რადიკალური ოპოზიციის ბანაკი, რომელიც ბოიკოტის მომხრეა, აგვისტოში უწყვეტი პროტესტის გაგრძელებასა და წინააღმდეგობის კერების შექმნას აანონსებს, ხოლო სექტემბერში პროტესტის დიდი ტალღით იმუქრება. ისინი პირდაპირ აცხადებენ, რომ ხალხის ქუჩაში გამოსაყვანად ვიზალიბერალიზაციის თემას გამოიყენებენ. თუმცა, რამდენად შეძლებენ ისინი საზოგადოების მობილიზებას? იმავდროულად, ხელისუფლება და ოპოზიციის ნაწილი 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება.
„დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ ოპოზიციის რვა პარტიას კონკრეტული გეგმა აქვს წინააღმდეგობის გასაფართოებლად. მისი თქმით, ეს პროტესტი რუსთაველზე არსებული უწყვეტი და დასაფასებელი აქციების გაგრძელება იქნება.
„რვა პარტიას გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ გავაფართოოთ წინააღმდეგობა, რომელიც რუსთაველზეა - უწყვეტი და ძალიან დასაფასებელი. ამიტომ ჩვენ წინააღმდეგობის კერებს შევქმნით, გვაქვს ამის კონკრეტული გეგმა. ამაზე გვექნება საუბარი რუსთაველზეც, ეთერებშიც, კონკრეტული წინააღმდეგობის კერები მთელი საქართველოს მასშტაბით. აგვისტოში უწყვეტი პროტესტი უნდა გავაგრძელოთ და სექტემბერში ვიზალიბერალიზაციაზე საქართველომ უნდა დაიხუვლოს რაოდენობითაც, მასშტაბითაც, სიდიდითაც, ყველაფრით უნდა დაიხუვლოს და მთლიანად საქართველომ უნდა თქვას - არა. ირაკლი კობახიძეს არავინ ჰკითხავს ჩემი შვილის მომავლის წართმევას“, - ამბობს ის.
ასევე, 24 ივლისს გახდება ცნობილი, ოპოზიციის რომელ ბანაკს შეუერთდება ანა დოლიძე - მათ, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ, თუ მათ, რომლებიც არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ. დოლიძის მსგავსად, პოლიტიკურ ველზე არსებული დაპირისპირება არ მოსწონს ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიას, რომელიც სიტუაციის გამოსწორების ერთ-ერთ გზად თვითმმართველობის არჩევნებს მიიჩნევს.
4 ოქტომბერს დანიშნულ არჩევნებს, გახარიას პარტიის მსგავსად, ხაზარაძე-ჯაფარიძის „ლელოც“ გამოიყენებს. „ლელო“ მუნიციპალურ არჩევნებში საკუთარ ძალებს ოპოზიციის ოპოზიციაში მყოფების კრიტიკის მიუხედავად გამოსცდის. ბიულეტენში არ დახვდება არც 5 და არც 4 ნომერი, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ და ყოფილი „ნაციონალების“ პარტია ქუჩის პროტესტს აანონსებენ და თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ.
მმართველი გუნდისთვის - „ქართული ოცნებისთვის“ არ აქვს მნიშვნელობა, რა ნომრები იქნება საარჩევნო ბიულეტენზე, 41 ნომრის გარდა. „ქართული ოცნება“ საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია და მიიჩნევს, რომ ყველა ოპოზიციურ პარტიას საერთო მმართველი ჰყავს, რომლის მიზანიც საქართველოში დესტაბილიზაციისა და არეულობის მოწყობაა.
ლევან მაჭავარიანი, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ამბობს:
„დეკლარირებულად ვიცით, რომ ბატონი გახარიას და ბატონი ხაზარაძის პარტიები ამ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ. ასეთი ინსტრუქცია მიიღეს და, რა თქმა უნდა, შეასრულებენ. შევახსენებ საზოგადოებას, რომ თვეების წინ, ისინი აბსოლუტურად საპირისპიროს ამტკიცებდნენ. ორი რადიკალური პარტია - ჯამური კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობიდან“ - ბოიკოტის რეჟიმში რჩება, ვინაიდან ასეთი ინსტრუქცია აქვთ მიღებული.
რა თქმა უნდა, შიდა დაპირისპირებები არის ამ ოთხ პარტიას შორის, მიუხედავად იმისა, რომ ისინი აბსოლუტურად ერთი და იგივე ვერტიკალიდან იმართებიან, იქიდან გამომდინარე, რომ ამ ოთხივე პარტიას სურს, ფავორიტი იყოს იმ გლობალური ომის პარტიის, აგენტურისთვის, ევრო ბიუროკრატებზე მაქვს საუბარი ამ შემთხვევაში, და ზოგადად, „დიფ სთეითისთვის“, ვინაიდან, ფავორიტს აქვს უფრო მეტი დაფინანსება, ფავორიტი სარგებლობს უფრო მეტი პრივილეგიებით და ა.შ. შესაბამისად, ის დაპირისპირება რაც არის, ერთი მხრივ, ხელოვნურად დადგმული სპექტაკლია, მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, შიდა კონკურენცია არსებობს, როგორც ამ ოთხ პარტიას შორის, ისე უშუალოდ ამ პარტიის წევრებს შორის“, - ამბობს მაჭავარიანი.
