მამრაძე: „სააკაშვილს ცხინვალში ჩაფიქრებული ჰქონდა ბლიცკრიგი. ეს ძალიან კარგად იცოდნენ მის გუნდში და ყველა ტაშს უკრავდა“

მამრაძე: „სააკაშვილს ცხინვალში ჩაფიქრებული ჰქონდა ბლიცკრიგი. ეს ძალიან კარგად იცოდნენ მის გუნდში და ყველა ტაშს უკრავდა“

რა იყო 2008 წლის აგვისტოს ომის უშუალო კატალიზატორი და რა დასკვნები უნდა გამოვიტანოთ, საქართველოს უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის ნაწილში? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, for.ge-ს ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე ესაუბრა. შეგახსენებთ, რომ აგვისტოს ომის დრო, ის სახელმწიფო კანცელარიის ხელმძღვანელი გახლდათ, პოსტი კი ომიდან რამდენიმე თვეში, 2008 წლის ნოემბრის დასაწყისში დატოვა...

პეტრე მამრაძემ ვრცლად ისაუბრა იმ მოვლენებზე, რამაც კონფლიქტის ესკალაცია გამოიწვია და გააანალიზა საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, ასევე, რუსეთის როლი კონფლიქტში. ანალიტიკოსის შეფასებით, 2008 წლის ომი არ იყო მოულოდნელი და მას წინ უძღოდა, როგორც შიდა, ისე გარე ფაქტორები, რამაც კატასტროფული შედეგები მოუტანა ქვეყანას.

- თქვენი დაკვირვებით, რა იყო ომის დაწყების უშუალო კატალიზატორი 2008 წლის აგვისტოში?

პეტრე მამრაძე: - 2008 წლის ომი იყო მიხეილ სააკაშვილის ანტიეროვნული და მოღალატეობრივი პოლიტიკის კულმინაცია. სააკაშვილი, თავის თანამზრახველებთან ერთად, ატარებდა ამ პოლიტიკას, როგორც საგარეო მიმართულებით, ასევე სახელმწიფოს უსაფრთხოების კუთხით. ეს ყველაფერი კი ჯერ კიდევ 2004 წლის აგვისტოში დაიწყო. სწორედ მაშინ დაიწყო ყველაფერი ის, რამაც განვითარება 2008 წელს ჰპოვა. ცხინვალის რეგიონში ბრძოლები, სწორედ ამ დროს დაიწყო, ხოლო ბოლო მომენტში, ზურაბ ჟვანიამ ამაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა. მეც ვიყავი ჩართული, როცა სააკაშვილმა, უკვე 19 აგვისტოს გამოაცხადა, რომ ცხინვალიდან ჯარი უპირობოდ გამოჰყავდა. მაშინვე რუსული არმია შეჩერდა და საქართველოში აღარ შემოვიდნენ. არადა, უკვე როკის გვირაბთან იყვნენ მობილიზებულნი.

შემდეგ კი დადგა მიხეილ სააკაშვილისთვის ხელსაყრელი მომენტი და მან დაიწყო მოქმედებაზე გადასვლა. შევახსენებ მკითხველს 10 ივლისს, როცა კონდოლიზა რაისი საქართველოს ეწვია. ის უკვე დახურულ კარს მიღმა ეუბნებოდა სააკაშვილს, რომ არ წამოგებოდა პუტინის სატყუარას, რისი ნიშნებიც უკვე არსებობდა. მანამდე კი კონდოლიზა რაისმა, სანამ ჩამოვიდოდა, გააკეთა განცხადება, რომ საქართველოს ნატო-ში შესვლა ყველაზე კარგი იყო ქვეყნის მთლიანობის დასაცავად და ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.

- შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნატო-ს ბუქარესტის სამიტი უკვე გახდა მთავარი კატალიზატორი იმ კონფლიქტისა, რომელიც 2008 წელს განვითარდა? ეს იყო პუტინის რეაქცია დასავლეთის დაპირებებზე, რომლებიც რეალურად მხოლოდ დაპირებად დარჩა?

