ქვეყანაში ჩავარდნილი სცენარების მიუხედავად ოპოზიცია ისევ ბრიუსელშია. მმართველი გუნდი ნაცნობ სცენარზე ამახვილებს ყურადღებას და დარწმუნებულია, რომ მათი ოპონენტები საქართველოში, ამჯერადაც კონკრეტული დირექტივებით დაბრუნდებიან.
ქვეყნის პირველი დიპლომატი მაკა ბოჭორიშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში, კონკრეტული სამოქმედო გგემის მისაღებად ჩავიდა. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ევროპელი ბიუროკრატები, რამდენიმე პოლიტიკურ ძალასთან კოორდინაციით, საქართველოს დაზიანებას უკვე წლებია ცდილობენ. ამიტომ მოსალოდნელია, რომ ოპოზიციამ ჩავარდნილი სცენარების შემდეგ, ბრიუსელში ახალი სტრატეგია დასახოს.
ევროპელ ბიუროკრატებთან შეხვედრაზე, ბრიუსელში, სამი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იმყოფებიან. სალომე სამადაშვილი „ძლიერი საქართველოდან“, თინა ბოკუჩავა და გიგი წერეთელი - „ნაციონალური მოძრაობიდან“ , გიორგი ვაშაძე „სტრატეგია აღმაშენებლიდან“. ამტკიცებენ, რომ მათი მიზანი ევროინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა და საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დაძლევაა.
სახელისუფლებო გუნდიდან ოპონენტებს წარსულში გაკეთებული ვიზალიბერალიზაციის, კანდიდატის სტატუსისა და მოლაპარაკებების გახსნის საკითხთან დაკავშირებული განცხადებები შეახსენეს და საბოტაჟის მცდელობაშიც დაადანაშაულეს.
ოპოზიციური პარტიები ბრიუსელში შეხვედრებს სალომე ზურაბიშვილის პლატფორმის სახელით მართავენ.
„შეხვედრების ამოცანა ივანიშვილის რეჟიმზე ზეწოლის გაზრდის მექანიზმებზე მუშაობაა“, - ამბობს სალომე სამადაშვილი.
„უნდა მივმართოთ ჩვენი ძალისხმევა ევროკავშირთან ერთად დემოკრატიული ცვლილებების მხარდასაჭერად ქვეყანაში, რომ ქართველმა ხალხმა კი არ დაკარგოს ის სიკეთეები, რაც მიიღო ევროკავშირთან ურთიერთობებში, არამედ სწრაფად დაადგეს გაწევრიანების გზას. ჩვენი ამოცანა ამ შეხვედრებზე არის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმზე ზეწოლის გაზრდის მექანიზმებზე მუშაობა ერთობლივად და ქართველი ხალხის ევროპული მომავლის მხარდასაჭერად ახალი შესაძლებლობების განხილვა“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი კი გადაცემაში „რეაქცია“ წამყვანის კითხვაზე, თუ როგორ ხდება ხელისუფლების დამხობა „ბოიკოტს ვინარჩუნებთ და ვაგრძელებთ ამ რეჟიმს თუ სხვა ქმედებაზე გადავდივართ?“, ცისკარიშვილი აცხადებს, რომ „ბოიკოტს ინარჩუნებ, საპროტესტო ტალღას აფართოებ, მეტ მომხრეს მოიმხრობ, კიდევ უფრო გააძლიერებ ოპოზიციურ მოძრაობას, ჩამოიშლება ვერტიკალი, ბიძინა ივანიშვილი რჩება მარტო“.
ცისკარიშვილი იმ ქვეყნების ჩამონათვალს აკეთებს, სადაც მისი თქმით, ხელისუფლების ჩამოშლა მოხდა, მათ შორის, იშველიებს ბანგლადეშის და სირიის მაგალითს და აცხადებს:
„ჩვენთან რა არის ასეთი განსაკუთრებული, რომ გვიჭირს წარმოდგენა, როგორ ხდება რეჟიმის ჩამოშლა? ეს ყველგან გვინახავს, ჩვენს ქვეყანაში გვინახავს, უკრაინაში გვინახავს, აგერ რამდენიმე თვის წინ ბანგლადეშში მოხდა, სირიაში, ყველგან ხდება და ჩვენთან რა არის ასეთი განსაკუთრებული, რომ გვიჭირს წარმოდგენა, როგორ ხდება რეჟიმის ჩამოშლა, იმ ვერტიკალის, რაზეც დგას და მერე კი ბატონო, ჩატარდეს უკვე სამართლიან და თავისუფალ გარემოში ის არჩევნები, რომელსაც ასე გამალებით და გაშმაგებით ითხოვენ. ბიძინას მიერ დანიშნული და ჩატარებული არჩევნები, რა თქმა უნდა, მიუღებელია“.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ფიქრობს, რომ ოპოზიციის მიზნები თავშივე და უნებლიედ, პეტრე ცისკარიშვილმა გაამჟღავნა. გვენეტაძე for.ge-თან აცხადებს, რომ ოპოზიცია კვლავ ვერ თმობს რევოლუციური სცენარის ცდუნებას და რეალურად საკადრის პასუხს მიიღებს. მისივე თქმით, სწორედ ამ მიზნისთვის გაემგზავრნენ ბრიუსელში, რათა თანხმობა ევოკრატებისგან მიიღონ.