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე for.ge-თან მიიჩნევს, რომ ბოიკოტის მომხრეთ პერსპექტივა არ აქვთ და მათ შესაძლებლობებს სკეპტიკურად აფასებს. მისი თქმით, ეს ტაქტიკა მეტწილად იმითაა განპირობებული, რომ არჩევნებში მონაწილეობა მათთვის მტკივნეულად წაგების ტოლფასია.
„ბოიკოტი უნდათ, რომ დასავლეთს უთხრან, არ ვცნობთ არც ხელისუფლებას და არც ცესკო-ს. ეს არის პოლიტიკური ტაქტიკა, თუმცა რეალურად უკვე ჩაძირულები არიან. აქციებითაც ვერ შეძლებენ გამოსვლას, რადგან მასობრივი მობილიზაციის რესურსი დაკარგული აქვთ, ხოლო ვიზალიბერალიზაციის თემის გამოყენება პროტესტის გასამართლებლად, საზოგადოებაში ემოციურ ფონს ვერ შექმნის, რადგან მოსახლეობა ხედავს, რომ ბრიუსელის განწყობები საქართველოს შიდა დაპირისპირებაზეა დაფუძნებული. შესაბამისად, ეს შანტაჟი მოსახლეობისთვის მიუღებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქამდე რუსთაველი სავსე იქნებოდა“, - ამბობს ანალიტიკოსი.
მისივე თქმით, მოძრაობა „ლელო“ და „გახარია - საქართველოსთვის“ ვერ მოახერხებენ წინასაარჩევნო კამპანიის სრულფასოვნად ჩატარებას, რადგან მათ არ აქვთ საჭირო ფინანსური და ადამიანური რესურსი.
„კანონით გათვალისწინებულ ეთერსა და ტელევიზიებში საკუთარ სივრცეს გამოიყენებენ, თუმცა მოსახლეობისთვის არსებითი შეთავაზება არ გააჩნიათ. არ არსებობს ქარიზმატული ლიდერი, რომელიც სერიოზულ თემას ააგორებს. არც პროგრამული იდეები აქვთ, რომელიც მოქალაქეებში ნდობას აღძრავს - სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე ლაპარაკიც კი ხალხისთვის უკვე უაზროდ ჟღერს“, - აცხადებს მამრაძე.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე for.ge-თან მიიჩნევს, რომ იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც მზად არიან არჩევნებში მონაწილეობისთვის, მეტი საზოგადოებრივი მხარდაჭერა ექნებათ, ვიდრე ბოიკოტის მომხრე ჯგუფებს.
„თუ ამომრჩეველი საღად მოაზროვნეა, გაუჭირდება მხარი დაუჭიროს ძალებს, რომლებიც რადიკალურ ქმედებებზე აკეთებენ აქცენტს. რა საერთო უნდა ჰქონდეს ოპოზიციურ ამომრჩეველს მათთან, რომლებიც ქუჩური ექსტრემიზმისა და ძალადობის ენით საუბრობენ. ბოიკოტის მხარდამჭერი ნაწილი არ წარმოადგენს კონსტრუქციულ ალტერნატივას, პირიქით - მათ რიტორიკაში, შესაძლოა, სახელმწიფოს დესტაბილიზაციისკენ მიმართულ პოლიტიკურ მუხტსაც კი ვხედავდეთ.
ამიტომ არჩევნების მომხრეები - მაგალითად, „ლელო“, ან „გახარია - საქართველოსთვის“ - სისტემაში დარჩენის გზით ცდილობენ, მიაღწიონ ცვლილებებს. ხოლო ბოიკოტის ძალები ხშირად იქცევიან ისე, თითქოს ძალადობრივი სცენარებისთვის ემზადებიან - გადატრიალება, არეულობა, შემდეგ კი ქვეყნის ომში ჩათრევა - მათი მიზანი, სწორედ ეს არის“, - ამბობს ანალიტიკოსი.
გვენეტაძე სკეპტიკურად აფასებს ბოიკოტის მომხრეთა რეგიონული აქტივობების პერსპექტივასაც. მისი თქმით, რეგიონებში მხარდამჭერის მოპოვების მცდელობა შედეგს ვერ მოიტანს.
„მათ ჰგონიათ, რომ რეგიონების მოსახლეობა ადვილად დაუჯერებს. სურთ, წარსული სისხლიანი პერიოდი ხალხს დაავიწყონ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რაც ქართველმა ხალხმა გამოიარა. ამიტომ, რეგიონში ყველაზე კარგად იციან ამის ფასი. ხალხი იქ უფრო ანტიოპოზიციურია და მათ არცერთ სიტყვას არ დაიჯერებს. პირიქით, თვალის დასანახად ვერ იტანენ „ნაციოანლებს“. ეს არჩევნების შედეგიდანაც კარგად გამოჩნდა“, - ამბობს გვენეტაძე.