ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე for.ge-სთან ინტერვიუში პრემიერ ირაკლი კობახიძის მიერ განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს, მათ შორის ლევან დავითაშვილის ეკონომიკის მინისტრის პოსტიდან გათავისუფლებას აფასებს. მისი აზრით, ცვლილებები ცხადყოფს, რომ მმართველი გუნდი სახელმწიფო ვერტიკალის გამყარების პროცესშია, სადაც პრემიერ-მინისტრს ფართო სამოქმედო სივრცე აქვს მინიჭებული. ბერიძე მიუთითებს, რომ ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კვალიფიციური და მნიშვნელოვანი ფიგურაა, თუმცა პროცესები პოლიტიკური და სტრატეგიული გათვლების კონტექსტში უნდა შეფასდეს.
ინტერვიუს განმავლობაში ანალიტიკოსი ეხება ოპოზიციის მოქმედებებსაც, მათ შორის საგამოძიებო კომისიის მიმართ უარს, შიდა წინააღმდეგობებსა და საზოგადოებისგან მომდინარე გაუცხოებას. მისი შეფასებით, ხელისუფლებამ შესაძლოა სარგებელი მიიღოს ოპოზიციის შეცდომებისგან, თუმცა დასავლეთის კრიტიკის გათვალისწინება აუცილებელია.
როგორ აფასებთ ბოლო დროს ხელისუფლებაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს? 24 ივნისს პრემიერმა კობახიძემ მორიგი ცვლილება განახორციელა და ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი მარიამ ქვრივიშვილით შეცვალა. გაჩნდა რამდენიმე ვერსია – ერთი მხრივ, მისი მოადგილის დაკავება კორუფციის ბრალდებით, მეორე მხრივ კი ის, რომ დავითაშვილი ღარიბაშვილის გუნდის წევრი იყო. რას უკავშირებთ პრემიერის ამ გადაწყვეტილებას?
– ვფიქრობ, ეს ჩვეულებრივი საკადრო ცვლილებაა და ამაში გასაკვირს ვერაფერს ვხედავ. ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, სახელისუფლებო ვერტიკალი კიდევ უფრო გააძლიეროს, რათა პოლიტიკური პროცესის დაპაუზების პირობებში აღმასრულებელი ხელისუფლება ეფექტიანად ფუნქციონირებდეს. ამ მიზნის მიღწევისთვის კობახიძეს გარკვეული კარტ-ბლანში აქვს მინიჭებული, შესაბამისად, მის როლს ამ გადაწყვეტილებებში გადამწყვეტად ვაფასებ.
თუმცა, პირადად მე ლევან დავითაშვილის გადაყენებას ეკონომიკის მინისტრის თანამდებობიდან არ მივესალმები. ის საკმაოდ კვალიფიციური მენეჯერი და გამოცდილი სპეციალისტია. სოფლის მეურნეობის მინისტრობის პერიოდში მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელებაში. ეკონომიკური ზრდა, რაც დღეს ქვეყანაში ფიქსირდება, ნაწილობრივ მის საქმიანობასაც უკავშირდება.
რა თქმა უნდა, კორუფციასთან ბრძოლაში ხელისუფლება დაუნდობელი უნდა იყოს და ეს პროცესი უწყვეტად გაგრძელდეს, თუმცა ლევან დავითაშვილი, არც კულუარულად და არც საჯაროდ, არ ფიგურირებს კორუფციულ სქემებთან კავშირში. შესაბამისად, მისი მოადგილის – მიქაუტაძის დაკავებას მის გადაყენებასთან არ დავაკავშირებდი.
თუმცა, ბატონო ვაჟა, დამეთანხმებით, რომ როდესაც მინისტრის მოადგილე კორუფციაშია ბრალდებული, მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი მაინც უნდა დადგეს. თუკი მინისტრი არაფერშია დამნაშავე, მინიმუმ, უნდა იცოდეს, რას საქმიანობს მისი მოადგილე. არ ფიქრობთ, რომ მიქაუტაძის დაკავებამ გარკვეული უხერხულობა მაინც შექმნა?
– გასათვალისწინებელია, რომ მიქაუტაძეს ღარიბაშვილის კადრად მოიაზრებენ და მას დავითაშვილის მოადგილედ დიდი ხნის განმავლობაში არ უმუშავია. მნიშვნელოვანია, ასევე გაირკვეს, რაშიც კონკრეტულად ედავებიან მას – ეს უკავშირდება თუ არა დავითაშვილის პერიოდში საქმიანობას. ეს გარემოებაც უნდა გავითვალისწინოთ.
თუ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს მინისტრს მისი მოადგილის ქმედებებზე, მაშინ იმავე ლოგიკით კითხვები უნდა დაესვას ყოფილ პრემიერ-მინისტრსაც – რატომ არ მოხდა ამ პირის საქმიანობის გამოვლენა და კონტროლი იმ დროს, როცა პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი იყო?
მთავრობის მოქმედების ლოგიკა თითქოს ასე გამოიყურება: კობახიძეს, რომელიც ახლა განსაკუთრებით რთულ პოლიტიკურ გარემოში იღებს გადაწყვეტილებებს, სჭირდება ისეთი გუნდი, რომელიც ბოლომდე დადგება მის გვერდით და გადაწყვეტილებებს არ შეეწინააღმდეგება. ფაქტია, კობახიძემ შეძლო დასავლეთიდან ძლიერ ზეწოლასთან გამკლავება და შიგნით – იმ კანონების მიღება, რომლებიც მანამდე გაჩერებული იყო. როგორ აფასებთ კობახიძის მოქმედებას?
