კახა კალაძემ ევროკავშირის ელჩი დატუქსა

კახა კალაძემ ევროკავშირის ელჩი დატუქსა

ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ რეპრესიების შეჩერება, უსამართლოდ დაკავებულთა გათავისუფლება, რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმება და ღია დიალოგის უზრუნველყოფა არის ერთადერთი გზა მიმდინარე კრიზისის მოსაგვარებლად და საქართველოს ევროკავშირის გზაზე დასაბრუნებლად. ევროპელი დიპლომატი, უკვე მერამდენედ, ღიად ერევა ქვეყნის შიდა პროცესებში და ხელისუფლებას მიუთითებს, რა, როგორ და როდის გააკეთოს, რათა ბრიუსელის მოწონება დაიმსახუროს. ჰერჩინსკის, რომელიც დიპლომატის ფუნქციას გასცდა, კარისკენ მიუთითა თბილისის მერმა, კახა კალაძემ. 

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ევროკავშირის ელჩი ქვეყნიდან გასაგდებია და იქვე დასძინა, მასზე რომ იყოს დამოკიდებული, გააძევებდა. როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რა უბედურებაც ქვეყანაში ხდება, ყველაფერი სწორედ დასავლური ბიუროკრატიიდან მოდის.

„მე თუ მკითხავთ, ქვეყნიდან გასაგდებია, თუ ევროკავშირის ელჩი ამ ტიპის განცხადებას აკეთებს, როდესაც შენ გყავს კონკრეტული დამნაშავეები... ესეც, რა თქმა უნდა, იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რასაც ჩვენ ვხედავთ საქართველოსთან მიმართებით. ევროკავშირის ელჩთან, პიროვნულად, არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს, ნორმალური ადამიანია, მაგრამ მის სტატუსს იყენებს და მავნებლობს. ცხადია, ის ასრულებს დავალებას - რასაც ეუბნებიან, იმას აჟღერებს, ეს არის მოცემულობა.

ის პროპაგანდა და ნარატივი, რაც თქვენ გაქვთ, რომ თურმე ეს აქციები, მშვიდობიანი აქციები იყო, თურმე იმ „მოლოტოვის კოქტეილს“ მე და ჩემი თანაგუნდელები ვისროდით და ის ადამიანები საერთოდ არაფერ შუაში არ ყოფილან... თუ ვინმეს ხელისუფლების ცვლილება უნდა, ეს გადატრიალებისა და რევოლუციების გზით არ და ვერ იქნება! არსებობს არჩევნები, არსებობს ცივილიზებული ფორმა და ამ ფორმით უნდა მიხვიდე, დააფიქსირო შენი აზრი, ერთმა რიგითმა მოქალაქემ. არჩევნების გზით უნდა მოხდეს ხელისუფლების ცვლილება“, - აღნიშნა კალაძემ.

როგორც ქალაქის მერი აცხადებს, ევროკავშირის ბიუროკრატიას არ მოეწონა შედეგები, რომელიც დადგა 26 ოქტომბერს. ისინი დამარცხდნენ და ყველა გზას და მეთოდს იყენებენ, რომ ქვეყანაში, როგორმე, სახელმწიფო გადატრიალება მოახდინონ და დაპირისპირება-პოლარიზაციაც გამოიწვიონ.

„რეალურად, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის გამოყენება უნდათ თავიანთი ინტერესების გასატარებლად, ამას ფუთავენ ვითომ დემოკრატიული პროცესებით. რა დემოკრატიული პროცესები, ნახონ თავიანთ ქვეყნებში, რა ვითარებაა. რომელია დემოკრატიული პროცესი: რუმინეთში საპრეზიდენტო კანდიდატი რომ მოხსნეს იმის გამო, რომ უფრო ძლიერი იყო და უფრო მეტი რეიტინგი და ხალხის მხარდაჭერა ჰქონდა?! რაც შეეხება ისევ ევროკავშირის ელჩს, ეს ჩემი დამოკიდებულება და ჩემი ხედვაა და ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, რა თქმა უნდა, გავაძევებდი.

პატივი უნდა სცენ, პირველ რიგში, ქართულ სახელმწიფოებრიობას! ევროკავშირის ელჩს და ნებისმიერი ქვეყნის ელჩს, არანაირი უფლება არ აქვს ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში, ხელი შეუწყოს, თუნდაც საზოგადოების დაპირისპირებას, პოლარიზაციას. კეთილი უნდა ინებოს და თავი შეიკავოს ამ ტიპის განცხადებებისგან, რომელიც გაჯერებულია ტყუილით, სიცრუით ახალისებს ექსტრემიზმს, ბოროტებას და ყველაფერ უბედურებას, რაც ქვეყანაში ხდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

უმრავლესობის წევრის, თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, საქართველო, ერთგვარი, სტრატეგიული მოთმინების რეჟიმში იმყოფება. შესაბამისად, არიან მოლოდინში, თუ როდის იმძლავრებს, თუნდაც ბრიუსელში საღი აზრი, რომ აბსოლუტურად უთანასწორო მოპყრობები, რომელიც საქართველოსთან მიმართებით ფიქსირდება, დღის წესრიგიდან არის მოსახსნელი.

