საკრებულოში ვაკის პარკში მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით იმსჯელეს

საკრებულოში ვაკის პარკში მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით იმსჯელეს

საკრებულოში დღეს ვაკის პარკში  ყოფილ რესტორან „ბუდაპეშტის“ ტერიტორიაზე შვიდსართულიანი სასტუმროს მშენებლობის შესახებ იმსჯელეს.

გარემოს დაცვის კომისიას მერიის გამწვანებისა და ეკოლოგიის სამსახურის უფროსი გიორგი ქორქაშვილი, ასევე  არასამთავრობო ორგანიზაციები და მოძრაობა "პარტიზანული მებაღეობის“  წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც საქალაქო სამასახურის უფროსმა აღნიშნა, სხდომაზე მიწვეული სტუმრების მხრიდან  ბევრი მწვავე საკითხი წამოიჭრა, თუმცა გიორგი ქორქაშვილის განმარტებით, პირველ რიგში აუცილებელია კანონის გამკაცრება, როგორც ნებართვების გაცემაზე, ასევე ტყის ჭრასა და ჯარიმების დაწესებაზე.

მისივე თქმით, მერიის გამწვანებისა და ეკოლოგიის სამსახური მაქსიმალურად ცდილობს პრობლემების აღმოფხვრას, თუმცა ხარვეზები მაინც რჩება.

საკრებულოს დეპუტატი კახა კუკავა დღევანდელ სხდომაზე მშენებლობების, მწვანე ნარგავების გაჩეხვის, ასევე საცხოვრებელ ადგილებში გაზგასამართი სადგურების მოწყობის მორატორიუმის ინიციატივით გამოვიდა და აღნიშნა, რომ ამ საკითხს საკრებულოს სხდომაზე დააყენებს.

რაც შეეხება უკვე დაკანონებულ ობიექტებს, კუკავას თქმით, აუცილებელია მოხდეს ხარვეზების კორექტირება და ზარალის კომპენსაცია.დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ იმსჯელეს იმ ბერკეტებზე, რამაც შეიძლება მერიას მშენებლობის შეწყვეტა აიძულოს.

როგორც გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ კახაბერ ფირუაშვილმა განმარტა, ვაკის პარკში მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით საკრებულომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში უკვე მოახდინა რეაგირება და გამოიტანა დადგენილება, თუმცა  მერის მოვალეობის შემსრულებელმა - სევდია უგრეხელიძემ მის შესრულებაზე უარი განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში არასამთავრობო ორგნიზაციებთან ერთად კვლავ  მოეწყობა სამუშაო შეხვედრა და საკრებულოს მორიგ სხდომაზე შემუშავდება ისეთი დადგენილების პროექტი, სადაც ამ პრობლემების მოსაგვარებლად უფრო მკაცრი რეგულაციები იქნება განსაზღვრული.