შეხვედრა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებთან (ვიდეო)

შეხვედრა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებთან (ვიდეო)

თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა  დღეს „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა.

მხარეებმა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის და სამომავლო პარტნიორობის საკითხები განიხილეს. საუბარი თავდაცვის სფეროში ნატო-სთან თავსებადობის კუთხით გატარებულ რეფორმებს და ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს შეეხო.

მიხეილ დარჩიაშვილმა კომიტეტის წევრებს თავდაცვის სამინისტროში განხორციელებული რეფორმები გააცნო და კიდევ  ერთხელ დაადასტურა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაცია საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. 

"განვიხილეთ რეგიონში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა, ის გამოწვევები, რომლის წინაშეც საქართველო დგას. ასევე მნიშვნელოვანი დრო დავუთმეთ საქართველოს თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებს. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები ცალსახად დადებითად აფასებენ იმ ტრანსფორმაციას და პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია თავდაცვის რეფორმების პროცესში. ასევე, დადებითად ფასდება ჩვენი წვლილი გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში, რომელიც ნატოს ISAF-ის ოპერაციის დასრულების შემდეგაც გაგრძელდება" - განაცხადა მიხეილ დარჩიაშვილმა.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის წარმომადგენლებმა  თავდაცვის სფეროში გატარებული რეფორმები მოიწონეს და საქართველოს სრული მხარდაჭერა აღუთქვეს.

„თავდაცვასთან დაკავშირებული ბევრი საკითხი განვიხილეთ, მაგრამ ვისაუბრეთ ასევე მნიშვნელოვან რეფორმებზე, რომლებიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ხორციელდება. არმიში 70 პროცენტი პროფესიონალია და მათი უნარები დასავლეთის შეიარაღებული ძალების შესაბამისია. ისინი მსახურობენ ძალიან მნიშვნელოვან ადგილებში, სადაც სხვა მოკავშირეებიც არიან ჩართულები. ასე რომ, ჩვენ შეხვედრაზე ძალიან პოზიტიური ინფორმაცია მივიღეთ“ - განაცხადა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის თავმჯდომარემ ჟოზე ლელომ.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტისა და საქართველო-ნატოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს წევრები შეხვედრებს დილიდან მართავენ. ისინი უკვე შეხვდნენ საქართველოს პარლამენტის წევრებს, პრეზიდენტს და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს. ხვალისთვის დაგეგმილია ვიზიტი ვაზიანის სამხედრო ბაზაზე.