დიდი თამაში მსხვილი მოთამაშეებით

დიდი თამაში მსხვილი მოთამაშეებით

დონალდ ტრამპმა კრემლს ულტიმატუმი წაუყენა და 50 დღის ვადაში, უკრაინაში ომის დასრულება მოსთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთს 100%-იანი ტარიფები დაუწესდება, რაც მის ისედაც გაჭირვებულ ეკონომიკას კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს. ახლა ყველა რუსეთის პასუხის მოლოდინშია. ტრამპის განცხადება უკრაინისთვის JASSM-ER-ის ტიპის რაკეტების პოტენციურ მიწოდებასთან ერთად, რომელთა მოქმედების რადიუსი თითქმის 1000 კილომეტრს აღწევს, თეთრი სახლის მხრიდან გაბედულ სიგნალად აღიქმება. ამერიკა აშკარად აღარ უფრთხის ვლადიმირ პუტინის ბირთვული შანტაჟის ბლეფს.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ვლადიმირ პუტინის ხასიათიდან და აქამდე ნაჩვენები ტაქტიკიდან გამომდინარე, ტრამპმა, სავარაუდოდ, იცის, რომ მოსკოვი ასეთ ულტიმატუმს სისუსტედ აღიქვამს და, დიდი ალბათობით, თავდაპირველად უარყოფითად უპასუხებს. კრემლის მხრიდან მოსალოდნელია რიტორიკის გამკაცრება, დასავლეთის „აგრესიული პოლიტიკის“ კრიტიკა და უკრაინაში სამხედრო მოქმედებების გააქტიურებაც კი.

შესაძლოა, ამით რუსეთმა აჩვენოს, რომ გარე ზეწოლა მათ გადაწყვეტილებებზე გავლენას არ ახდენს. პუტინისთვის ძლიერი ლიდერის იმიჯი უმნიშვნელოვანესია და ულტიმატუმზე პირდაპირი დათმობა მისი შიდა აუდიტორიისთვის ამ იმიჯის სერიოზულ დანაკარგად აღიქმება. თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში, ეკონომიკურ ზეწოლას, შესაძლოა, შედეგი ჰქონდეს.

დასავლური მედია კი წერს, რომ თუ აშშ უკრაინას ისეთ რაკეტებს მიაწვდის, როგორებიცაა JASSM-ER-ები და რომელთა მოქმედების რადიუსი, თითქმის, 1000 კილომეტრს აღწევს, მაშინ დონალდ ტრამპის ტრაბახი - მოსკოვს დავბომბავთო - გამართლდება. ეს პერსპექტივა, რომ უკრაინას შეუძლია რუსეთის სიღრმეში მდებარე სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა, კრემლისთვის სერიოზული შეშფოთების საგანია. თეთრი სახლი ამით სიგნალს უგზავნის კრემლს - აღარ ეშინია ვლადიმირ პუტინის ბლეფისა, რომ მან, შეიძლება, ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენოს. ამიტომ, ამერიკელი ექსპერტები ფიქრობენ, რომ ვლადიმირ პუტინი კიდევ ერთხელ მოტყუვდა, რადგან მისი მუქარა დასავლეთისთვის ეფექტიანი აღარ აღმოჩნდა.

რაც შეეხება დამატებითი საბაჟო ტარიფების შემოღებას რუსეთის ძირითად სავაჭრო პარტნიორების მიმართ, ამ საკითხში, შეიძლება, სირთულეები გაჩნდეს. მაგალითად, დონალდ ტრამპმა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში (აბუ-დაბი) ყოფნისას, მაისის თვეში, მათ ინვესტიციების გაფართოება აღუთქვა. თუმცა, რადგანაც საემიროები რუსეთის ბიზნესელიტის საკვანძო ფინანსურ ცენტრადაც ითვლება, დონალდ ტრამპს თავისი დაპირების შესრულება გაუჭირდება. ამიტომ, თუ დონალდ ტრამპი გაზრდილ ტარიფებს დაუწესებს რუსეთის სავაჭრო პარტნიორებს - ჩინეთსა და ინდოეთს, მისი ნაბიჯი ისედაც გართულებულ სიტუაციას კიდევ უფრო გაამწვავებს. არ არის გამორიცხული, რომ რუსეთი ტრამპის სანქციებით ნაკლებად დაზარალდება და უფრო მეტად ზიანს მიიღებს თვითონ ამერიკა - ჩაიშლება ინდოეთთან მისი სავაჭრო მოლაპარაკება, რაც აშშ-ის ეკონომიკურ ინტერესებს დააზარალებს.

