10 ათასი დოლარი - ანტიქართული განცხადებებისთვის. სწორედ ამდენი ხვდა წილად ამერიკელ კონგრესმენს, ჯო უილსონს საქართველოს წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებებისთვის, ლობისტური კომპანიისგან - „ნელსონ მალინსი“. ამასთან, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელი აგენტების რეესტრის გვერდზე, 11 ივლისს გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ნელსონ მალინსის“ ლობისტური კომპანია 360 000 აშშ დოლარად დაიქირავა. ამავე დოკუმენტით ისიც ირკვევა, რომ ეს თანხა ექვსი თვის საქმიანობის ღირებულებას შეადგენს. „ნაცმოძრაობა“ ხელშეკრულებაში ოფიციალურად მითითებულია, როგორც „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ და არა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
აღსანიშნავია, რომ „ნელსონ მალინსის“ სათავო ოფისი სამხრეთ კაროლინის შტატში, ქალაქ კოლუმბიაში მდებარეობს. წლების განმავლობაში, ლობისტური კომპანია აქტიურად აფინანსებს ორივე პარტიის კონგრესისა და საპრეზიდენტო კანდიდატების პოლიტიკურ კამპანიებს (Donations to PAC), მათ შორისაა ჩვენთვის კარგად ნაცნობი სამხრეთ კაროლინელი კონგრესმენი, ჯო უილსონი. ღია წყაროებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ უილსონის კამპანიისთვის ლობისტურ კომპანიას ჯამში 87 500 აშშ დოლარი აქვს შეწირული (ბოლო 20 წლის განმავლობაში).
2024 წლის კონგრესის არჩევნებისთვის კი „ნელსონ მალინსმა“ პოლიტიკურ კამპანიას 10 000 აშშ დოლარი შესწირა. კომპანიის მიერ დაფინანსებულ კანდიდატებს შორისაა სამხრეთ კაროლინელი სენატორი ლინდსი გრემიც, რომლის 2024 წლის კამპანიასაც „ნელსონ მალინსმა“ ჯამში 35,000 აშშ დოლარი შესწირა. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური შემოწირულობები ხორციელდება არა მხოლოდ აღნიშნული კომპანიის სახელით, არამედ მასში დასაქმებული პირების სახელითაც, რაც ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ლობისტებისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ გადახდილი თანხა კონგრესმენ ჯო უილსონის კამპანიას მოხმარდება, რის სანაცვლოდაც კონგრესმენი განაგრძობს დეზინფორმაციულ კამპანიას საქართველოს შესახებ და ხელს შეუწყობს „მეგობარი აქტის“ მიღების პროცესს.
ასეთია ღალატის ანატომიის მორიგი ფაქტი, რომლის მთავარი მონაწილე „გმირები“ საქართველოს მოქალაქეები არიან. მათი მთავარი მიზანია ქვეყანაში პროცესების რადიკალიზაცია და ამ პროცესიდან ისევ ფინანსური სარგებელის მიღება. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია განსაჯაროვდა, „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებიათ, მათ შორის, არც ამ ფულის წარმომავლობასთან დაკავშირებით.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელ აგენტთა რეესტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას გამოეხამაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, რომლის განცხადებით, გაირკვა რა ღირს „ქართველი ხალხის სიყვარული“.
„აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელ აგენტთა რეესტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამერიკული ლობისტური კომპანია დაიქირავა - შემოწირულობებს კონგრესმენი ჯო უილსონიც იღებდა“, - წერს შალვა პაპუაშვილი.
უმრავლესობის წევრის, ლევან მახაშვილის განცხადებით, გასაგები გახდა, რა არის ჯო უილსონის მხრიდან საქართველოს „სიყვარულისა“ და „მეგობრობის“ ფასი.
„ჩვენ ვამბობდით, რომ დღეს თუ ხვალ, აუცილებლად დადგებოდა ის დღე, როდესაც გაირკვეოდა, რომ სინამდვილეში, ჯო უილსონის აქტიურობის უკან იყო ფული. ჩვენ დღეს გავიგეთ, რა არის ჯო უილსონის მხრიდან საქართველოს „სიყვარულისა“ და „მეგობრობის“ ფასი. ეს არის 360 000 დოლარი, დაახლოებით, ერთი მილიონი ლარი. ქართულ პოლიტიკაში ჩვენ გვახსოვს, რომ ბევრი ცდილობდა მილიონების შოვნას და როგორც ჩანს, ბატონ სანიკიძეს დღეს უკვე შეუერთდა ბატონი უილსონიც, რომელიც ქართული პოლიტიკიდან ცდილობს მილიონების შოვნას“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
„ხალხის ძალის“ წარმომადგენელი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მოსახლეობა „ფარას“ წყალობით იგებს, რას აკეთებენ „ნაცმოძრაობა“ და მათი მეგობარი, ჯო უილსონი.
