„ქართულ ოცნებასა“ და ტრამპის ადმინისტრაციას შორის კულუარული კავშირები სულ უფრო აშკარავდება?! ამ ეჭვს ის ფაქტი ამძაფრებს, რომ სწორედ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ახლო გარემოცვის წევრმა სენატორებმა შეაფერხეს „მეგობარი აქტის“ მიღება, რამაც მწვავე დებატები გამოიწვია, როგორც ქართულ, ისე ამერიკულ პოლიტიკურ წრეებში. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური სპექტრი აქტიურად ცდილობს, რომ ამერიკის სენატმა ეს აქტი მიიღოს, როგორც ჩანს, „ოცნებამ“ გარკვეული კონტაქტების მეშვეობით, ეს პროცესი შეაფერხა.
გავრცელებული ინფორმაციით, „მეგობარი აქტის“ მიღებას ბლოკავს სამი გავლენიანი სენატორი - მარკვეინ მალინი, მაიკ ლი და რენდ პოლი. საინტერესოა, რომ სამივე მათგანი დონალდ ტრამპის ახლო გარემოცვის წევრები არიან: ერთი მისი პირადი მეგობარია, მეორე - „რესპუბლიკური პარტიის“ კონსერვატიული ფრთის მთავარი მოკავშირე იურიდიულ საკითხებში, ხოლო მესამე აქტიურობს ფისკალურ და საგარეო პოლიტიკაში და ეწინააღმდეგება უცხოურ ჩარევებს ქვეყნების შიდა საქმეებში.
ეს ფაქტი აჩენს კითხვებს, თუ რამდენად ღრმაა კავშირები „ქართულ ოცნებასა“ და ტრამპის ადმინისტრაციას შორის. მმართველი გუნდი გავლენიანი სენატორების ამ პოზიციას ამერიკა-საქართველოს შორის ურთიერთობების „გადატვირთვის“ პერსპექტივად განიხილავს, რაც მათი აზრით, „მეგობარი აქტის“ „დიფ სთეითის“ მიერ წახალისებულ ხასიათზე მიუთითებს.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსი, ვახტანგ ჩოჩია გამოთქვამს იმედს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მხარს არ დაუჭერს „მეგობარი აქტის“ მიღებას:
„კვლავ გრძელდება საუბარი „მეგობარი აქტთან“ დაკავშირებით, თუმცა გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამი სენატორი ბლოკავს მის მიღებას. ჩვენი პოზიცია „მეგობარი აქტთან“ დაკავშირებით იყო ნათელი, მმართველი გუნდის განცხადებით, „მეგობარი აქტი“ არის „დიფ სთეითის“ მიერ წახალისებული. გვაქვს მოლოდინი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია არ დაუჭერს მხარს „მეგობარი აქტის“ მიღებას და ჩვენი პარტნიორული მიდგომები, რომელიც არსებობდა, დაუბრუნდება თავის ფორმატს და კიდევ უფრო განმტკიცდება“, - განაცხადა ვახტანგ ჩოჩიამ.
ამის საპირისპიროდ, ოპოზიცია იმედოვნებს, რომ შეფერხება დროებითია და ვაშინგტონი საბოლოოდ მაინც მიიღებს „მეგობარი აქტს“. „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გასულ კვირაში, ვაშინგტონში გამართული ვიზიტისას, მათ ოცზე მეტი მაღალი დონის შეხვედრა გამართეს, სადაც „მეგობარი აქტის“ აღსრულებას წინ არაფერი დაუდგება.
„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი კი განმარტავს, რომ „მეგობარი აქტი“ კი არა, მხოლოდ მისი მიღების „ჰოთლაინ“ პროცედურა შეჩერდა:
„აქტი კი არ შეჩერდა, ჰოთლაინის პროცედურა შეჩერდა. სენატი ამტკიცებს ორგვარად: 1. ჩვეულებრივი პროცედურა - განხილვებით და ა. შ. 2. ჰოთლაინ პროცედურა - როცა აქტი ჰოთლაინზე იდება და თუ არავინ გააპროტესტა, განუხილველად მიიღება. ეს ოფციები იმთავიდან იდო მაგიდაზე და სიმართლე გითხრათ, ჩვენ ჰოთლაინზე დადება არ გვხიბლავდა, გვერჩია, შორი გზა მოგვევლო და შინ მშვიდობით მივსულიყავით - ვიცოდით, რომ რენდ პოლი არ გამაზავდა განხილვის შესაძლებლობას და ჰოთლაინის პროცედურას გააჩერებდა.