თუმცა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ნებისმიერი გაზრდილი, ანტირუსული ტარიფი ხელს შეუწყობს რუსეთში ინფლაციის ზრდას და დაბრკოლებებს შეუქმნის იმპორტს.

საერთაშორისო საკითხების ანალიტიკოსი, თამარ კიკნაძე For.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ ტრამპის განცხადება ერთია, ხოლო ამ მუქარის რეალურად განხორციელება - მეორე საკითხი. კიკნაძის აზრით, ტრამპი უბრალოდ თამაშობს და ვაჭრობას ცდილობს, სხვაგვარად, მისი მუქარის რეალობაში განხორციელება რთული წარმოსადგენია.

„ტრამპის არაორდინარული და ექსცენტრიკული ხასიათიდან გამომდინარე, რთულია წინასწარ იმის განსაზღვრა, რას ამბობს ის. მისი განცხადებები ერთია, ხოლო შემდგომი მოქმედება - სხვა. ამიტომ, ტრამპის მუქარა, რომ თუ 50 დღეში პუტინი ულტიმატუმს არ შეასრულებს, მას 100%-იან სანქციებს დაუწესებს, არარეალურია მრავალი მიზეზის გამო - პირველ რიგში, ეს დარტყმა წავა თავად ამერიკაზე და ამერიკის ეკონომიკაზე. ის ქვეყნები, რომლებიც რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობაში არიან - ჩინეთი, ინდოეთი, არაბული ქვეყნები - ამერიკას თავად სჭირდება. ამიტომ, მათთვის სანქციების დაწესება ავტომატურად ამერიკისთვის დიდი ზარალი იქნება. ეს არის ტრამპისეული ვაჭრობის სტილი, სადაც ის ითხოვს მაქსიმუმს, რათა მიიღოს ის, რაც სურს. ასევე, მან ნატო-სთვის იარაღის მიყიდვა გადაწყვიტა, რათა შემდეგ ეს უკრაინას მიაწოდონ. სწორედ ეს არის ტრამპის მიზანი, რომ ივაჭროს და ფული გააკეთოს“, - აღნიშნავს ანალიტიკოსი.

რაც შეეხება პუტინის პასუხს, ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ პუტინი ამ ულტიმატუმს  არ დათანხმდება.

„რუსეთმა, ვხედავთ, რომ ასევე შეცვალა მოქმედების ტაქტიკა. პუტინი ამბობს ერთს და აკეთებს მეორეს. ის არ აპირებს ამ ომის შეჩერებას, რადგან მას რუსეთშივე შეექმნება ამის გამო პრობლემები. ამხელა სამხედრო მრეწველობა და მთელი რუსული ეკონომიკის ომის რელსებიდან გადაყვანა ასე მარტივად, ერთი ხელის მოსმით დასრულებადი არ არის. პუტინს ქვეყნის შიგნით შეექმნება საერთოდ ძალაუფლების შენარჩუნების პრობლემა. მისი გარემოცვა მას ამაზე არ დათანხმდება, ამიტომ ტრამპის ულტიმატუმი, რომ ისევ ცარიელ სიტყვებად შესაძლოა დარჩეს, ამის დიდი ალბათობა არსებობს. ეს არის გაცხოველებული ვაჭრობა მსოფლიოს ახალი გადანაწილებისთვის, სადაც ტრამპს და პუტინს საკუთარი მიზნები აქვთ და სწორედ ამაზე მიდის ვაჭრობაც“, - ამბობს კიკნაძე.

მისივე თქმით, რუსეთზე დაწესებული სანქციები სრულად არც ისე მოქმედებს, რადგან „შავი ხვრელებითა“ და გვერდის ავლით საკუთარი ვაჭრობის განხორციელებას მაინც ახერხებს. ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ როცა ინდოეთი და შვეიცარია ნავთობს ყიდის, აქ ხომ ლოგიკურად ჩნდება ეჭვი, რომ ისინი რუსეთის ნავთობს ყიდიან. ამიტომ კრემლს არ გაუჭირდება დამატებითი სანქციებისთვის გვერდის ავლა, რადგან მათ ეს გზა უკვე დიდი ხანია გადატკეპნეს.