„ყველას და ყველაფერს ბოიკოტს უცხადებს „ნაცმოძრაობა“ და ამბობს, რომ ვადამდელ არჩევნებამდე აპოლიტიკურია. ამ დროს, ლობისტურ კომპანიას თანხას ურიცხავს, ასევე, კონგრესმენ ჯო უილსონსაც, რომელიც ცნობილია, როგორც საქართველოს მოწინააღმდეგე. იბრძვიან იმისთვის, რომ საქართველოში გამჭვირვალობა გაუქმდეს, კაცების ქორწინება დაკანონდეს და ძალადობრივი აქციები დაფინანსდეს, რათა „დიფ სთეითის“ დავალება შეასრულონ და რევოლუციური სცენარები განახორციელონ. არ გამოსდით, მაგრამ ცდილობენ“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
ანალიტიკოს დავით ჩიხელიძის განცხადებით, გავრცელებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული შავი პიარი დააფინანსა. ანალიტიკოსის შეფასებით, ეს ქმედება გვარწმუნებს, რომ მათი ადგილი ციხეშია და არა პოლიტიკაში.
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაფინანსებულ ადამიანებს შორის, ჩვენთვის კარგად ნაცნობი ჯო უილსონიცაა, რომელიც საქართველოს კრიტიკით არის გამორჩეული. მინდა, „ნაცებს“ ვუთხრა, თუ ვინმეს იმიტომ ქირაობთ, რომ საქართველო გააშავოს, პატივი მაინც გვეცით და ჯო უილსონს ნუ გვაკადრებთ, მისთვის საქართველოს ხსენებაც კი დიდი პატივია.
მათმა ქცევამ გამსახურდიას სიტყვები გამახსენა - „როცა ერს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც კი ვერ გაამარჯვებინებს მას“. უამრავი შიდა მტრის მიუხედავად, საქართველო განვითარებას ახერხებს, რაც ნამდვილად დასაფასებელი მოვლენაა. სწორედ, საქართველოს სტაბილურ განვითარებაში ჩანს „ქართული ოცნების“ სიძლიერე და ქვეყნის სიყვარული“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.
ანალიტიკოსის, „ხალხის ძალის“ წევრის, დავით ქართველიშვილის განცხადებით, ის, რომ „ნაცმოძრობა“ ხელშეკრულებაში ოფიციალურად მითითებულია, როგორც „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ და არა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ეს პირადად პეტრე ცისკარიშვილის ინიციატივა იყო - „დავაბნიოთო, საქართველოს ჩლუნგი მოსახლეობა“, რაც მისი თქმით, მართლაც გამოუვიდა, რადგან ასეთი დაბნეული მათი ამომრჩეველი ჯერ არ ყოფილა.
ქართველიშვილი დარწმუნებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ახალი ლობისტური კომპანიის დაქირავებისთვის გადარიცხული თანხა აისახება ადრესატების ანგარიშებზე. ექსპერტი არც იმას გამორიცხავს, რომ თანხა საქართველოს ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის გაცილებით მეტია, ვიდრე ეს „ფარას“ დოკუმენტშია ასახული.
„დოკუმენტის შედგენისას, აშკარაა მისი შენიღბვის მცდელობა, რათა საზოგადოებამ ვერ გაიგოს, ვინ და რა მიზნებისთვის ხარჯავს ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიისთვის ფულს. მე, მაგალითად, მეცოტავება 360 000 აშშ დოლარი. შემიძლია გონივრული ეჭვი გამოვთქვა, რომ ეს არის ის თანხა, რომელიც უნდა დაფიქსირებულიყო. ისიც საკითხავია, ამ დეკლარირებული თანხის გარდა, შავი „ქეშის“ სახით, რა იმალება.
მე მომეწონა დოკუმენტის შემდგენლების მხრიდან რაღაც-რაღაცების შენიღბვის მცდელობა. მაგალითად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ნაცვლად, დოკუმენტში „ერთობა - ნაციონალური მოძრაობა“ ჩაწერეს იმისთვის, რომ საზოგადოება არ მიმხვდარიყო, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. ამავე ლოგიკით, მათ ამ პრეფერენციების ერთ-ერთი ობიექტი, ჯო უილსონი შეეძლოთ წარმოედგინათ, როგორც ვილ ჯონსონი და დოკუმენტზე ხელმომწერი ყოფილიყო არა პეტრე ცისკარიშვილი, რომელიც „ფარამ“ ამხილა, არამედ ცისკარ პეტრიაშვილი.
თუმცა, ერთადერთს, რასაც ისინი ვერ შენიღბავდნენ, 360 000 არა რუბლი, არამედ აშშ დოლარია, რაც აუცილებლად უნდა დაფიქსირებულიყო. ეს თანხა, დიდი იმედია, სარფიანად გადანაწილდა საქართველოს „დაუძინებელი მეგობრების“ საკრედიტო ბარათებზე“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.