- დიახ, ნამდვილად იყო ბუქარესტის სამიტი მნიშვნელოვანი კატალიზატორი, რამაც სწორედ ეს სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა. სამიტიდან აპრილში დაბრუნებულმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ იმაზე მეტი მივიღეთ, ვიდრე MAP-ია. მე მინდა ყველამ იცოდეს, რომ სააკაშვილს ცხინვალში ჩაფიქრებული ჰქონდა ბლიცკრიგი. ეს ძალიან კარგად იცოდნენ მის გუნდში და ყველა ტაშს უკრავდა. ბურჯანაძემ მაშინ თქვა, რომ ბოკერია ყვიროდა: „ახლა ჩვენ კარტბლანში გვაქვს, რათა ომი დავიწყოთ და ყველაფერი დავიბრუნოთ“. ივანიშვილმა ამაზე ისაუბრა და თქვა, რომ ის 2007 წელს შეხვდა სააკაშვილს, მერაბიშვილსა და ბოკერიას, რომლებსაც არწმუნებდა, რომ მსგავსი ნაბიჯი ქვეყნისთვის კატასტროფულად დასრულდებოდა. ეს იყო გამზადებული გეგმა, სადაც მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებული იყო, რომ ყველაფერი ერთ დღეში დასრულდებოდა. ის მახეში გაება, რის შედეგადაც ქვეყანა ყველაზე მეტად დაზიანდა.

- იმ პერიოდში, როდესაც კანცელარიის ხელმძღვანელი იყავით, რა სახის ინფორმაცია, ან შეფასებები მოგეპოვებოდათ რუსეთის განზრახვების შესახებ, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმართ? სააკაშვილმა არაერთხელ თქვა, რომ როდესაც 2006 წელს, პუტინს შეხვდა, მან პირდაპირ უთხრა, რომ ის ომს აპირებდა, მით უმეტეს, თუ პუტინისგან მან ეს გაფრთხილება მიიღო, როგორ წამოეგო მის ავანტიურას?

- რა თქმა უნდა, ეს გაფრთხილება იყო და განსაკუთრებით, კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ გაჩნდა საფრთხე, რომ პუტინის სამიზნე საქართველო იქნებოდა. სააკაშვილმა კი, როგორც პუტინის სასარგებლო იდიოტმა, ისე იმოქმედა. ყველაფერი რუსებმა გააკეთეს, სააკაშვილის ხელით! პუტინს სჭირდებოდა მიზეზი და ესეც მიიღო, როცა სააკაშვილმა ყველაფერი გაამზადა და 15 ივლისს, უკვე ქვეყანაში, ფორმალურად დაიწყო ნატო-ს სწავლება. 21 ივლისიდან, აქტიურ ფაზაში შევიდა და ვაზიანში, ამ სამხედრო სწავლებაში ათასამდე ამერიკელი სამხედრო მონაწილეობდა. 131-მდე გენერალი და ინსტრუქტორი მონაწილეობდა, რომელიც 31 ივლისს დასრულდა.

ერთი კვირის თავზე კი, მიხეილ სააკაშვილმა, კასეტური ჭურვებით ცხინვალი დაბომბა. რატომ იყო დაძაბულობა რეგიონში? იმიტომ, რომ მას შინაგანი ჯარები შეჰყავდა. სააკაშვილი ავრცელებდა ტყუილ პროპაგანდას, თითქოს, კრემლს აღარ აინტერესებდა, საერთოდ, ცხინვალის რეგიონი და ის უკვე „მოყანყალებული კბილი“ იყო. ეს წვრთნები დასრულდა და სააკაშვილის გუნდში ასეთი განწყობა, რომ ყველაფერი დასრულდა, ამერიკელები ჩვენს მხარეს არიან და წინ, ცხინვალის დასაბრუნებლად მივდივართ. წითელი ტრიბუნები, დროშები და ხალიჩები მიჰქონდათ 8 აგვისტოს, დილით, ცხინვალისკენ, რადგან სააკაშვილს იქ უნდა ჩაეტარებინა პრესკონფერენცია. უგულავა უყვიროდა გენერლებს ტელეფონზე: „რას მიკეთებთ, მანდ? სააკაშვილი უნდა ჩამოვიდეს, დროზე იმოქმედეთო“. ამ დროს კი, ჩვენს ბიჭებს უმოწყალოდ ხოცავდნენ. გეგმა იყო ასეთი, რომ 8 აგვისტოს, დღის 14.00 საათზე, სააკაშვილი სიტყვით უნდა გამოსულიყო, სანაკოევთან ერთად.

