„პოლიტიკური ლუზერი“ ანა დოლიძის გზა რადიკალიზმიდან საარჩევნო მარათონამდე

„პოლიტიკური ლუზერი“ ანა დოლიძის გზა რადიკალიზმიდან საარჩევნო მარათონამდე

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მსურველი ოპოზიციური პარტიების რიცხვი იზრდება. „ლელოს“ და გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ შემდეგ, დიდი ალბათობით, არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძეც მიიღებს. მედიაში უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დოლიძეს გადაწყვეტილება მიღებული აქვს, თუმცა თავად პარტია ოფიციალურ განცხადებას 24 ივლისს გაავრცელებს.

ანა დოლიძის სავარაუდო გადაწყვეტილებამ ოპოზიციის ნაწილსა და მის მხარდამჭერებში უარყოფითი გამოხმაურება გამოიწვია. ამასთან დაკავშირებით, ანა დოლიძემ სოციალურ ქსელში  სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც ის კრიტიკოსებს პასუხობს:

„გოჭებო, 17 წლის ასაკში, 90-იან წლებში, 6 სკოლა და 6 უბანი მაქვს გამოცვლილი, მათ შორის, ერთი ამერიკის და იმდენი ბულინგი მაქვს ნანახი, რომ ხუთოსანი გოგო რომ არ ვყოფილიყავი, უეჭველი ქურდი გავხდებოდი. ასე რომ გამოუშვით, რაც გაქვთ, გესლი, „ვიმატაოთ“ ცოტა. სერიოზულად კი, ხუთშაბათს პარტია გაგაცნობთ არჩევნების ამბავს“, - დაწერა დოლიძემ.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია და არც თუ ფუჭი ეჭვი იმის შესახებ, რომ შესაძლოა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, თვით „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ კი მიიღოს მონაწილეობა. არსებობს მოლოდინი, რომ პარტია ამ გადაწყვეტილებას 6 აგვისტომდე მიიღებს. ეს კი კიდევ უფრო ამყარებს მოსაზრებას, რომ ოპოზიციის რადიკალური ფრთა, რომელიც არჩევნების ბოიკოტს ემხრობოდა, სუსტდება.

ჩნდება კითხვა, რამდენად ჩავარდა ოპოზიციის რადიკალიზმი და რა პოლიტიკური წონადობა აქვს ანა დოლიძეს ამ ახალ პოლიტიკურ კონტექსტში. დოლიძის პარტიის არჩევნებში ჩართვა, ისევე, როგორც სხვა ოპოზიციური პარტიების მსგავსი ნაბიჯები, შეიძლება მიუთითებდეს პოლიტიკურ სპექტრში პრაგმატული მიდგომების გაძლიერებაზე, რაც პოლიტიკური პროცესების შემდგომ განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. 

მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, ოპოზიციური პარტიების, მათ შორის, ანა დოლიძის პარტია „ხალხისთვის“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას, განსაკუთრებული შეშფოთებით არ ხვდება. პირიქით, ისინი ამ ფაქტს ოპოზიციის შიდა დაპირისპირებისა და სისუსტის ნიშნად აღიქვამენ.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ხშირად აღნიშნავენ, რომ მათთვის არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ოპოზიციური პარტია, ან ლიდერი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, რადგან ისინი საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულები არიან. მათი გზავნილია, რომ ოპოზიცია გაერთიანებულია, თუ დაშლილი, მაინც ვერ შეძლებს მმართველი პარტიის დამარცხებას.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციისთვის არჩევნებში მონაწილეობაც და ბოიკოტიც პოლიტიკური მარცხით დასრულდება. ეს განცხადება მიანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლება ოპოზიციის არჩევანს, მიიღოს თუ არა მონაწილეობა, საკუთარი პოლიტიკური სტრატეგიის ნაწილად განიხილავს და ორივე შემთხვევაში, მათთვის სასურველ შედეგს ელის. 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ანა დოლიძის პოლიტიკური აქტივობა, დიდი ხანია, ნულოვანია. მისი თქმით, დოლიძე არაფერს წარმოადგენს საქართველოს ამომრჩევლისთვის, რადგან მისი ქმედებები არათანმიმდევრული და არასწორხაზოვანია.

