მსოფლიო ენერგეტიკული პანიკის პირასაა

მსოფლიო ენერგეტიკული პანიკის პირასაა

[ლელა კობერიძე]

მსოფლიოს სანავთობო ბირჟებზე „შავი ოქროს“ ფასი თითქმის ყოველ საათში იზრდება. ლიბიის სამოქალაქო ომმა ნავობის ფასის ბოლო რამდენიმე წლის რეკორდი მოხსნა. საქართველოში, ნავთობიმპორტიორები უკვე ღიად აცხადებენ, რომ თუ მოკლე პერიოდში ნავთობი არ გაიაფდა ქვეყანაში საწვავის ფასი 5-10 თეთრით გაიზრდება.

„პლაცის“ საერთაშორისო ფასი, რომლის მიხედვითაც საქართველოში საწვავი იმპორტი ხორციელდება, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში თითქმის 100 დოლარით გაიზარდა.

ამ დროისთვის 1ტონა ბენზინის ღირებულება - 952.0 დოლარია, დიზელის - 898.75 დოლარი. ოპეკის ღირებულება ბარელზე 106 დოლარს მიუახლოვდა, ხოლოლონდონის ბირჟაზე 1 ბარელი „ბრენტის“ ტიპის ნავთობი 115 დოლარი ღირს.

„ნავთობის ფასის ზრდის გაგრძელების მთავარი მიზეზი კვლავინდებურად ლიბიაში არსებული უმწვავესი ვითარებაა. დაკეტილია ნავსადგურები, ნავთობის მოპოვება შეაჩერა ქვეყანაში მოქმედმა თითქმის ყველა საერთაშორისო ენერგეტიკულმა კომპანიამ“,- ამბობს ნავობპროდუქტების მომხმარებელთა და იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი.

ლიბია დღეში 1.5 მილიონ ბარელ ნავთობს მოიპოვებს. იგი უმსხვილესი ნავთობექსპორტიორი ქვეყნების ნუსხაში მე-12 ადგილს იკავებს. ლიბიის ექსპორტის უდიდესი ნაწილი ევროპულ ქვეყნებზე მოდის. ამ დროისთვის, ლიბიაში ნავთობის ექსპორტის მოცულობა, დღეში, 500 ათასი ბარელითაა შემცირებული.

არ არის გამორიცხული ექსპორტი კიდევ უფრო შემცირდეს, გამომდინარე იქიდან, რომ ლიბიის ლიდერმა მუამარ კადაფმა ნავთობსადენებზე დივერსიების მოწყობის ბრძანება გასცა. კადაფის თქმით, ამ ნაბიჯით იგი მანიფესტაფებს საკუთარ გზავნილს მიაწვდის- „ან მე, ან ქაოსი“. აღსანიშნავია, რომ ლიბიაში, უკვე შეჩერებულია ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობსაბადოზე ნავთობისმოპოვება.

„მთლიანობაში ახლო აღმოსავლეთში დაძაბული არაპროგნოზირებადი ვითარებაა. რევოლუციური ტალღა, ფაქტობრივად, ჯაჭვისებურად ვრცელდება ახლო აღმოსავლეთის თითქმის ყველა ქვეყანში. ეს ყველაფერი კი ნავთობის ფასთან დაკავშირებით არაპროგნოზირებად და არასასურველ გარემოს ქმნის“, - ამბობს ვანო მთვრალაშვილი.

უცხოელი ანალიტიკოსების განცხადებით კი, რაც უფრო უახლოვდება არაბული რევოლუცია სპარსეთის ყურეს, მით უფრო იძაბება ვითარება ნავთობის ბაზარზე. ექსპერტების პროგნოზით, ახლო მომავალში ნედლეულზე ფასები მაღალი დარჩება და ამის მიზეზი არა მხოლოდ პოლიტიკური არეულობები, არამედ განვითარებად ქვეყნებში მოთხოვნის ზრდაა. ფასებზე გავლენას ახდენს ისიც, რომ მსოფლიო ეკონომიკა კრიზისიდან გამოდის.

გარდა ამისა, არსებობს საშიშროება, რომ რევოლუციური ტალღა საუდის არაბეთსა და ირანშიც გადავიდეს, რომლებიც მსოფლიოში ნავთობის ყველაზე დიდი მომპოვებელი ქვეყნებია.

ნავთობის ფასის მკვეთრი ზრდით შეშფოთებულია ამერიკაც. თეთრი სახლის პრესმდივნის ჯეი კერნეს განცხადებით, ვაშინგტონი ნავთობის ფასის შემდგომი ზრდის ან შემცირების თემაზე სპეკულირებით ბაზარზე გავლენას არ მოახდენს.

„ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ნავთობის ფასს და შეშფოთებულნი ვართ არსებული სიტუაციით“, - განაცხადა კერნემ.

ექსპერტების შეფასებით, ენერგეტიკული სექტორი გარდატეხის ფაზაში იმყოფება, რომელსაც ისინი „ხალ ციკლურ აღმავლობას“ უწოდებენ. მიუხედავად ამისა, ისინი ნავთობის ფასის 2008 წლის ზაფხულის რეკორდულ მაჩვენებელთან მიახლოვებას გამორიცხავენ. კერძოდ, ნავთობის დიდი მარაგები განვითარებულ ქვეყნებში და „ოპეკის“ სახელმწიფოების მძლავრი ნავთობმომპოვებლური სიმძლავრეები ნავთობის ფასებს გაზრდის საშუალებას არ მისცემს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოში საწვავის გაძვირებაზე ნავთობიმპორტიორებმა განცხადებები უკვე გააკეთეს. „რომპეტროლის“ გაყიდვების სამსახურის უფროსი თენგიზ ჭიჭინაძე ირწმუნება, რომ საწვავის ფასები ქართულ ბაზარზე დღესაც არაადეკვატურია, თუმცა კომპანიები საკუთარი მარჟის შემცირების ხარჯზე ცდილობენ, ფასები არ გაზარდონ. ჭიჭინაძის ინფორმაციით, შემცირებულია საწვავის მოხმარებაც. მისი გათვლით, ახალი ფასით, ანუ 40-დოლარიანი გაძვირებით საწვავის შეძენა საშუალოდ 10 თეთრამდე მატებას გამოიწვევს.

გაძვირებასთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება უჭირთ „ლუკოილში“. კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილის განცხადებით, საერთაშორისო ბირჟებზე ფასები მზარდია და ბოლო 3 წლის მაქსიმუმზეა მისული. გაძვირება კი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ფასი იქნება იმ მომენტში, როდესაც კონკრეტული კომპანია საწვავის შეძენას მოახდენს.