პუტინს გენერლები აუბუნტდნენ

პუტინს გენერლები აუბუნტდნენ

ჩრდილო კავკასიის ოლქის უკვე ყოფილი სარდალი, გენერალ-პოლკოვნიკი გენადი ტროშევი პირველი დიდჩინოსანი სამხედრო როდია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს აშკარად დაუპირისპირდა.

1994 წელს გენერალმა ვორობიოვმა პრეზიდენტ ელცინს უარი განუცხადა ეხელმძღვანელა რუსი სამხედროებისთვის ჩეჩნეთში. ერთი წლის შემდეგ მის გზას დაადგა გენერალი ლებედი, 1997 წელს გენერალი ჩეჩევატოვი, ხოლო 2000 წელს კი გენერლები კაზანცევი და შამანოვი არ შეეპუენ რუსეთის პრეზიდენტს და არ შეასრულეს მისი ბრძანება.

რუსი გენერლების ურჩობა ერთგვარ ტრადიციად იქცა, რომელიც ძალზე სახიფათოა რუსეთისნაირი ქვეყნისთვის. სამხედრო ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ გენერალ ტროშევს გენშტაბის უფროსის კვაშნინის სახით ძლიერი ზურგი აქვს და მისი სახალხო დემარში პირველ რიგში თავდაცვის მინისტრის სერგეი ივანოვის წინააღმდეგაა მიმართული, რომელიც, თავის მხრივ, პუტინის კაცად ითვლება.

მეზობელ ქვეყნებში და მით უმეტეს რუსეთში მიმდინარე ასეთი საგანგაშო მოვლენა, რომელსაც შეიძლება „გენერალთა ბუნტი" ეწოდოს, გამორიცხული არ არის, მტკივნეულად აისახოს ჩვენზეც. თუკი ჩრდილო კავკასიის ოლქის სარდალი თავის სამინისტროს არ ემორჩილება, როგორ გგონიათ, იგი დაიზარებს საქართველოს საზღვრისპირა სოფლების დაბომბვის სიტყვიერი ბრძანების გაცემას?!

ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, გენერალ ტროშევს არ ასვენებს პოლიტიკური ამბიციები და არც მეტი და არც ნაკლები... პრეზიდენტობა სურს, ოღონდ ჯერ რუსეთის შემადგენლობაში მყოფი ჩეჩნეთის რესპუბლიკისა.

საპრეზიდენტო არჩევნები ჩეჩნეთში მალე უნდა გაიმართოს, ამიტომაც გენერალ ტროშევს სულაც არ აძლევს ხელს შორეულ ციმბირში სამხედრო ოლქის სარდლობა.