„ვხედავთ, რა დაემართა უკრაინას ხელისუფლების ჩამოშლის შემდეგ, რა დაემართა სირიას, ბანგლადეშს - ეს ყველამ კარგად ვიცით. იგივე უნდათ ამ ქვეყნის გამყიდველებს საქართველოშიც. სწორედ ამ მიზნით აფინანსებენ სხვადასხვა მხრიდან „დიფ სთეითის“ წარმომადგენლები. ამისთვის იბრძვიან ელჩების ნაწილიც, რომ როგორმე კორპორაციულ მმართველობაში ჩააბან ჩვენი ქვეყანა, საქართველოს ხელისუფლებამ კი არ განახორციელოს ქვეყნისა და ხალხის ინტერესები - არ ვიყოთ სუვერენული სახელმწიფო. ამ ნაძირლებს თავიანთ მოკავშირე დასავლელ დიფსთეითელებთან ერთად დემოკრატიული გზით, ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების დამხობა სურთ. ბრიუსელში იმიტომ ჩავიდნენ ვითომ ოპოზიციის ლიდერები, რომ ყველა ჩაფლავებული სცენარის შემდეგ მიიღონ დირექტივები, როგორ ააყირაონ ისევ ქვეყანა. ამ ხალხს არ ასვენებს გამჩენი, როცა ქვეყანაში სტაბილურობა და ეკონომიკური წინსვლაა“, - ამბობს გვენეტაძე.
მისივე თქმით, ოპოზიცია ისევ ცდილობს, ქვეყანას სისხლი გამოწოვოს და ბრიტანეთის საელჩო, ფაქტობრივად, სახელმწიფო გადატრიალების იდეოლოგიას აფინანსებდა.
„ყველაფერი სინქრონულად ემთხვევა ერთმანეთს: პოლონეთის პრემიერ ტუსკის განცხადება ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესახებ და ქართველი ხალხის დაშინება უვიზო მიმოსვლის გაუქმებით. ეს ყველაფერი გათვლილია იმ მიზნით, თითქოს ხალხი ხელისუფლებას აუმხედრონ. ვხედავთ, როგორ არიან ელჩები ღიად ჩართული პოლიტიკურ დებატებში ხელისუფლებასთან. ვისაც ისევ აქვს ილუზია, რომ ეს აგენტები საქართველოს გულშემატკივრები არიან და ამიტომ არიან ბრიუსელში, ძალიან ცდება. იქ ახლა მზადდება ახალი სცენარი და გეგმა იმისა, როგორ დაიწყონ ქვეყანაში ისევ აქციები და არეულობა.
მიხვდნენ, რომ ხელისუფლებამ მოსახლეობა დაარწმუნა მათ გაყიდველობასა და აგენტურაში. ხალხი მშვენივრად ხვდება, ვინ ვინ არის და ვის მხარეს დგანან ეს ვითომ დასავლელი მეგობრები. ამიტომ ახლა სტრატეგიას ადგენენ - რა ქნან. ვფიქრობ, უფრო რადიკალური სცენარებისთვის ემზადებიან. დევიძის საქმის შემდეგაც ვნახეთ მოწოდებები ქუჩაში გამოსვლაზე. ამიტომ ხელისუფლების მხრიდან ამ ყველაფერზე მკაცრი პასუხი უნდა იყოს გაცემული. არ უნდა მოხდეს ამ მავნებლების მცდელობა, ქვეყანა ისევ დესტაბილიზაციისა და რყევების გზაზე დააყენონ“, - აცხადებს გვენეტაძე.
გვენეტაძე მიიჩნევს, რომ ქვეყნის მოღალატეების მიმართ კანონი უნდა ამოქმედდეს და მათი დანდობა დაუშვებელია.
„დააკვირდით, რას ამბობს პაატა ბურჭულაძე და რა თემას აყენებს დღის წესრიგში - ეროვნულ ყრილობას ითხოვს, სადაც მესამე რესპუბლიკის დაფუძნებას გეგმავს. მე მომსწრე ვარ, ეს როგორ დამთავრდა ჩვენს ქვეყანაში. სწორედ ეროვნულმა ყრილობამ და იმდროინდელმა არეულობამ დაღუპა ქვეყანა 1990-იან წლებში, დაგვაკარგვინა აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი. ბურჭულაძე არაფერს ახალს არ ამბობს - ეს სცენარი უკვე კარგად გამოცდილია და ახლა მის გამეორებას ცდილობენ.
მე ვეკითხები ჩვენს მოსახლეობას - ეს ხალხი ევროპელები არიან და მათ ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა უნდათ? ხელოვნურად შემოაქვთ ეთნიკური კონფლიქტები და ხალხში ზიზღს თესავენ იმ უცხოელების მიმართ, რომლებიც საქართველოში შემოდიან. ეს მიზანმიმართული სცენარია, რომელიც ზუსტად იმ „დიფ სთეითის“ ოფისში იწერება, რომელიც ახლა ბრიუსელში და დიდ ბრიტანეთშია გამაგრებული. ამიტომ, ხელისუფლებას მოვუწოდებ იმოქმედოს ქართველი ხალხისა და ქვეყნის ინტერესების შესაბამისად“, - აცხადებს ედიშერ გვენეტაძე.