დასავლეთი რუსეთს საქართველო-ნატოს თემას წითელი ნაჭერივით ისევ ცხვირწინ უფრიალებს

დასავლეთი რუსეთს საქართველო-ნატოს თემას წითელი ნაჭერივით ისევ ცხვირწინ უფრიალებს

„ცარიელი სიტყვები ვერ აჩერებს ტანკებსა და რაკეტებს – ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დასრულდეს 17-წლიანი ცარიელი დაპირებების ეპოქა“, - ასე პასუხობს ხელისუფლება ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ ალიანსი მტკიცედ უჭერს მხარს ბუქარესტის და შემდგომი სამიტების გადაწყვეტილებებს, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ როცა განცხადება პოზიტიურია, ეს მისასალმებელია, თუმცა მათივე თქმით, გადამწყვეტი მოქმედებაა. მათი პოზიციით, საქართველო იყო და არის ქვეყანა, რომელიც მხარადმხარ იბრძოდა და იბრძვის დასავლელ პარტნიორებთან ერთად მშვიდობისათვის. საქართველო ნატოს სხვადასხვა ქვეყნის სამხედროებთან ერთად მონაწილეობდა მისიებში და ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორია ამ პროცესში. ამიტომ, ამდენწლიანი დაპირებების შემდეგ, კარგი იქნება, თუ სიტყვებს ქმედითი ნაბიჯებიც მოჰყვება.

ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ ნატოს თემა, რომელსაც რუსეთი უკრაინის ომის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ასახელებს, ამ კონტექსტში საქართველოს შესახებ ნებისმიერი განცხადება სერიოზულ პასუხისმგებლობას აკისრებს როგორც ნატოს, ასევე საქართველოს. სწორედ ამიტომ, ხელისუფლება არ ცდილობს, რაიმე განცხადება გახდეს რუსეთისთვის საქართველოს მიმართ აგრესიის პროვოცირების საბაბი. „ქართული ოცნების“ პოზიციაა, რომ მხოლოდ განცხადებები საკმარისი არ არის და ქვეყანას სჭირდება მყარი, კონკრეტული ნაბიჯები.

საქართველოს ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაცია კონსტიტუციაში 78-ე მუხლის სახით არის განსაზღვრული. თუმცა, ამ განცხადებების შემდეგ, ოპოზიციაში ეჭვობენ, რომ ხელისუფლება ან ამ მუხლის გაუქმებას აპირებს, ან ქვეყანას ნეიტრალურ სახელმწიფოდ გამოცხადებს. თუმცა, ოპოზიციის ეს ეჭვები მალევე ქარწყლდება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ბოლო დროს ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით მისი ხელმძღვანელობისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებები ცხადად მიუთითებს, რომ ალიანსი არ აპირებს რუსეთის საზღვრებთან გაფართოებას.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კი დასავლეთს წერილობით სთხოვს გარანტიას, რომ უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ნატოში არ გაწევრიანდებიან. შესაბამისად, ჩნდება კითხვა - რაზე შეიძლება თქვას „ოცნებამ“ უარი, რაც რეალურად არც არსებობს?

„ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით, საქართველომ აბსოლუტურად ყველაფერი შეასრულა, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ მეორე მხრიდან საუბრები გაფართოებაზე შეჩერებულია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ნატოს წარმომადგენლები ღიად აცხადებენ, რომ არც საშუალოვადიან პერსპექტივაში აპირებენ უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების განხილვას.

„დღევანდელი მდგომარეობა ასეთია – ნატოს წარმომადგენლები ნათლად აცხადებენ, რომ არც საშუალოვადიან პერსპექტივაში არ განიხილება უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანება. ეს არის არსებული რეალობა. დანარჩენს ვნახავთ, როგორ განვითარდება პროცესები“, – განაცხადა პრემიერმა.

საინტერესოა ნატოს გენერალური მდივნის ყოველწლიური ანგარიში, სადაც არ არის ჩანაწერი, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ალიანსის წევრები. „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა, აპრილში სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 2023 წლის ანგარიშისგან განსხვავებით, 2024 წლის დოკუმენტში ამოღებულია ნატოში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების მხარდაჭერის ფორმულირება – აქცენტი მხოლოდ თანამშრომლობაზეა გაკეთებული.

იოზვიაკის ინფორმაციით, ნატოს გენერალური მდივნის 2024 წლის ანგარიშში საერთოდ არ არის საუბარი საქართველოსა და უკრაინის შესაძლო გაწევრიანებაზე.

