საქართველოს ხელისუფლებას ამჯერად დონალდ ტუსკი ემუქრება. პოლონეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს ვიზალიბრალიზაციის შეჩერებით ემუქრება, რომელიც უშუალოდ ლობირებს საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეზღუდვის, თუ შეჩერების საკითხს რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად. ტუსკის პოზიცია რომ მყარი არაა ამის აღიარება მოუწია ევროკავშირის ელჩსაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის მიმდინარეობს დისკუსიები იმის შესახებ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს, ერთ-ერთ იდეას უვიზო რეჟიმის შეჩერება წარმოადგენს, მაგრამ როგორც პაველ ჰერჩინსკიმ თქვა, უმრავლესობა ამ ინიციატივას ეწინააღმდეგება.
მოკლედ, ტუსკის და ოპოზიციის გეგმა ჩავარდა. ბრიუსელი არ გეგმავს გადაწყვეტილების შეცვლას, რაც იმას ნიშნავს, რომ მუქარისა და შანტაჟის მიუხედავად, საქართველოს „დასჯა“ არ განიხილება და აგრძელებს საკუთარი სუვერენიტეტის დაცვას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ტუსკის სურვილს ბრიუსელში არ ჰყავს ბევრი მხარდამჭერი, თუმცა კვლავ გრძელდება მუშაობა იმისთვის, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი გამოიყენონ ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ.
„არასწორი და არასამართლიანია ასეთი შეფასება და უვიზო მიმოსვლასთან მსგავსი საკითხების დაკავშირება. საქართველოს ყველაფერი აქვს გაკეთებული იმისთვის, რომ ჩვენს საზოგადოებას, საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა ჰქონდეთ. ისიც კარგად ვიცით, რომ ამ თემით ძალიან ხშირად სპეკულირებს ოპოზიცია და იბრძვის იმისთვის, რომ ბრიუსელში გამოიყენონ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს შეუჩერონ უვიზო მიმოსვლა. ეს ერთგვარად კოორდინირებული მოქმედებებს უფრო ჰგავს პოლონეთის მხრიდან.
ოპოზიციის ვიზიტი ბრიუსელში და მცდელობები, რომ უვიზო მიმოსვლა იყოს გამოყენებული ინსტრუმენტად საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, დიდი ხანია მუშაობს ოპოზიცია, რაც თავის დროზე არ გამოუვიდათ. ჩვენ ვიცით, რომ არ ჰყავს ამ საკითხს ბევრი მხარდამჭერი ბრიუსელში, თუმცა იმასაც ვხედავთ, რომ კვლავ გრძელდება მუშაობა იმისთვის, რომ ეს საკითხი გამოიყენონ ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ, მით უმეტეს, როდესაც ოპოზიციას არანაირი რესურსი აღარ აქვს ქვეყნის შიგნით. ეს არის ის საკითხები, რასაც იყენებენ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
პოლონეთის პრემიერს შანტაჟში ადანაშაულებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რომლის განცხადებით, ზოგადად, შანტაჟი შანტაჟად დარჩება, თუმცა, ასეც და ისეც, ეს მუქარები ძალიან დასანანი და სამწუხაროა. მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებით, არ შეიძლება ემუქრებოდნენ ქართველ ხალხს იმის გამო, რომ ვიღაცებს არ მოსწონთ ქართველი ხალხის არჩევანი.
„რა თქმა უნდა, ეს ძალიან სამწუხარო და დასანანია. გუშინ ჩვენ პოლონეთის პარლამენტში მოვისმინეთ ქართველი ხალხის მიმართ მუქარა, რაც ბუნებრივია, საქართველოში ევროპული ბიუროკრატიის იმიჯზე დადებითად არ აისახება. იმედი მაქვს, რომ მომავალში დამოკიდებულება შეიცვლება. არ შეიძლება ასე ემუქრებოდნენ ქართველ ხალხს იმის გამო, რომ ვიღაცებს არ მოსწონთ ქართველი ხალხის არჩევანი. ქართველმა ხალხმა გააკეთა თავისი არჩევანი. შარშან, მან მხარი დაუჭირა ქვეყნის განვითარებას, მშვიდობას ქვეყანაში, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ვინმეს მოსწონს თუ არა ეს არჩევანი, ყველამ მას პატივი უნდა სცეს. აბსოლუტურად უადგილოა მუქარები ქართველი ხალხის მიმართ. ვფიქრობ, ეს არის შანტაჟი, შანტაჟი, რომელიც არის გათვლილი იმაზე, რომ შეიძლება პროცესები სხვა მიმართულებით განვითარდეს ქვეყანაში. თუმცა რეალურად ყველა ხედავს, რომ ასეთი შანტაჟი, რომელიც მრავალი წელია გრძელდება, არ მოქმედებს ქართველ ხალხზე. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ზოგადად შანტაჟი შანტაჟად დარჩება, თუმცა ასეც და ისეც ეს მუქარები არის ძალიან დასანანი და სამწუხარო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მართალია ტუსკს მხარდამჭერები არ ჰყავს ბრიუსელში, მაგრამ ჰყავს საქართველოში რადიკალური ოპოზიციის სახით. „ლელოს“ წევრი გრიგოლ გეგელია ამტკიცებს, რომ ვიზალიბერალიზაციის დაკარგვის საფრთხე არის ძალიან რეალური და მზარდი. არსებობს სახელმწიფოთა მთელი ჯგუფი, რომელიც ძალიან სერიოზულად განიხილავს ამ საკითხის დაყენებას.
„პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართული ოცნების“ ბოროტმოქმედ რეჟიმს, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა როგორც ერმა, დავკარგოთ ის პრივილეგია და ფუფუნება, რასაც წარმოადგენს ვიზალიბერალიზაცია. ნაცვლად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ შეეცადოს, საქართველომ არ დაკარგოს ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, პირიქით, ყველაფერს აკეთებს, რათა ვითარება, ურთიერთობებიც გაუარესდეს.
ყველაფერს აკეთებს რაც შეიძლება მალე მილიონობით ქართველმა დავკარგოთ ის უკიდურესად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელიც ძალიან ბევრ ჩვენგანს ანიჭებს საშუალებას, იმგზავროს ევროკავშირის მასშტაბით, აწარმოოს საქმიანი ურთიერთობები, მეგობრობა, ნახოს ახლობლები, ემიგრაციაში მყოფი ოჯახის წევრები. ამას გვართმევს „ქართული ოცნება“ საკუთარი ქმედებებით მიზანმიმართულად“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი დღის წესრიგში არ დგას, გეგელია და მისი კოლეგები მანც აღშფოთებულები არიან. ანალიტიკოსი „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აცხადებს, რომ ლიბერალი დონალდ ტუსკის ინიციატივა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ მაქსიმუმ უკბილო გაფრთხილება/შანტაჟია, ვიდრე რეალური პოლიტიკური გეგმა. მიუხედავად იმისა, რომ ტუსკმა ეს იდეა ახსნა, პოლონეთში მიგრანტების ნაკადების გაზრდის შეჩერების მოსაზრებით, დღევანდელი მდგომარეობით მსგავსი ნაბიჯები ევროკავშირის დონეზე არ განხილულა. ამიტომ მისი თქმით, ასეთი ინიციატივის წარმატების ალბათობა არა თუ ძალიან დაბალია, არამედ ის ნულის ტოლია.
„ზოგადად, მომავალში მსგავსი სპეკულირების საბოლოო მხილების მიზნით, გავიხსენოთ ევროკავშირის პროცედურები: უვიზო რეჟიმის გაუქმება მოითხოვს რთულ პროცედურებს - წინადადება (ევროკავშირის წევრი ქვეყნის ან ევროკომისიის მხრიდან) განიხილება ევროკავშირის საბჭოში, შემდგომ ევროპარლამენტის თანხმობაა საჭირო და ა.შ. აქამდე ანტიქართულად ყველაზე კრიტიკულად განწყობილ არც ერთ ქვეყანას, თუნდაც ისეთებს, როგორიცაა გერმანია ან ნიდერლანდები - მსგავსი ინიციატივა არ წარუდგენია. წარსულში განხილული იყო მხოლოდ ცალკეული შეზღუდვები, მაგალითად, დიპლომატებისთვის, მაგრამ არა სრული გაუქმება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის“, - წერს დავით ქართველიშვილი.
ანალიტიკოსის შეფასებით, ტუსკმა უვიზო რეჟიმის გაუქმება ასევე დაუკავშირა მიგრანტების მიერ ჩადენილი კრიმინალის ზრდას, რაც ევროპაში შექმნილი ზოგადი უმძიმესი კრიმინალური ვითარების ფონზე მაგალითად, შვედეთში, ეს საფრთხე ყველაზე ნაკლებად ქართველებს უკავშირდება.
„კი ბატონო, ევროკავშირი დღეს ღიად აკრიტიკებს საქართველოს დემოკრატიული სტანდარტების „გაუარესებას“ (მმართველი ძალის მხრიდან ოპოზიციაზე ზეწოლა, სამოქალაქო სივრცის შეზღუდვა და სხვა), მაგრამ უვიზო რეჟიმის გაუქმებისთვის საჭიროა ბევრად უფრო სერიოზული პოლიტიკური კონსენსუსი. ასე რომ, ტუსკი უვიზო რეჟიმის გაუქმების შესაძლებლობას იყენებს მხოლოდ როგორც საქართველოზე ზეწოლის ინსტრუმენტს - პრაქტიკულად კი ამ ნაბიჯის გატარება რთულია: საჭიროა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ფართო მხარდაჭერა და ინსტიტუციური თანხმობა, რაც ამ ეტაპზე არ არსებობს. ამიტომ, დავივიწყოთ და დავიძინოთ. თუმცა აკაცუკებს ეხლა რა დააძინებს“, - წერს დავით ქართველიშვილი.