– ის, რაც დღეს საქართველოში და მის გარშემო ხდება, რთულია პოლიტიკური პროცესის ჭრილში აღვიქვათ. მმართველი ძალის ქმედებები მეტწილად დეტერმინირებული სტრატეგიის ნაწილია. ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, გარკვეული გადაწყვეტილებები სხვა მოცემულობას მოითხოვს.
რაც შეეხება კობახიძეს, ის განათლებული და ერუდირებული პოლიტიკოსია, რაც აშკარად აისახება მის ქმედებებზე. ბიძინა ივანიშვილი მას ენდობა. შიდა პოლიტიკურ პერიმეტრზე კობახიძეს მეტი თავისუფლება და მანდატი აქვს, ვიდრე ღარიბაშვილს ან კალაძეს. ეს ფაქტი დღეს თვალსაჩინოა. ფაქტია, ის ასევე უძლებს იმ წნეხს, რაც გარედან მოდის და პრინციპული ნაბიჯების გადადგმას აგრძელებს.
ოპოზიციას მინდა შევეხოთ – მათი 7 ლიდერი უკვე ციხეშია და არ არის გამორიცხული, რომ დაკავებების რიცხვი გაიზარდოს. ასევე, საგამოძიებო კომისიაზე შესაძლოა კიდევ 9 ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დაიბარონ. როგორ აფასებთ მათ გადაწყვეტილებას – არ გამოცხადდნენ კომისიაზე და პირდაპირ ციხის გზა აირჩიეს?
– ოპოზიცია თვითიზოლაციაშია. მათ საკუთარი თავი მიიყვანეს ამ მდგომარეობამდე – იმ შეცდომების შედეგად, რაც წლების განმავლობაში დაუშვეს. პოლიტიკური პროცესი მათ მაშინ კი არ დააპაუზეს, როცა კომისიაზე არ გამოცხადდნენ და დაპატიმრებები დაიწყო – ეს ბევრად ადრე მოხდა, როცა ისინი პარლამენტში არ შევიდნენ და რევოლუციური სცენარით ქვეყნის დესუვერენიზაციისკენ გადადგეს ნაბიჯები, ეს იყო სერიოზული შეცდომა.
ამ ეტაპზე კობახიძეს მოუწევს მეტი ძალისხმევა საზოგადოებასთან ურთიერთობის აღსადგენად. ასევე აუცილებელია პარტიაში შიდა დემოკრატიის გამყარება, რათა საზოგადოებას დაუსაბუთონ საკუთარი ნაბიჯების მოტივები.
როგორ წარმოგიდგენიათ პოლიტიკური პროცესის გაგრძელება? ადგილობრივი არჩევნები კარსაა მომდგარი, ოპოზიციის ლიდერები კი ციხეში არიან. როგორ შეიძლება განვითარდეს პოლიტიკური ცხოვრება ამ ფონზე, როდესაც ხალხის დიდ ნაწილს არ აქვს მკვეთრი რეაქცია ლიდერების დაპატიმრებაზე?
– იმ შეცდომების შემდეგ, რაც ოპოზიციამ დაუშვა, ისედაც შემცირებული რეიტინგი საზოგადოებაში კიდევ უფრო დაეცა. ლოგიკურია, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მათ წარმატების შანსი ნაკლები აქვთ – თბილისის გარდა, რეგიონებშიც არანაირი შანსი არა აქვთ. შესაძლოა, ოპოზიციამ ეს კარგად იცის და შიდა კვლევებიც ჩატარებული აქვთ. დღეს ქვეყანაში ისეთი ვითარებაა, რომ რამდენიმე პარტიის გაერთიანება ერთიანი ფრონტის სახით შესაძლოა არც დაეხმაროს, არამედ დააზიანოს ისინი, რადგან პოლიტიკური პარტიების ნაწილი ერთმანეთთან შეუთავსებელია. არ ვიცით, კალაძესა და ხაზარაძეს შორის არჩევანის შემთხვევაში თბილისელი ამომრჩეველი ვის მხარეს დაიჭერდა.
თუმცა, ვრჩები იმ აზრზე, რომ მიუხედავად სამართლებრივი საფუძვლის არსებობისა, ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრება პოლიტიკური თვალსაზრისით მაინც არ არის მისაღები.
თქვენი აზრით, როგორ იმოქმედებს ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრება ხელისუფლების პოზიციაზე – განსაკუთრებით დასავლეთის კრიტიკის ფონზე?
– მე ვარ მათი ვადამდელი გათავისუფლებისა და შეწყალების მომხრე. ეს მხოლოდ დასავლეთის დასაკმაყოფილებლად არ უნდა გაკეთდეს. შეიძლება ეს გახდეს გეოპოლიტიკური შერბილების საკვანძო ნაბიჯი, განსაკუთრებით იმ ფონზე, თუ საქართველოში გაძლიერდება დასავლეთთან ურთიერთობის კავშირები, მაგალითად, დონალდ ტრამპთან ურთიერთობის დალაგების მოტივითაც.
როგორც ლუკაშენკომ გაათავისუფლა ოპოზიციური ლიდერები გარე ზეწოლის გათვალისწინებით, საქართველოშიც შეიძლება მსგავსი ნაბიჯი გადაიდგას. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ხალხი არ ახდენს მკვეთრ რეაქციას ამ დაკავებებზე, გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს ცუდ ტონად აღიქმება. ხელისუფლებას შეუძლია, ამ პროცესიდან გამოვიდეს ისე, რომ პოლიტიკური დივიდენდიც მოიპოვოს და დასავლეთთან ურთიერთობაც არ დაძაბოს.