„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-თან აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ვერ იტყვის უარს იმაზე, რაც რეალურად არც არავის შეუთავაზებია – საქართველოს ნატოში გაწევრიანება განხილვის საგანიც არაა.

„მოდით, შორიდან დავიწყოთ საქართველოსა და ნატოს გარშემო მიმდინარე მოვლენების მიმოხილვა. 2004 წლის თებერვალში, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოსკოვში შეხვდა ვლადიმერ პუტინს, სადაც პირობა მისცა, რომ საქართველოში არასდროს განთავსდებოდა უცხო ქვეყნის სამხედრო კომპონენტი, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა რუსეთის უსაფრთხოებას. 2006 წლის 30 სექტემბერს, აშშ-ის კონგრესმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ხაზგასმულია, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა. 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე რუსეთის გაღიზიანება კიდევ უფრო გაიზარდა, როდესაც საქართველოს ცრუ დაპირება მისცეს ალიანსში გაწევრიანებაზე. ეს გაკეთდა იმისთვის, რომ საბოლოოდ ეს დაპირება არ შესრულებულიყო და საქართველო რუსეთისთვის გამაღიზიანებელ ფაქტორად დარჩენილიყო“,-ამბობს ქართველიშვილი.

მისი თქმით, აქ იყო გამიზნული ქმედებები, რათა მოგვიანებით, უკრაინაში ომის დაწყებისას, საქართველო გამხდარიყო მეორე ფრონტი.

„როგორც არანატოს წევრი ქვეყანა, ის მოწყვეტილი იქნებოდა იმ დახმარებას, რომელსაც ნატო წევრ ქვეყანას გაუწევდა. ასე რომ, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება შორსმიმავალი გეგმის ნაწილი იყო – საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ პლაცდარმად გამოყენების“, – ამბობს ქართველიშვილი.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება და საზოგადოება დღეს უკვე კარგად აცნობიერებს, რა მოხდა და რა ხდება ამ თამაშით.

„როდესაც კოლექტიურ დასავლეთს საქართველოს ომში ჩართვა არ გამოუვიდა, ახლა უკვე ღიად საუბრობენ იმაზე, რომ უკრაინასა და საქართველოს არ უნდა ჰქონდეთ არანაირი მოლოდინი ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ორი დღის წინ ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ბუქარესტის სამიტის 2008 წლის გადაწყვეტილება უკრაინის შესახებ დღის წესრიგში აღარ დგას. ალიანსს ახლა სხვა, უფრო მნიშვნელოვანი საკითხები აქვს განსახილველი. ამიტომ დასავლეთში უკვე ღიად გამოდიან ინიციატივით, რომ უკრაინამ და საქართველომ უარი თქვან ნატოში გაწევრიანების ოცნებაზე. შესაბამისად, კონსტიტუციის 78-ე მუხლი, რომელიც ამ ინტეგრაციას უკავშირდება, ფორმალურად დარჩენილი ჩანაწერია. მისი ამოღება მხოლოდ ტექნიკური საკითხია – დე ფაქტო ის უკვე ამოღებულია და ამის დაფიქსირება დე იურეც შესაძლოა. ამ საკითხზე იმსჯელებს პარლამენტი“, – აცხადებს ქართველიშვილი.

მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინის მოთხოვნაზე, რომ უკრაინა, საქართველო და მოლდოვა არ უნდა გაწევრიანდნენ ნატოში და ამის წერილობითი გარანტია უნდა მიიღონ დასავლეთისგან, ამერიკამ მზადყოფნა გარკვეულწილად დააფიქსირა. ამიტომ, ქართველიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება საერთოდ რა შუაშია ნატოში არგაწევრიანების საკითხთან, როცა პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ჩვენ არ მიგვიღებენ - გაუგებარია.

 

ლაზი ამერიკა გადავიდა პრაგმეტულ, რეალური სიტუაციის გათვალისწინებულ პოლიტიკაზე. ევროპის ბიუროკრატია ისევ ესკალაციის ხიბლშია ჩარჩანილი. რით ვერ უნდა ისწავლოს ჭკუა ამ ევროპამ, მაგრამ მგონი, პერიოდულად რუსეთის ჩექმის ნოსტალგია ეძალებათ და თავს ვეღარ აკონტროლებენ. ასე იწყებოდა ყოველთვის. ერთხელ ამერიკამ გადაარჩინათ, ახლაც ამერიკის სახლაფორთოდ გაიხდიან მგონი თავს, ისე ეტყობა.
1 დღის უკან
დოი ეს წმინდა წყლის პროვოკაციაა,ამიტომ ფრთხილად ქართველებო!
1 დღის უკან