მაფიის თათი ხელშეუხებელია - დუდუ დადიანის მკვლელობა

მაფიის თათი ხელშეუხებელია - დუდუ დადიანის მკვლელობა

2002 წლის დასაწყისში, 22 იანვარს, დუდუ დადიანი მოკლეს. თითქმის ერთი წელი გავიდა, მაგრამ გამოძიებას დღემდე ამ მკვლელობაზე არაფერი აქვს სათქმელი. უფრო მეტიც, ქალაქის პროკურატურამ მკვლელობიდან ხუთი თვის თავზე ძიება შეწყვიტა და საქმე თაროზე შემოდო. არადა, როგორც ჩვენთვის ცნობილია, გამოძიებაში სამი სერიოზული ვერსია ტივტივებდა და საქმის გახსნით მონდომებულ კაცს მკვლელობის გახსნა არ უნდა გასჭირვებოდა.

ფაქტია, რომ დუდუ დადიანი გარკვეულ წრეში გავლენიანი პიროვნება იყო და ასეთივე კატეგორიის ხალხთან უხდებოდა ურთიერთობაც და შესაძლოა, კონფლიქტებიც. შესაბამისად, მისი მკვლელობაც ისეთი ადამიანის მიერ უნდა იყოს ჩადენილი, რომლის გამომზეურებაც პროკურატურას არ და ვერ ძალუძს.

გამოძიებამ მკვლელობის შემდეგ დუდუ დადიანის წარსულის ამოქექვა დაიწყო. მით უფრო, რომ მას 1997 წელს სერიოზული კონფლიქტი მოუვიდა შავი სამყაროს ერთ-ერთ ავტორიტეტთან.

ვერსიის თანახმად, „ავტორიტეტმა" დადიანს დედა შეაგინა. ერთი წლის შემდეგ ხსენებული „ავტორიტეტი" გლუვლულიანი იარაღით მოკლეს. სხვათა შორის, ეს საქმე დღემდე გაუხსნელია. ამბობენ, რომ დუდუ დადიანმა მას დედის შეგინება არ აპატია და ამის გამო, საზღვარგარეთაც კი იყო გაქცეული.

თუმცა ამ მკვლელობის ირგვლივ ოფიციალური სამხილი არ არსებობდა. სამართალდამცველები არ გამორიცხავდნენ, რომ დადიანის მკვლელობა შესაძლოა, შურისძიების მოტივით „ავტორიტეტის" მეგობრებს ჩაედინათ, თუმცა ვერაფერს მიაკვლიეს და ეს ვერსიაც გამორიცხეს.

მეორე მხრივ, განიხილებოდა მკვლელობის ის ვერსია, რომელიც დადიანის ბიზნესს უკავშირდებოდა. საქმე ეხებოდა დუდუ დადიანის წილს კაზინო „აჭარაში", რომელიც შეიძლებოდა, დავის საგანი გამხდარიყო, მაგრამ ძიებისას გაირკვა, რომ დადიანს კაზინო „აჭარაში" წილი არ ჰქონია. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ დადიანი აღნიშნულ კაზინოში ხშირად კი დადიოდა, მაგრამ კონფლიქტი არავისთან მოსვლია.

ერთ-ერთ ძირითად ვერსიად ასევე განიხილებოდა ქალის გამო შურისძიება. მით უფრო, რომ ძიების მასალებში ჩნდება დუდუს დის, მაკა დადიანის ჩვენება, რომლის თანახმად, 2001 წლის ოქტომბერში დუდუ დადიანი ხუთი დღის მანძილზე სახლიდან არ გასულა. ამის მიზეზად დუდუ დადიანს დაუსახელებია ერთი ელიტარი ქალბატონის სიტყვები, რომ დუდუზე მისი ქმარი „ნადირობდა" (ქმრის გვარს შეგნებულად არ ვასახელებთ). გამოძიების მიხედვით იკვეთება მისი ახლო ნაცნობობა მოსკოვში მცხოვრებ ქართველ კანონიერ ქურდებთან.

რამდენიმე ხნის წინ, როდესაც აღნიშნულ საქმეზე ქალაქის პროკურატურის საგამოძიებო სამსახურის უფროსს, ლორდი ლებანიძეს გავესაუბრეთ, მას არც ერთი ზემოხსენებული ვერსია არ უარუყვია, თუმცა დასძინა, მკვლელობის გახსნა მხოლოდ იმიტომ ვერ მოხერხდა, რომ საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდაო.

ამ მკვლელობიდან თითქმის ერთი წლის თავზე კახი ასათიანს ჩაცხრილავენ მანქანაში. მისი მეუღლე ლუიზა ასათიანი „კვირის პალიტრასთან" საუბარში განაცხადებს, რომ ეს მკვლელობა მაფიის ნახელავია და მის გახსნას ქართველი სამართალდამცველები ვერ შეძლებენ.

მკვლელობის ვერსია აქაც რამდენიმეა. საქმეში, ძირითადად, ავიაკომპანია „აირზენა" დომინირებს, რომლის ვიცე-პრეზიდენტი კახი ასათიანი გახლდათ. სხვათა შორის, ერთი წლის წინ „აირზენას" პრეზიდენტის, თამაზ გაიაშვილის დისშვილი, დავით ბახტაძე მოკლეს გაიაშვილის მანქანასთან. როგორც ამბობენ, მაშინ ბახტაძე გაიაშვილში შეეშალათ. დღემდე ეს მკვლელობაც გაუხსნელია. თავად თამაზ გაიაშვილმა კი ჩვენთან საუბრისას განაცხადა:

„ჩემი დისშვილის მვლელობაზე რაიმე რომ დადგენილიყო, კახის მოკვლას ვეღარ გაბედავდნენ".

თავის მხრივ, სკანდალურ განცხადებას აკეთებს რუსეთში მოკალათებული ყოფილი თავდაცვის მინისტრი თენგიზ კიტოვანი. მისი თქმით, მკვლელობა პატარკაციშვილისა და ჩხარტიშვილის დაკვეთით მოხდა და იგი ჩეჩნების ხელით განხორციელდა. სხვათა შორის, ამის შესახებ მან მოსკოვში პრესკონფერენცია გამართა, ელენე თევდორაძესაც დაურეკა და დოკუმენტების გადაცემასაც კი დაჰპირდა. თვითონ თევდორაძე კიტოვანის ამ განცხადებას ეჭვის თვალით უყურებს და სანაიას მკვლელობასთან დაკავშირებული სკანდალური კასეტის არ იყოს, დოკუმენტებს ელოდება.