„ბატონი კახა კალაძის განცხადებას პაველ ჰერჩინსკის გაძევებაზე, შესაბამისი კონტექსტი ჰქონდა და მან პირდაპირ აღნიშნა, რომ ეს მისი, როგორც ერთ-ერთი ქართველის ინდივიდუალური განცხადებაა. მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის ამ პათოსსა და სულისკვეთებას სხვა ქართველებიც ვუერთდებით იმ თვალსაზრისით, რომ როდესაც ვხედავთ ყოველმხრივ უსაფუძვლო, უსამართლო თავდასხმებს კონკრეტული დიპლომატის მხრიდან ქართულ სახელმწიფოებრიობაზე, ჩვენს სუვერენიტეტსა და იმ საკითხებზე, ფასეულობებზე, რაც ქართული სახელმწიფოსა და ერის ფუნდამენტია, რასაკვირველია, შეიძლება, შესაბამისი განწყობები გაჩნდეს.

მეორე მხრივ, ჩვენ ისიც გვაქვს გაცხადებული, რომ ერთგვარი, სტრატეგიული მოთმინების რეჟიმში ვიმყოფებით. ეს სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა გულისხმობს იმას, რომ ჩვენი მხრივ, აბსოლუტურად მართლები ვართ სამართლებრივად, პოლიტიკურად, დიპლომატიური ეტიკეტის კონტექსტში და ა.შ. იმ სახელმწიფოებთან, ევრობიუროკრატიასთან მიმართებით, რომლებიც, სამწუხაროდ, გამოირჩევიან გალაშქრებით ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

ანალიტიკოსის, ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, სავარაუდოდ, ხელისუფლება ამას არ გააკეთებს, მაგრამ დარწმუნებულია, რომ კალაძის სიტყვებს აიტაცებს ოპოზიციაც და დასავლური მედიაც. ამის შემდეგ, როდესაც დასვლეთში საქართველოზე იქნება საუბარი, კალაძის ამ განცხადებას მტრული რიტორიკის ერთ-ერთ მაგალითად გამოიყენებენ.

„როგორც ვხედავთ, ხელისუფლებამ აირჩია ცალმხრივი მეგობრობის პოლიტიკა, თვითონაც აცხადებენ ამას. მე ამას დავარქმევდი თავშეკავების პოლიტიკას იმიტომ, რომ ხელისუფლებასაც არ უნდა ბოლომდე დაწვას ხიდები, ბოლომდე გადადგას მკვეთრი ნაბიჯები. შესაძლოა, ფიქრობს, ეს რომ გააკეთოს, ევროკავშირთან ისედაც გაუარესებული ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდება და ამან შეიძლება, კიდევ უფრო მეტი გართულება გამოიწვიოს. ნათქვამია, ხანდახან 5 წამით დაფიქრება სჯობს, ვიდრე შემდეგ ხანგრძლივი დრო მოანდომო მის გამოსწორებასო. ამიტომაც, გასაგებია, რომ ემოციურად ცოტა რთულია ამ ყველაფრის მიღება“, - აცხადებს ანალიტიკოსი.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ ასეთი პოლიტიკა აირჩია იმიტომ, რომ საქართველო არის პატარა, მოწყვლადი სახელმწიფო, რომელსაც უპირისპირდება უზარმაზარი ევრობიორაკრატიული მანქანა - ბრიუსელი, მთელი თავისი რესურსებით.

„ხელისუფლებაც ცდილობს, რომ რაღაცნაირად ლავირება მოახდინოს, მაგრამ თუკი შენ ლავირებას ცდილობ, მაშინ, რა თქმა უნდა, არ არის საჭირო ასეთი რიტორიკის გამოყენება - ჩემი ნება, რომ იყოს გავაძევებდიო. შეიძლება ამით ვიღაცებს გული მოფხანეს, საარჩევნო პერიოდია და გასაგებია, ასეთი რიტორიკა რასაც ემსახურება. თუმცა, ზოგადად, ვფიქრობ, რომ ასეთი რიტორიკა ევროკავშირთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ხელს არ უწყობს, მით უმეტეს ვაცხადებთ, რომ გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება და თან ეს გვიწერია კონსტიტუციაში, ამასთან, „ქართული ოცნების“ სლოგანი იყო - „ღირსებით ევროპაში“ და ახლაც აცხადებ, რომ ჩვენი საბოლოო მიზანი ევროკავშირში გაწევრიანებაა, შესაბამისად, ყველაფერი ეს, ერთმანეთთან თანხმობაში ვერ მოდის“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას, ზაალ ანჯაფარიძემ.

დოი როგორ გინდა რომ ამათი უტიფრობა აიტანო,ვითომ ქვეყნის კეთილისმოსურნენი ,არა და ,ჭიტლაყით გასაყრელები არიან!
14 საათის უკან