საპატრიარქოს არგუმენტები ევრობიუროკრატების შანტაჟის წინააღმდეგ

საპატრიარქოს არგუმენტები ევრობიუროკრატების შანტაჟის წინააღმდეგ

ევროკომისიის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს, რათა უვიზო რეჟიმს საფრთხე არ დაემუქროს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების გაუქმებაა. ბრიუსელის ამ მოთხოვნას, რომელსაც ემატება მოწოდება იმასთან დაკავშირებით, რომ შეიტანოს შესწორება ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში, LGBTIQ თემის უფლებების სრულად დასაცავად, სამწუხაროდ, დამცველები გამოუჩნდნენ სასულიერო პირებში, რომლებიც ამბიონიდან ლიბერალიზმს ქადაგებენ.

არქიმანდრიტი ილია თოლორაია: „ასეთი უმადურობა არ შეიძლება, ასეთი ტყუილები და ფარისევლობაც არ შეიძლება, რასაც ამბობენ, გუშინ სხვას ამბობდნენ დღეს სხვას ამბობენ. „ღირსებით ევროპისკენო“, მერე გამოჩნდა, რომ თურმე ევროპა „ომში გვითრევს“, ახლა გამოჩნდა, რომ არიქა, ევროპა კაცებს ათხოვებსო. არ შეიძლება ასეთი ფარისევლობა, არ შეიძლება ასეთი ტყუილები და რატომ გაქვთ ასეთი დაბალი წარმოდგენა ქართველ ერზე, არ ვიცი. იმიტომ, რომ იმდენ ტყუილს ეუბნებით, ისე უპატივცემულოდ ექცევით, რომ არ ვიცი. თქვენ გგონიათ, რომ ქართველი ერი ამ ყველაფერს აიტანს, თავს დაგიხრით - არ არის ქართველი ერი ის ერი, რომელიც თქვენ და რუსეთს დაემონება“.

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციებს გამოეხმაურა საქართველოს საპატრიარქო და როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სთან შეხვედრებზე, ყოველთვის მკაფიოდ იყო ნათქვამი, რომ ქართველი ხალხის ნებაა ქრისტიანული და ტრადიციული ოჯახური ღირებულებების დაცვა. ამასთან, საპატრიარქოში განმარტავენ, შეხვედრებზე ნათქვამი იყო, რომ ქვეყნის ევროსტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე კატეგორიული მოთხოვნა და რამე ვალდებულების დაკისრება, რაც ჩვენი ტრადიციების საპირისპირო იქნებოდა, არ მოხდებოდა.

„ბოლო პერიოდში, ევროსაბჭოს მიერ საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციების შინაარსი ქართველი საზოგადოებისა და მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. საუბარია იმ ნაწილზე, რომელიც ითვალისწინებს ოჯახის სიწმინდის დაცვისა და არასრულწლოვანთა მიმართ, ე. წ. ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვის კანონმდებლობის გაუქმების მოთხოვნას. აღნიშნული მიდგომა სრულად ეწინააღმდეგება იმ პრინციპებსა და განცხადებებს, რომლებიც წლების განმავლობაში ვრცელდებოდა, როგორც ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებისაგან, ისე მაღალი რანგის დიპლომატებისაგან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალ იერარქებთან გამართული არაერთი შეხვედრისას. მათი მხრიდან ყოველთვის ნათლად იყო განმარტებული, რომ საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი არ უკავშირდება არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდის ხელშეწყობას.

უწმინდესსა და უნეტარესს, ილია II-ს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ევროპული არჩევანი შეიძლება განხორციელდეს იმ პირობებში, როდესაც თავსმოხვეული არ იქნებოდა ღვთის საწინააღმდეგო სწავლება, როგორიც არის არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა. ყოველივე ამის ფონზე, ევროპელთა ამჟამინდელ რეკომენდაციებში ისეთი დებულებების შეტანა, რომლებიც პირდაპირ, ან ირიბად გულისხმობს ლგბტ პროპაგანდისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონების გაუქმებას, დიდ გაწბილებას იწვევს, სრულად ეწინააღმდეგება არა მხოლოდ ღვთის სწავლებებსა და ქრისტიანობის საფუძვლებს, არამედ იმ ზეპირსიტყვიერ და წერილობით დაპირებებსაც, რომლებიც წარსულში არაერთგზის დაფიქსირდა პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობისას“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ თავის დროზე, კანონები ოჯახური ფასეულობების თაობაზე და არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდისაგან ახალგაზრდების დაცვის შესახებ, მორწმუნე საზოგადოებამ სრულად გაიზიარა და ეკლესიამ მადლიერება გამოთქვა ხელისუფლებისადმი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დღესაც, არსებულ პირობებში, მორწმუნე საზოგადოებას მიაჩნია, რომ ჯანსაღი საზოგადოებრივი ცხოვრების წესის განსამტკიცებლად, ეს კანონები ყოველმხრივ ადეკვატურია.

