რუსეთის ბიზნეს და სავაჭრო პარტნიორის მეუღლის, ევროკომისარ კაია კალასის მუქარისა და შანტაჟის მიუხედავად, ევროპელმა საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოზე გადაწყვეტილება ვერ მიიღეს. დისკუსია საქართველოს შესახებ კონკრეტული გადაწყვეტილებების გარეშე დასრულდა. შესაბამისად, მორიგი ფიასკო განიცადეს საქართველოში რადიკალური ოპოზიციის წევრებმა, რომლებიც დარწმუნებულები იყვნენ, რომ საქართველოსთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, კერძოდ, უვიზო მიმოსვლა შეჩერდებოდა.
კაია კალასი წინასწარ აანონსებდა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით, მაგიდაზე ედო დასჯის ყველა ვარიანტი, მათ შორის, უვიზო რეჟიმის შეწყვეტა და სხვა ელემენტები, რაც კალასის განცხადებით, საქართველოს მთავრობას აიძულებდა გათვლები შეეცვალა.
„ვხედავ სერიოზულ უკუსვლას. დიახ, შევთავაზეთ სია, რადგან ვხედავთ, რომ ახალგაზრდა მომიტინგეების წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენები მართლაც ძალიან, ძალიან, არაპროპორციულია, ამიტომ ცხადია, რომ სასამართლო სისტემაც ამ აპარატის ნაწილია. ასე რომ, დიახ, სანქციების პაკეტში ორი მოსამართლეა და ჩვენ ამას განვიხილავთ. როგორც იცით, ადრე გვქონდა ბლოკირება, მაგრამ ამასთან დაკავშირებით, ასევე განვიხილავთ ჩვენს სამუშაო მეთოდებს და მოგვიანებით გავაგრძელებთ ამას“, - აცხადებდა კაია კალასი, რომელიც აშანტაჟებდა არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას, არამედ თვითონ ევროპელ საგარეო საქმეთა მინისტრებს, რომ თუ სანქციებთან დაკავშირებით, ერთსულოვნებას ვერ მიაღწევენ, მის დამტკიცებას ვერ შეძლებდნენ.
მაშ ასე, კალასის გეგმა ჩავარდა. ვერც მოსამართლეები დაასანქცირა და ვერც საქართველოს შეუჩერა უვიზო მიმოსვლა. ეს ნიშნავს, რომ კაია კალასის პოლიტიკას მხარდამჭერები არ ჰყავს, თუ არ ჩავთვლით პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შეხვდა და რომელმაც მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ოპოზიციის დევნის შესახებ.
„შევხვდი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, რომელმაც ამ ქვეყანაში ოპოზიციის დევნის შესახებ მომაწოდა ინფორმაცია. პოლონეთმა უკვე გადაიტანა ყურადღება საქართველოს მთავრობის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერიდან, რადგან საქართველომ აშკარად გადაუხვია ამ გზას - სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერაზე. ასევე, შევისწავლით დევნისთვის პასუხისმგებელი პირებისთვის სანქციების დაწესების შესაძლებლობას. პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს მიმართ უმაღლესი წარმომადგენლის პოლიტიკას, რომელიც ამ ეტაპზეა - დავარწმუნოთ საქართველოს მთავრობა, რომ შეწყიტოს ოპოზიციის დევნა“, -განაცხადა სიკორსკიმ.
ანალიტიკოსის, „ხალხის ძალის“ წევრის, დავით ქართველიშვილის განცხადებით, დასრულდა ანტიქართული ევრომინისტერიალი, უფრო სწორად - „ევრო-ისტერიალი“. მისი თქმით, ევროკომისარი კაია კალასი ოფიციალურ თბილისს წერილს გაუგზავნის, სადაც ვიზალიბერალიზაციის სრული შეჩერების წინ, ხუთპუნქტიან ულტიმატუმს გააჟღერებს - ოპოზიციის რეპრესიების შეჩერება, მედიის რეპრესიების შეჩერება, საზოგადოებრივი აქტივისტების რეპრესიების შეჩერება, „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლება და „რეპრესიული“ კანონების გაუქმება.
„საქართველოს ცალმხრივი მეგობრები: ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია, საფრანგეთი და პოლონეთი გამოვიდნენ ინიციატივით - ვიზალიბერალიზაციის სრული შეჩერება დამოკიდებული იქნება ოქტომბრის არჩევნების შედეგებზეო, ანუ არჩევნებს ჩვენი ოპოშერეკილებისაგან განსხვავებით, ლეგიტიმურად სცნობენ, მაგრამ თუ ისევ ხელისუფლებამ გაიმარჯვაო, მაშინ მოქალაქეებს ვიზებს დავუწესებთო.
