამპის პოლიტიკის ფონზე, მით უმეტეს, ელჩის უკვე შეიცვალა და საქართველოს ელჩიც ამერიკაში უკვე დანიშნულია...               

- დღევანდელი ვითარება საკმაოდ რთულია ჩვენს ირგვლივ, განსაკუთრებით, საქართველოს კონტექსტში. რეგიონში მიმდინარე პროცესები პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის მიმართ ინტერესსა და დამოკიდებულებაზე. უკრაინის ომმა ფუნდამენტურად შეცვალა გეოპოლიტიკური ლანდშაფტი, რამაც, თავის მხრივ, გავლენა მოახდინა საქართველოსა და დასავლეთის, კერძოდ კი აშშ-ის ურთიერთობებზე. სანამ ახალი ურთიერთობის პარადიგმა ჩამოყალიბდება, ამას დრო დასჭირდება.

ტრამპის ადმინისტრაცია ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია და გაურკვეველია, კონკრეტულად, რას მოელის საქართველოსგან. შიდა ამერიკულ პოლიტიკაშიც ჯერ არ არის მიღწეული საბოლოო შეთანხმება გარკვეულ წესებსა და სისტემებზე. შესაბამისად, ის მდგომარეობა, რაც ახლა აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან გვაქვს, მხოლოდ საქართველოზე არ არის დამოკიდებული. ეს გლობალური პროცესის ნაწილია, რომელიც თავად ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარეობს. „მეგობარი აქტის“ ამ დონეზე გაყინვა, რასაც სამი სენატორი ბლოკავს, შემთხვევითი არ არის. ეს სწორედ აშშ-ის ჯერ კიდევ გაურკვეველი პოზიციის შედეგია. ხშირად, ჩვენ გადაჭარბებული მოლოდინი გვაქვს და გვინდა, ყველაფერი სწრაფად განვითარდეს, თუმცა აშშ-ს ამჟამად მრავალი შიდა და გარე გამოწვევა აქვს, რომელთა მოგვარებაზეც აქტიურად მუშაობს.

- ბოლო პერიოდში, სამხრეთ კავკასიის მიმართ აშშ-ის ინტერესი მკვეთრად გაიზარდა. ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებით, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის, აშშ-ის შუამავლობით, ხელშეკრულებაც გაფორმდა. თქვენი აზრით, რამდენად სრულყოფილი იქნება აშშ-ის ინტერესები რეგიონში, საქართველოს ჩართულობის გარეშე და დააჩქარებს თუ არა ეს პროცესი ტრამპის ადმინისტრაციის ინტერესს ჩვენი ქვეყნის მიმართ?

- რეალობა ისაა, რომ აშშ-სა და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის ურთიერთობები ისეთი აღარ არის, როგორც ადრე იყო და ამ ეტაპზე, მათი აღდგენის შანსი არ ჩანს. როგორც უკვე აღვნიშნე, ამერიკელებს ჯერ არ აქვთ ჩამოყალიბებული, რა კონკრეტული დანიშნულება უნდა მიეცეს საქართველოს. ისინი ჩვენს ქვეყანას უფრო ფართო კონტექსტში განიხილავენ - ცენტრალურ აზიასთან, ახლო აღმოსავლეთთან და სამხრეთ კავკასიასთან მიმართებაში.

ისინი ეძებენ, რა სახის როლი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს ამჟამინდელ ეტაპზე. შესაბამისად, თუ ზანგეზურის დერეფანი რეალურად ამოქმედდება და აშშ შეძლებს მის კონტროლს ლოგისტიკური კომპანიის მეშვეობით, ეს ჩემთვის აშშ-ის რეგიონში დაბრუნების ნიშანი იქნება. ამით ის სერიოზულად განაცხადებს პრეტენზიას ცენტრალური აზიის მიმართულებით. ეს იქნება პოლიტიკური სარტყელი ჩინეთის მიმართ. ასევე, ირანთან სამომავლო კონფლიქტის გათვალისწინებით, აშშ-ისთვის ეს მეტად ხელსაყრელ პოზიციას შექმნის.

- პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზანგეზურის კორიდორს ამერიკა სამხედრო და პოლიტიკური კონფლიქტების გადაჭრის კუთხით გამოიყენებს? მით უმეტეს, სხვა ქვეყნებზე მეტად, ეს ირანს აღელვებს, რომლებმაც მუქარა ამ კორიდორის ირგვლივ უკვე გააჟღერეს...