„სამწუხაროდ, ევროსაბჭოს ბოლო რეკომენდაციები დღეს უკვე ღიად ურთიერთშეუთავსებელ პოზიციაში წარმოაჩენს ერთი მხრივ, ოჯახური ტრადიციების მხარდაჭერას და მოზარდების ლგბტ პროპაგანდისაგან დაცვას, მეორე მხრივ კი, ქვეყნის ევროპისკენ სწრაფვის პერსპექტივას, რაც საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილში იმედგაცრუებას იწვევს“, - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი არის საკითხი, როდესაც ეკლესია და სახელმწიფო ერთიანნი არიან. ანალიტიკოსის, ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, სხვათა შორის, ამ ბოლო რეკომენდაციებით, ევროკავშირმა ქართველი საზოგადოება ძალიან მკაფიოდ დააყენა არჩევანის წინაშე - იაროს ქრისტეს გზით, თუ იაროს ბარაბას გზით. დარჩეს მართლმადიდებელი სარწმუნოების მატარებელი, თუ უარი თქვას მასზე და ცოდვის პროპაგანდა, გავრცელება დაუშვას ჩვენს ქვეყანაში.

„მოდით, სიმართლეს თვალის გავუსწოროთ, რა თქმა უნდა, არის ჩვენი საზოგადოების ნაწილი, რომელიც უკვე კარგა ხანია, ბარაბას გზით დადის და მათ ევროკავშირის ეს რეკომენდაციები სალბუნად ედებათ გულსა და სულზე. თუმცა, ჩემი აზრით, საზოგადოების უმრავლესობას არ სურს ბარაბას გზით სიარული, რა ფოჩიანი კამფეტებიც არ უნდა გადმოუგდონ ამისათვის. ნამდვილად დროულია ეკლესიისა და საპატრიარქოს რეაქცია, რომ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც შეიძლება ვერ გარკვეულა ბოლომდე სიტუაციაში, გონს მოეგოს და გაერკვეს, თუ რა დევს სასწორზე“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ანალიტიკოს გია აბაშიძის შეფასებით, საპატრიარქოს განცხადებამ უნდა დააფიქროს ოპოზიციურად განწყობილი მორწმუნეებიც - ყველა კონფესიაში აქსიომაა, რომ სულიერი საგანძურისა და ტრადიციების დათმობა დროებითი სიკეთეების სანაცვლოდ, კატეგორიულად მიუღებელია.

„საპატრიარქოს განცხადებამ ბრიუსელის უმსგავსო ულტიმატუმზე, რომ ან უღირსება და ანტიეროვნული ღირებულებები, ან უვიზოდ ევროპაში, უნდა დააფიქროს ოპოზიციურად განწყობილი მორწმუნეებიც. ყველა კონფესიაში შეუვალი აქსიომაა, რომ სულიერი საგანძურის, ტრადიციებისა და ფასეულობების დათმობა მატერიალური, დროებითი სიკეთეების სანაცვლოდ, კატეგორიულად მიუღებელია. მჩხავანა „ნაცბაბლის“ ანტიქართველობა და ანტიეკლესიურობა არანაირად ასახავს სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების საზოგადოების განწყობებს. არსებობს ის სქელი წითელი ხაზი, რომელსაც შეგნებული თანამემამულეების აბსოლუტური უმრავლესობა არასდროს გადაკვეთს“,- წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

აბაშიძე მიმართავს ევროკრატებს, რომ ნუ აიძულებენ საქართველოს საპატრიარქოს, გამოამზეუროს ის კორესპონდენცია, სადაც აწ უკვე ცრუ დაპირებები გაისმოდა, რომ არ იქნებოდა მოთხოვნა და რამე ვალდებულების დაკისრება, რაც ქართულ ტრადიციებს დაუპირისპირდებოდა.