აპირებს თუ არა ქორწილის გადახდას ინგა გრიგოლია

აპირებს თუ არა ქორწილის გადახდას ინგა გრიგოლია

მართლა აპირებს თუ არა გრანდიოზული ქორწილის გადახდას 14 იანვარს, დაკარგა თუ არა ხმა და ა.შ. ჭორებით გაბეზრებული ინგა გრიგოლია ჩემი რესპონდენტია და სიამოვნებით გვესაუბრება სხვადასხვა თემაზე.

მახსოვს ჭორების მიმართ საკმაოდ გულგრილი იყავი, რამ გამოიწვია შენი ასეთი მგრძნობიარობა?

- ჭორიც არის და ჭორიც. ისეთ სისულელეებს ვიგებ, გული მიწუხს,- არც ვთხოვდები, არც ხმა დამიკარგავს და არც სხვა რამ მაწუხებს. ჯანდაბას, იჭორაონ. მაგრამ იცი, რა მაოცებს? რომ ვაკვირდები, ვამჩნევ, ბოლო დროს საზოგადოებას თითქოს მოთხოვნილებად ექცა უსიამოვნო ამბების გაგება.

მსმენელი, მაყურებელი და მკითხველი მხოლოდ ნეგატიურ ინფორმაციას ხომ არ მივაჩვიეთ?

- სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, საზოგადოებას სკანდალური, სენსაციური, მყვირალა თემები უფრო აინტერესებდა, მაგრამ ალბათ აჯობებდა, ჟურნალისტებს მსმენელ-მკითხველისთვის უმეტესად დადებითი შინაარსის ინფორმაცია მიგვეწოდებინა. ეს საზოგადოების ფსიქოლოგიაზე უეჭველად მოახდენდა ზეგავლენას. თუმცა ისიც საეჭვოა, უამრავი სოციალური პრობლემით გაბეზრებული მოსახლეობა უწყინარი თემებით შეიქციო და გააბრუო.

ხომ შეიძლება პოზიტიური თუ ნეგატიური ინფორმაცია ან თემა ისე მივაწოდოთ საზოგადოებას, რომ უკურეაქცია არ გამოიწვიოს?

- რა თქმა უნდა, შეიძლება. ახლა ბევრი დრო მაქვს რაღაცებზე დასაფიქრებლად და გასაანალიზებლად. ხალხს მართლაც ძალიან უჭირს, ამ შემთხვევაში სულიერ შეჭირვებას ვგულისხმობ. დღის განმავლობაში უამრავ ნეგატიურ ინფორმაციას ვიღებ მათგან და ეს საოცრად მთრგუნავს.

ვაღიარებ, რომ რასაც წინათ ვაკეთებდი, აღარ მაინტერესებს, დავაფიქსირე, რომ ხალხი უმეტესად გასართობ გადაცემებს ეტანება. ამ ეტაპზე მაყურებელს სხვა რამ იტაცებს და ამიტომ მეც სხვა ტიპის გადაცემის გაკეთება მინდა, ისეთის, რომელშიც ორი მხარე კი არ შეეჯახება და დაჭამს ერთმანეთს, არამედ ახსნის: რა არის ამა თუ იმ პრობლემის მიზეზი, ყველაფერს თავის სახელს დავარქმევ. დავაფიქსირებ ჩემ პოზიციასაც, ანუ კომენტატორიც ვიქნები. ალბათ იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში მაყურებელი ეკრანზე გვიხილავს.

განვლილი წლის მოვლენებს თუ გავაანალიზებთ, რას იტყოდით?

- რა იქნება მომავალ წელს, ეს ძნელი სათქმელია. მიმდინარე წელი კი პოლიტიკური მეტამორფოზებით, პოლიტიკური "ქორწინებებით" მართლაც გამაოგნებელი გამოდგა. გავოცდი, როცა ერთად დასხდნენ ირინა სარიშვილი და ზურა ჟვანია. გამახსენდა, როგორ ასხამდნენ თავს ლაფს ერთმანეთს ჩემს ეთერში. მათ მიემატა „ახლებიც" და გავოგნდი: არსებობს პოლიტიკური მორალი- ჩემთვის გაუგებარია, ერთი თვის წინ კაცს ნაძირალა უწოდო და მერე მასთან ერთად ქვეყნის შენება დააპირო. ამიტომაც, აღარ ვენდობი ამ ხალხს. ალბათ იგივე გრძნობა ეუფლება საზოგადოებასაც.

რაც დადასტურდა კიდეც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების არჩევნების ჩაშლისას. ხალხი მართლაც აღარ ენდობა პოლიტიკოსებს.

- ეს ცუდია, მაგრამ ფაქტი! ისევ კულუარულ ინფორმაციებს დავუბრუნდები. მომავალ წელს შევარდნაძე-სააკაშვილს შორის გარიგებას ვარაუდობენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი პოლიტიკური მღელვარების მოწმენი გავხდებით. როგორც ვიცი, შევარდნაძე ზოდელავას მოხსნას აპირებს. ისიც გავიგე, შეიძლება დავით სალარიძე გახდეს თბილისის მერიო. აი, ნახავთ, პოლიტიკური სანახაობა არ მოგვაკლდება, თუმცა მთავარია, საზოგადოებისთვის ნაყოფი გამოიღოს ყოველივე ამან.