ყველა საჯარო დაწესებულებაში იარსებებს „მხილების“ ძლიერი მექანიზმი. მამხილებლის დაცვის მექანიზმი კი გაძლიერდება. მამხილებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი მოქალაქე, საჯარო სამსახურში მომუშავე პირი, რომელიც ამხელს კორუფციულ ფაქტს საჯარო დაწესებულებში. ინიციატივა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა გაახმოვანა და აღნიშნა, რომ პირს შეუძლია, კორუფციულ ფაქტთან დაკავშირებით, ანტიკორუფციულ ბიუროს ინფორმაცია მიაწოდოს, მტკიცების ტვირთი კი მამხილებელს არ ეკისრება და ის გამოკვლევის საგანი გახდება. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება ძალაში სექტემბრიდან შევა.
„მამხილებლის დაცვის მექანიზმები, ეს არის სიახლე, რომლის საშუალებითაც ყველა საჯარო დაწესებულებაში იარსებებს მხილების ძლიერი მექანიზმი. ეს იმას ნიშნავს, რომ ხშირ შემთხვევაში, როდესაც მოქალაქე მიმართავს საჯარო დაწესებულებებს, არ არის დროული პასუხები ამა თუ იმ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს მოქალაქის ნდობას კიდევ უფრო უარყოფითად განაწყობს საჯარო სექტორის მიმართ, ცხადია, ეს არის ჩვენი დემოკრატიისთვის ძალიან პრობლემური საკითხი და საფრთხის მატარებელი.
შესაბამისად, მამხილებლის ინსტიტუტის გაძლიერება იქნება რეფორმა, რომელიც გამჭვირვალობას შეიტანს. მამხილებელი არის ნებისმიერი მოქალაქე, მამხილებელი არის საჯარო დაწესებულებაში მომუშავე პირი, რომელიც ამხელს კორუფციულ ფაქტს კონკრეტულ საჯარო დაწესებულებში. ანტიკორუფციული ბიუროს როლი ამ განხილვის პროცესში ძალიან მნიშვნელოვნად იზრდება“, - განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.
გარდა ამისა, იგეგმება რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება, მაგალითად, საჯარო სექტორში არსებობდა პრაქტიკა, როდესაც საჯარო მოხელე რამდენიმე საჯარო დაწესებულებაში იყო დასაქმებული. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, შეიცვალა აღნიშნული კანონმდებლობა და სექტემბრიდან ვეღარ ისარგებლებენ ამ პრაქტიკით, რაც კორუფციის ერთ-ერთი წყარო იყო.
„აღარ მიეცემა კონკრეტული თანამდებობის პირებს, დაკავდნენ კიდევ სხვა საჯარო დაწესებულებებში და მიიღონ გაორმაგებული ხელფასები. აქ ანტიკორუფციული ბიუროს როლი ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია გამოვეცით იმისთვის, რომ ეს კანონი კიდევ უფრო სწორად და კარგად აღსრულდეს. კანონი ასევე ითვალისწინებს საგამონაკლისო მიმართულებებს. არსებობს მთელი რიგი დარგები, სადაც არის დარგობრივი დეფიციტი. აღნიშნული კანონი არ შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც მაგალითად, რამდენიმე თეატრში არიან დასაქმებულნი და სპექტაკლში მონაწილეობენ. ამიტომ, ძალიან სწორი და დროული იყო აღნიშნული ცვლილება.
მეორე კანონი გახლავთ, როდესაც უკვე მრჩეველი ვეღარ იქნება ანაზღაურებადი საქმიანობა. თუმცა, აქაც იმისთვის, რომ გამოირიცხოს ყოველგვარი კორუფციული რისკები, ანტიკორუფციულ ბიუროს მიღებული გვაქვს მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, სადაც ყველა ასეთი დასაქმებული პირი ვალდებული იქნება, წინასწარ განაცხადოს თავისი ინტერესი და შესაბამისი დეკლარაცია შეავსოს, ანუ ჩვენ გვეცოდინება მრჩევლად დანიშნულ პირს რა ინტერესი გააჩნია იმისთვის, რომ კორუფციული რისკები გამოირიცხოს და ვიცოდეთ, ეს ადამიანი კონკრეტულად რას საქმიანობს დაწესებულებაში“, - აღნიშნა რაჟდენ კუპრაშვილმა.
ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ამ დროის მონაცემებით, 240 ორგანიზაციას სწავლობენ, მოწმდება სახელფასო ფონდები, შემოსავლები, გასავლები და შესყიდვები. კუპრაშვილის განცხადებით, კვლევის პროცესშია კორუფციული ფაქტები, რაც გრანტების ხარჯვას უკავშირდება. იმ შეთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ ბრიტანული თანხაც არაკეთილსინდისიერად არის გამოყენებული და პოლიტიკას ემსახურება, კუპრაშვილი აცხადებს, რომ მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება. მისი თქმით, არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა გრანტით პოლიტიკური აქტივობები დაფინანსდა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელი ქვეყნის საელჩო ჰყავდა მხედველობაში.
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის დამცავი მექანიზმის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს ანალიტიკოსი, ედიშერ გვენეტაძე, რომლის განცხადებით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა აუცილებლად საჭიროა. იქიდან გამომდინარე, რომ უკვე მეოთხეჯერ არის „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში, ეს უკვე ქმნის ძალიან დიდ საფრთხეს იმისა, რომ კორუფცია მოედოს სახელმწიფო სტრუქტურებს.
„რატომ? - იმიტომ, რომ ხელისუფლებით ტკბობა, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ შემდეგ სახელმწიფო მოხელეებმა „ცა ქუდად არ მიიჩნიონ, დედამიწა - ქალამნად“ და აკეთონ არასახელმწიფოებრივი, კორუფციული საქმეები. როდესაც ვლაპარაკობ, რომ მეოთხედ არის ხელისუფლებაში მმართველი ძალა, უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოში არ არსებობს სახელმწიფოს განვითარებასა და ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული ოპოზიცია, რომელიც ჩაანაცვლებდა არსებულ ხელისუფლებას.
თუნდაც, შესაძლებელი ყოფილიყო კოალიციური მმართველობა, მაგრამ საქართველოს ტიპის ქვეყნისთვის კოალიციური მმართველობა არ მიმაჩნია ხელსაყრელად. ეს იმიტომ, რომ კოალიციური მმართველობა იქნებოდა ძალიან მძიმე გამოცდა საქართველოს სახელმწიფოსთვის და იმავდროულად, ვერც სახელმწიფოებრივი ინსტიტუტები განვითარდებოდნენ. გამომდინარე ი ქიდან, რომ მოწყვლადი ქვეყანა ვართ და ამავე დროს, ქვეყანა გავსებულია ეგრეთ წოდებული, მე-5 კოლონის წარმომადგენლებით, რომლებიც ფინანსდებიან უცხოეთიდან. შესაბამისად, კოალიციური მმართველობა საქართველოსთვის, დიდი ხნის მანძილზე, შეუძლებელი იქნება“, - აცხადებს ანალიტიკოსი.
აქედან გამოდმინარე, მისივე შეფასებით, აუცილებელია შეიქმნას ისეთი ოპოზიცია, რომელიც არც გარედან დაკრულზე იცეკვებს და არც მე-5 კოლონის ფუნქციებს შეასრულებს, სამაგიეროდ, სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებასა და სახელმწიფოზე იქნება ორიენტირებული.
„ამიტომ,ვფიქრობ, აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა ის, რომ უნდა გამკაცრდეს კორუფციასთან ბრძოლა და უნდა შეიქმნას კონტროლის მექანიზმები, ვინაიდან ხანგრძლივ ძალაუფლებაში ყოფნა ადამიანებს რყვნის. ალბათ, დადგება ის დრო, რომ შეიქმნება ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული ოპოზიცია, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებს შემდგომი განვითარების საშუალებას მისცემს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას, ედიშერ გვენეტაძემ.