- როგორ შეაფასებდით საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებულ ძირითად გადაწყვეტილებებს ომის დროს და რა ალტერნატივები განიხილებოდა იმ მომენტში? ვიცით, რომ დღემდე არსებობს კითხვები მოსახლეობის კონფლიქტის ზონაში დატოვების შესახებ. რატომ არ მოხდა ადგილობრივების ევაკუაცია, ასევე, რატომ ხელმძღვანელობდა და გასცემდნენ ბრძანებებს საომარ მოქმედებებზე, სამოქალაქო პირები?

- შეცდომები მსოფლიოს წამყვან მხედართმთავრებსაც და პოლიტიკოსებსაც მოსვლიათ, თუმცა მეორეა, ეროვნული ინტერესების ღალატი. ვინ ეკითხებოდა გენერალ გოგავას, რომელმაც საგამოძიებო კომისიაზე არაერთი ტყუილი ილაპარაკა? ასევე, არ სურდა ომი ვანო მერაბიშვილსაც, მაგრამ ვინ, რას ეკითხებოდა მას? რასაც უბრძანებდნენ, იმას აკეთებდნენ. სააკაშვილმა პირდაპირ ცხინვალში შესვლა გადაწყვიტა და ეგონა, რუსები არაფერს იზამდნენ. ამას ეგონა, რომ როგორც კი ცხინვალში აღლუმს ჩაატარებდა, ყველაფერი ამით დასრულდებოდა. ეგონა, მთელი მსოფლიო ნახავდა ამას და ყველაფერი დასრულდებოდა. უკვე 9 აგვისტოს, განწყობა იყო ასეთი, რომ მიხეილ სააკაშვილი ამბობსო: „რაც უფრო მეტ ხალხს დაგვიხოცავენ, მით უკეთესი, რადგან მსოფლიო ნახავს რუსების დანაშაულსო“. მიზანი იყო ამის ის, რომ სააკაშვილის სამხედრო ავანტიურა დაფარულიყო. ამიტომ არის, რომ 10 აგვისტოს, ბუნკერში იმალებოდა და პარლამენტშიც ვერ გამოჩნდა. ბაქრაძეს გამოატანა განცხადება სააკაშვილმა, სადაც მან ხალხს მოუწოდა, რომ ებრძოლათ ყოველნაირი საშუალებით, რითაც შეეძლოთ. უკვე სიტუაცია იმდენად მძიმე იყო, რომ მთავარსარდალი იმალებოდა და ბრძოლისკენ ხალხს მოუწოდებდა. ასევე, მას ბრძანება ჰქონდა მიცემული, რომ კოდორის ხეობიდან სოხუმზე შეტევა დაწყებულიყო. კიდევ კარგი, რომ ვერ მოესწრო და არ შევიდა იქ დანაყოფი, რადგან ყველას გაწყვეტდნენ და კიდევ უფრო მძიმე შედეგებს მივიღებდით.

- რას ფიქრობთ იმასთან დაკავშირებით, რომ პუტინმა, საბოლოო ჯამში, თბილისისკენ დაძრული სამხედრო დანაყოფები შეაჩერა? რამ განაპირობა მისი აზრის ცვლილება? იყო ეს ზეწოლა ამერიკისგან და დასავლეთისგან? რა ფორმით მოხდა მისი შეჩერება?