„ანა დოლიძის რეიტინგი, ვფიქრობ, ნულის ტოლია, რადგან ბოლო დროს ისეთი საქციელითა და განცხადებებით გამოირჩეოდა, რომ თუ რამე მხარდაჭერა და სიმპათია ჰქონდა ვინმეს მის მიმართ, ისიც დაკარგა. მისი არაადეკვატური და რადიკალური ქცევები იმდენად ამაზრზენი იყო, რომ არ ვიცი, ვისში შეეძლო მას სიმპათიები გამოეწვია: გზის გადაკეტვა, მძღოლებთან და პოლიციასთან დაპირისპირება, რადიკალური ქმედებები, ყვირილი, უაზრო და არაფრის მომცემი განცხადებები. მისი, როგორც პოლიტიკოსის ყოველნაირი იმიჯი გადაიხაზა. ის არ ტოვებს სერიოზული პოლიტიკოსის შთაბეჭდილებას, ამიტომ ძალიან დიდი კითხვის ნიშანი ჩნდება - ნუთუ, ამდენი ცოდნა და განათლება იმისთვის მიიღო აშშ-ში, რომ ქუჩის რიგითი, აგრესიული, თავცარიელი აქტივისტი ყოფილიყო“, - უკვირს აბაშიძეს.

ანალიტიკოსის განცხადებით, რამდენიმე წლის წინ, როდესაც მაჟორიტარული არჩევნები იყო ძალაში, ანა დოლიძემ დიდუბის საოლქო შედეგების მიხედვით, მეოთხე ადგილი დაიკავა.

„როცა თავადაც კარგად იცის, რომ არჩევნებში, შესაძლოა, 1%-ზე მეტი მხარდაჭერაც კი ვერ მიიღოს, ასეთ მონაწილეობას არ სჯობს, ისევ ბოიკოტს მიჰყვეს? ასე მაინც რაღაც სახეს შეინარჩუნებდა. მისი პოლიტიკური გაბანკროტება ხომ არ მოხდებოდა ბოლომდე. მე ვურჩევ, შეეშვას პოლიტიკას, დაკავდეს სამეცნიერო ნამუშევრებით და ბულინგის მსხვერპლიც არ გახდება.

მრავალწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, მან საკუთარ თავს დაუმტკიცა, რომ პოლიტიკური ლუზერია. მაგრამ ჯიუტია და ფიქრობს, რომ ამ ფორმით, მედიაში უფრო აქტიურად იტივტივებს ზედაპირზე. სხვაგვარად, მისი სახელი არც არავის ახსოვს დიდად. ამიტომ, როგორც ჩანს, ამ არჩევნებში მონაწილეობაც ამ მოტივით გადაწყვიტა, რომ დღის წესრიგში, მისი აქტიურობა მედიისთვის შესამჩნევი იყოს. სხვაგვარად ბოიკოტიც ჩაუვარდათ, რადიკალიზმიც და ქუჩის აქციებიც, ამიტომ ახლა ყურადღების მიქცევას ამით ცდილობს“, - ამბობს აბაშიძე.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ არჩევნებში შესაძლო მონაწილეობას, აბაშიძე ამბობს, რომ გამორიცხული არაფერია, თუმცა ენმ იმოქმედებს ისე, როგორც ამას მათი „პატრონები“ მიუთითებენ, დასავლეთიდან. ამ ეტაპზე მათ უთხრეს, რომ ბოიკოტში უნდა დარჩნენ, ახლა კი პასუხს ელოდებიან. თუ ეტყვიან, რომ მიიღონ მონაწილეობა, ასეც მოიქცევიან.

„ილუზიას ქმნიან იმისა, რომ ვითომ არჩევნებს „ნაციონალები“ აცდნენ და ე.წ. კონსტრუქციული ოპოზიცია იღებს არჩევნებში მონაწილეობას. მოკლედ, ორ ფლანგად არიან გაშლილები. თუმცა, მოხდება იგივე, რაც 2024 წელს, საპარლამენტო არჩევნებზე მოხდა. დაიწყებენ ისევ საუბარს გაყალბებაზე და ა.შ. ხელისუფლება კი რეგიონებშიც და ქალაქებშიც გაიმარჯვებს გამჭვირვალედ, ღირსეულად და ძალიან გრანდიოზულად“, - ამბობს აბაშიძე. 

 

 

Gami ეს რომელი გოჭებია? რუსული? ვისი ხორციც ბიძამისმა აჭამა გურიაში? აბდალა ქალი.
6 საათის უკან
კანუდოსელი არა, ის გოჭები არ იყო, ქათმები იყო :))) რუსული წიწილა შესანსლა დოლიძემ.
24 წუთის უკან