- ფაქტია, ზანგეზურის დერეფანი სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი წერტილია, სადაც შესაძლოა, ავღანეთიდან გამოყვანილი ამერიკული სამხედრო ბაზები განთავსდეს. აშშ შეეცდება, საკუთარი გავლენის ინტერესების გატარებას რეგიონში. ამით, პირობითად, ერთი გასროლით რამდენიმე სამიზნეს მოარტყამს. ირანთან დაპირისპირების გაღვივების შემთხვევაში, სამხედრო ჩარევის აუცილებლობისას, მხოლოდ სტრატეგიული ბომბდამშენების გაგზავნა საკმარისი აღარ იქნება. ამიტომ, რეგიონში მოკავშირეებია საჭირო, რომლებიც ირანზე იერიშის მიტანის კონტექსტში აშშ-ს ზურგს გაუმაგრებენ.

აქამდე ასეთი ფუნქცია არც აზერბაიჯანს ჰქონია და არც სომხეთს. ამიტომ ვნახავთ, რა პერსპექტივა ექნება აშშ-ს. რეგიონში საქართველო უფრო იყო აშშ-ის მოკავშირე, თუმცა „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. შესაბამისად, ის დაპირისპირება, რომელიც ახლა აშშ-სა და საქართველოს შორის არის, დიდ გაუგებრობას ქმნის. სანამ არ გამოიკვეთება საქართველოს როლი და მნიშვნელობა ამ ახალ რეგიონულ გადანაწილებაში, რასაც სამხრეთ კავკასიაში ვხედავთ, მანამდე რთულია იმის თქმა, რა როლი გვექნება.

- „ქართულ ოცნებას“ დასავლეთთან ურთიერთობა დაძაბული აქვს, აგვისტოს ბოლომდე ვადა გვაქვს და გავიგებთ, გაგვიუქმებენ თუ არა ვიზალიბერალიზაციას. თქვენი მოლოდინი როგორია, წავა ევროკავშირი ამ ნაბიჯზე? მით უმეტეს, როცა ამის მოწინააღმდეგე ევროკავშირის წევრი რვა ქვეყანაა?

- ეს საკმაოდ რთული და მრავალმხრივი საკითხია. ჩემი აზრით, ევროკავშირი, ამ ეტაპზე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვიზალიბერალიზაციის გაუქმების გადაწყვეტილებას მიიღებს. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს.

პირველ რიგში, ევროკავშირის შიგნით არ არსებობს კონსენსუსი ამ საკითხზე. როგორც აღნიშნეთ, რვა წევრი ქვეყანა უკვე ეწინააღმდეგება ამგვარ ნაბიჯს. ეს ნიშნავს, რომ სერიოზული უთანხმოებაა და ევროკავშირი ყოველთვის ცდილობს, გადაწყვეტილებები კონსენსუსით მიიღოს, განსაკუთრებით ისეთ მგრძნობიარე საკითხებზე, როგორიცაა ვიზალიბერალიზაცია.

მეორეც, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ან გაუქმება საკმაოდ მძიმე ინსტრუმენტია და მას ევროკავშირი უკიდურეს შემთხვევაში იყენებს. ეს პირდაპირ დააზარალებს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც აქტიურად სარგებლობენ უვიზო მიმოსვლით. ევროკავშირი, როგორც წესი, ცდილობს, თავი აარიდოს ისეთ ზომებს, რომლებიც უარყოფითად აისახება უშუალოდ მოსახლეობაზე. მათ ურჩევნიათ, სანქციები კონკრეტულ პირებს ან სექტორებს დაუწესონ.

მესამე, ევროკავშირი აცნობიერებს, რომ რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება ძალიან დაძაბულია. რუსეთის აგრესია უკრაინასა და ზოგადად, რეგიონში არსებული არასტაბილურობა, აიძულებს ევროკავშირს, მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს. საქართველოს სრულ იზოლაციაში მოქცევა, თუნდაც ნაწილობრივ, შეიძლება რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმა აღმოჩნდეს და ეს დასავლეთის ინტერესებში არ შედის.

რა თქმა უნდა, ზეწოლა „ქართულ ოცნებაზე“ გაგრძელდება. შესაძლოა, ვიხილოთ სხვა სახის შეზღუდვები, როგორიცაა დაფინანსების შეწყვეტა კონკრეტული პროგრამებისთვის, მაღალი რანგის ვიზიტების შემცირება, ან კონკრეტული მაღალჩინოსნების მიმართ მიზანმიმართული სანქციები. ეს უფრო სავარაუდო სცენარია, ვიდრე ვიზალიბერალიზაციის სრული გაუქმება.

ხოლო რა სახის ზეწოლაც არ უნდა წამოვიდეს დასავლეთიდან, „ოცნება“ მანამდე შეინარჩუნებს ხელისუფლებას, სანამ ოპოზიციურ ველზე, მათი რეალური შემცვლელი არ გამოჩნდება და ქართველი ხალხი ამ გადაწყვეტილებას საბოლოოდ არ მიიღებს, როგორც ეს 2012 წელს მოხდა.