- საქართველოში, სამწუხაროდ, ბევრი მითი დადის იმაზე, თუ რა იყო პუტინის შეჩერების მიზეზი და რატომ გადაიფიქრა თბილისისკენ წამოსვლა. მაშინ რუსეთის კაპიტალი მსოფლიოს საფონდო ბირჟაზე უცბად 400 მილიარდამდე ჩამოიშალა. პუტინს მაშინ ის ყველაფერი დაუდეს და რუსეთი ასეთი ომისთვის მზად არ იყო, როგორც ახლა, უკრაინის ომისთვის არიან მომზადებულები. ამიტომ, ის იძულებული გახდა და შეჩერდა. ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შემდეგ კი გორიდან ჯარი გავიდა. ამ დროს, სარკოზი, ვიცით, თბილისში იყო და მისი მრჩევლები იღებდნენ ინფორმაციას, რომ რუსი გენერლები ამბობდნენ, „თბილისი დაუცველია და მისი აღება მარტივი იქნებაო“. სარკოზი სააკაშვილს უყვიროდა, რომ ხელი მოეწერა ხელშეკრულებაზე, თორემ „თბილისზე მოდიანო“. სააკაშვილმა ამოაღებინა მე-6 პუნქტი, სადაც ეწერა, რომ რუსეთი ვერ აღიარებს აფხაზეთს და ოსეთს დამოუკიდებელ ქვეყნებად, თუკი საერთაშორისო მხარდაჭერა არ ექნება. სააკაშვილმა ეს ამოაღებინა, ორ თვეში კი, რუსებმა აღიარეს ეს რეგიონები დამოუკიდებლად. აი, ესეც დამატებითი შეცდომა.

- დღევანდელი პერსპექტივიდან, რა გაკვეთილები უნდა გამოვიტანოთ 2008 წლის ომიდან, საქართველოს უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის ნაწილში? მით უმეტეს, უკრაინის ომის ფონზე, როცა ხელისუფლება მუდმივად საუბრობს იმაზე, რომ ამ რისკის ქვეშ საქართველოც იდგა და ეს დღემდე არსებობს. ასევე, მუდმივად არის განცხადებები იმის შესახებ, რომ საქართველოს ომში ჩართვას სთხოვდნენ...

- დიახ, ეს რისკები არსებობს დღემდე, არსად გამქრალა და არც გაქრება. თბილისიდან 40 კილომეტრში დგას რუსეთის ჯარი. ჩვენს საფეთქელზე იარაღი აქვთ დადებული და ეს რისკი არსად წასულა. ამიტომ, ძალიან სერიოზული დანის პირზე დავდივართ უკვე, დიდი ხანია. მით უმეტეს, 2022 წლიდან, როცა უკრაინის ომი დაიწყო და საქართველომ თითქმის ყველა რეზოლუციას მხარი დაუჭირა, როცა სომხეთი და აზერბაიჯანი ამისგან თავს იკავებდნენ.

მხარი დაუჭირა ჰააგაში პუტინისთვის დაკავების განაჩენის გამოტანასაც. მაშინვე ვამბობდი, რომ უკვე ეს, დიდი საფრთხეა და შესაძლოა, ქვეყანა ძალიან სერიოზული საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს. ვნახეთ მერე, რაც მოხდა. მადა გაეხსნა ჩვენს პარტნიორ და მეგობარ დასავლეთს. უკვე არავისთვის არის უცნობი, აშშ-ის ელჩი როგორ მივიდა ბიძინა ივანიშვილთან და სამი საათის განმავლობაში, მას სთხოვდა ქვეყნის ომში ჩართვას. ისიც ვიცით, რომ პარტიზანული ომი შესთავაზეს პრემიერს, თუკი დიდი ხნის განმავლობაში, რუსეთის ჯარს ვერ გავუმკლავდებოდით. ამიტომ, რისკები კვლავ არსებობს და საქართველოს ხელისუფლება ძალიან დიდი რისკის, ზეწოლის და შანტაჟის ფასად ინარჩუნებს ქვეყანაში მშვიდობას.