ეს აქტს არაფერს დააკლებდა, მაგრამ ვხედავთ, რომ ნიუსი შექმნა, რითიც რეჟიმმა შეიძლება ხალხი დააბნიოს. მოკლედ, არ დაიბნეთ მეგობრებო - მეგობარი აქტი არ შეჩერებულა. განუხილველად მიღების პროცედურა შეჩერდა მხოლოდ და განხილვა იქნება. განიხილავენ და მიიღებენ აუცილებლად, თუ იქამდე პრორუსული, პროჩინური და პროირანული ხელისუფლების დემონტაჟი არ მოვახდინეთ აქ - ქართველებმა“, - ამბობს ჩერგოლეიშვილი.
კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე for.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ ეს მხოლოდ ტექნიკური მიზეზით შეჩერებული საკითხი კი არა, ტრამპის ადმინისტრაციის მიზანმიმართული ქმედებაა. არეშიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ შეძლო და გარკვეული კულუარული კომუნიკაციის შედეგად, ეს პროცესი შეჩერდა.
„საქმე იმაშია, რომ ისეთი ტიპის ლობისტები, როგორიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიქირავა, შესაძლოა, ხელისუფლებას არ ჰყავს, მაგრამ გარკვეული გავლენისა და კომუნიკაციის მექანიზმები ტრამპის ადმინისტრაციასთან ხელისუფლებას აღმოაჩნდა. ეს არის ინდივიდუალურად მომუშავე ადამიანების ჯგუფები, რომლებიც უფრო მარტივად შედიან სხვადასხვა გავლენიან ორგანოებში, იქნება ეს სენატი, თუ ამერიკის სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურა. თან ისინი ცდილობენ, ახსნან და განმარტონ ის სიტუაცია, რომელიც რეგიონშია შექმნილი, მათ შორის, საქართველოში. უნდა ითქვას, რომ ამ ადამიანების ნაწილი აშშ-ის მოქალაქეები არიან, რომლებსაც არსებულ სიტუაციაზე გული შესტკივათ და გარკვეულ ნაბიჯებს დგამენ“, - ამბობს არეშიძე.
მისივე თქმით, შესაძლოა, ზოგიერთი მათგანი არც არის „ოცნების“ მხარდამჭერი, მაგრამ ისინი რეგიონში არსებულ სიტუაციასა და გამოწვევებს რეალურად ხედავენ. მათ მიაჩნიათ, რომ საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭება კავკასიაში მათ მიზნებს ხელს შეუშლის და ჩვენი ქვეყნის გარეშე, რეგიონში სრულფასოვნად ვერ იქნებიან წარმოდგენილები.
„არავინ იფიქროს, რომ აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ეს ესკალაცია ხელშეწყობილი არ არის და არ არის კონკრეტული ძალების მიერ კარგად დაგეგმილი სპეცოპერაცია. ეს ყველაფერი განპირობებულია იმით, რომ ყარაბაღის ომის შემდეგ, თურქეთმა რუსეთს რევანში აუღო. ამას მოსკოვში უკვე გვიან მიხვდნენ, როგორც თავად ამბობენ. ამიტომ, ამ ფონზე, ახლა ყველას ინტერესია, ვინ გააკონტროლებს სამხრეთ კავკასიას და ფაქტია, საკუთარი ამბიციები და სურვილები ამერიკასაც აქვს. როგორც ჩანს, გამოჩნდნენ პრაგმატულად მოაზროვნე პოლიტიკოსები, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველოს გარეშე, ეს ამბავი არ გამოვა. სამხრეთ კავკასიის კონტროლის კუთხით, ეს ხელშემშლელი ფაქტორი იქნება. შესაბამისად, „ოცნების“ სასარგებლოდ, პოლიტიკური ჯგუფის ნაწილმა მოქმედება დაიწყო. უფრო სწორად, ისინი მიიჩნევენ, რომ ეს ამერიკის ინტერესების სასარგებლოა. ამიტომ ვხედავთ ამ პროცესს უკვე „მეგობარი აქტის“ გარკვეულ შეფერხებაში, რომლის უკანაც ტრამპის ახლო გარემოცვა და მეგობრები დგანან. ეს კი შემთხვევითი ფაქტი არ არის“, - ამბობს არეშიძე.