- „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს მოლოდინი, რომ აგვისტოს ბოლოს, თუკი ვიზალიბერალიზაცია გაუქმდება, უკმაყოფილო ხალხი ქუჩაში გამოვა და ხელისუფლებას „მშვიდობიანად დაამხობენ“. მიაჩნიათ, რომ „ოცნება“ დაკარგავს ხელისუფლებას. რამდენად რეალურია ეს მოლოდინი?

- ეს საკმაოდ არასერიოზული მოლოდინია. მათ ჰგონიათ ერთი რამ, რეალობა კი სულ სხვაა. მე, როგორც ანალიტიკოსი, მოვუწოდებდი მათ, დაბრუნდნენ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, ვგულისხმობ, საპარლამენტო საქმიანობასა და არჩევნებში მონაწილეობას. ჩვენი სახელმწიფოებრიობა ისედაც სერიოზული პრობლემების წინაშე დგას. ამიტომ, ასეთი რყევები და რევოლუციურ სცენარებზე საუბარი სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს. რაც მთავარია, ეს ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს და ის საზოგადოებაში პოზიციებს კიდევ უფრო იმყარებს.

რევოლუციურ სცენარს ამ ქვეყანაში აღარ აქვს პერსპექტივა. ეს არ არის არც 2003 წელი და არც შევარდნაძის ხელისუფლება. ოპოზიციას ასევე არ აქვს ის მხარდაჭერა, რაც მაშინ ჰქონდა. ამიტომ, ვიზალიბერალიზაციის გაუქმება ვერ გახდება რევოლუციისა და ხელისუფლების დამხობის წინაპირობა. ეს არ მოხდება. ამაზე იმედების დამყარება, მით უმეტეს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, არაადეკვატური და თავის მოტყუებაა.

- დასასრულს, თქვენი აზრით, რა არის საქართველოს უახლოესი მომავლის მთავარი გამოწვევა საგარეო და საშინაო პოლიტიკაში და როგორ უნდა ვუპასუხოთ მათ ეფექტიანად?

- საქართველოს უახლოესი მომავლის უმთავრესი გამოწვევა, როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკაში, არის ორიენტაციის სიცხადე და დასავლურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული გაურკვევლობის დაძლევა. საგარეო ასპექტში, ეს გულისხმობს დასავლელ პარტნიორებთან, განსაკუთრებით აშშ-სა და ევროკავშირთან, ურთიერთობების აღდგენასა და გაღრმავებას. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის აგრესია რეგიონში მუდმივი საფრთხეა, ჩვენი უსაფრთხოება და განვითარება სწორედ დასავლურ ღირებულებებსა და ალიანსებზე გადის.

რაც შეეხება საშინაო პოლიტიკას, მთავარი გამოწვევაა პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება. ოპოზიციის უუნარობა და საზოგადოების დაღლა არსებული პოლიტიკური სპექტრით, ქმნის ვაკუუმს, რომელშიც არ ჩნდება რეალური ალტერნატივა. ეფექტიანი პასუხი ამ გამოწვევებზე მოიცავს არა რევოლუციურ სცენარებს, არამედ დემოკრატიული პროცესების გაძლიერებას.

 

 

 

მარბიელი ავღანეთიდან ამერიკული ბაზების ზანგეზურში გადმოტანა გამორიცხულია გიურმის რუსული ბაზის და ირანის პოზიციის გათვალისწინებით
9 საათის უკან
კანუდოსელი პატივცემულის სიტყვებიდან გამოდის, რომ საქართველომ უნდა შეიძინოს ფუნქცია ამერიკისთვის თურმე. ანუ ერთ დროს ფინია ძაღლის ფუნქცია ჰქონდა, რუსეთთან რომ ტყუილად აყენებდნენ და ის მერე პანჩურს ამოჰკრავდა. ახლა კიდევ რა ფუნქცია უნდა შეიძინოთ ტრამპის დერეფნის ავანტიურის შემდეგ, თუ საერთოდ ამოქმედდა ეგ დერეფანი, რასაც რუსეთი და ირანი არ დაუშვებენ. და ჩინეთი? ჩინეთის ინტერესები საერთოდ აღარ არსებობს ამ რეგიონში? ამ კაცის შიგევროპული იდეებით აღარ შეესატყვისება რეალურ დროში საქართველოს ინტერესებს. დასავლური ალიანსებითა და ამერიკის მეგობრობით შეეძლო გაგებითურებინა თაობები 90-იანი წლებიდან, დღეს ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ თავის მოტყუებაა.
8 საათის უკან