რა თქმა უნდა, მკაფიო პროქართული პოზიცია გამოხატეს უნგრეთმა და სლოვაკეთმა, მაგრამ არა მხოლოდ ამ ორმა - მოქალაქეებზე გავრცელებული სავიზო რეჟიმის წინააღმდეგ გამოვიდნენ: საბერძნეთი, სლოვენია და ავსტრია. ამ უკანასკნელმა პირდაპირ გააფრთხილა ევროკავშირი, რომ ის თვითონ უბიძგებს საქართველოს, იძულებული გახდეს და დაბრუნდეს რუსეთის ორბიტაზე“, - აცხადებს ქართველიშვილი.
გარდა ამისა, ანალიტიკოსის შეფასებით, ბელგიამ, ჩეხეთმა, დანიამ, ფინეთმა, გერმანიამ, ირლანდიამ, ესპანეთმა, იტალიამ, პორტუგალიამ და EU-ს ორმა არაწევრმა ქვეყანამ - ისლანდიამ და ნორვეგიამ მხარი არ დაუჭირეს მკვეთრი ზომების მიღებას, თუმცა ცალკეული ჩინოვნიკების მიმართ სანქციების გამოცხადების ინიციატივას შეუერთდნენ.
„ასე რომ, მონაწილეთა უმრავლესობამ დაბალანსებული დამოკიდებულება გამოავლინა, დიალოგისა და ესკალაციის თავიდან აცილებაზე აქცენტირებით, თუმცა ზომიერების ფარგლებში - საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის გაგრძელების მხარდაჭერით. საბოლოო ჯამში, ყველაზე ანტიქართული და შეურაცხადი პოზიცია, რომელიც ჩვენმა ცალმხრივმა და ხუთმა დაუძინებელმა „მეგობარმა“ გააჟღერა, უმრავლესობას არ მოეწონა. ევროკავშირისთვის საქართველოს დაკარგვის პერსპექტივამ გადაწონა „დიფ სთეიტის“ აგენტურის ავანტიურული სცენარი, რაც ღრმად დასნეულებული ევრობიუროკრატიის პირობებშიც კი, ანტიქართულ ფრონტზე მარცხად შეიძლება შევაფასოთ“, - წერს დავით ქართველიშვილი.
ანალიტიკოსის, ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, ნახევრად ცარიელ დარბაზში, პრესკონფერენციაზე, კაია კალასმა განაცხადა, რომ განიხილეს, რა შეიძლება კიდევ გაკეთდეს საქართველოში, სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერადო და წამოსცდა, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერება აქ საპროტესტო განწყობების ასაგორებლად სურთ.
„და ბოლოს, პირდაპირი მუქარა იყო, „საქართველოს ძვირად დაუჯდება დემოკრატიიდან უკუსვლა“. მოვუწოდებ საქართველოს ყველა მოქალაქეს, მათ შორის, ხელისუფლების ოპონენტებს - რამდენიმე დამრჩა „ფეისბუქის“ სამეგობროშიც, ცოტა ხნით, საკუთარი პოლიტიკური შეხედულებები გვერდზე გადადონ, და ამ გაქსუებული ევრობიუროკრატის ეს კონკრეტული განცხადება შეაფასონ, გააკეთონ ეს, როგორც სუვერენული სახელმწიფოს მოქალაქეებმა (თუკი სურთ, ასეთები იყვნენ), როგორც ამ ქვეყნის მკვიდრებმა (თუკი საქართველო სამშობლოდ მიაჩნიათ) და შემდეგ თქვან, რასთან გვაქვს საქმე?
კაია კალასმა და ევრობიუროკრატიამ გადაწყვიტეს, რომ საქართველოს მართლმსაჯულება, სასამართლო და მოსამართლეები არ სჭირდება და ევრობიუროკრატიამ უნდა გადაწყვიტოს ამა თუ იმ დანაშულისთვის რა ზომის სასჯელია პროპორციული, თუ არაპროპორციული. რატომ უწესებენ სანქციებს ჩვენს ორ მოსამართლეს? იმიტომ, რომ სხვები დააშინონ , თუ ჩვენთვის მისაღებ განაჩენებს არ გამოიტანთ, იგივე მოგივათ თქვენ და თქვენს ოჯახებს. ისე, თუ ხვდებით, როგორ „დეპოში“ უნდათ შეგვიყვანონ“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.