სულ რამდენიმე დღის წინ ამერიკელმა სამხედრო გენერალმა დაადასტურა, რომ საქართველოს უსაფრთხოების საკითხებზე ამერიკასა და რუსეთს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება. კერძოდ, კიტ კელოგის განცხადებით, ნატო-ს გაფართოებასთან დაკავშირებით რუსეთის შეშფოთება სამართლიანია და შეუძლიათ, შეაჩერონ ნატოს გაფართოება რუსეთის საზღვრებთან ახლოს, რადგან ეს მათთვის უსაფრთხოების საკითხად ითვლება. ამ ფონზე ნატო-ს სამეკავშირეო ოფისი განცხადებას ავრცელებს, სადაც საუბარია იმაზე, რომ ნატო მტკიცედ უჭერს მხარს ბუქარესტის და შემდგომი სამიტების გადაწყვეტილებებს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი.
„ქვეყანა აქტიურად მონაწილეობს ნატო-ს ხელმძღვანელობით განხორციელებულ მისიებსა და ერთობლივ წვრთნებში, რითიც ადასტურებს მზადყოფნას, რომ წვლილი შეიტანოს საერთო უსაფრთხოებაში. ისეთი პროექტების მეშვეობით, როგორებიცაა წლიური ეროვნული პროგრამა (ANP) და ნატო-საქართველოს არსებითი ღონისძიებათა პაკეტი (SNGP), საქართველო აგრძელებს თავდაცვისა და უსაფრთხოების სტრუქტურების დაახლოებას ნატო-ს სტანდარტებთან.
ნატო მტკიცედ უჭერს მხარს ბუქარესტის 2008 წლის სამიტსა და შემდგომ სამიტებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს იმის შესახებ, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. ალიანსი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერას“, - ნათქვამია განცხადებაში.
ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის განცხადებას გამოეხმაურა მთავრობის ხელმძღვანელი და აღნიშნა, რომ საქართველოს ყველაფერი აქვს შესრულებული, მაგრამ მეორე მხრიდან შეჩერებულია საუბრები გაფართოებაზე. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ნატო-ს წარმომადგენლები ნათლად აცხადებენ, რომ არც საშუალოვადიან პერსპექტივაში აპირებენ უკრაინის და საქართველოს გაწევრიანების განხილვას.
„დღევანდელი მდგომარეობა ასეთია, ნათლად აცხადებენ ნატოს წარმომადგენლები, რომ არც საშუალოვადიან პერსპექტივაში არ აპირებენ ისინი უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების განხილვას. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა და დანარჩენი ვნახოთ, თუ როგორ განვითარდება პროცესები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, განცხადების კონტექსტი ცოტა გაუგებარია, რადგან, საქართველომ ყველაფერი გააკეთა, თუმცა მთელი თაობა ისე გაიზარდა, რომ საპასუხოდ ნატო-ს მხრიდან გვაქვს მხოლოდ სიტყვები. შალვა პაპუაშვილის თქმით, განცხადებით ქვეყნის უსაფრთხოებას ვერავინ დაიცავს.
„ჩვენ დღეს გვყავს თაობა, რომელიც დაბადებულიც არ იყო, როდესაც 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე ითქვა, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. ამასობაში გაიზარდა მთელი თაობა, სკოლას ამთავრებენ ისე, რომ სიტყვა ითქვა და საქმე არ გაკეთებულა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ აჩვენა ყველაფერი, რაც კი შეეძლო სანდო პარტნიორს ეჩვენებინა ნატო-სთვის. მაშინ, როდესაც ნატო-ს წევრი ქვეყნები ემალებოდნენ მისიებს, ავღანეთის მისიას, საქართველო წარმოდგენილი იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტინგენტით ავღანეთში. რიცხობრივად ვიყავით მესამე, მეოთხე ქვეყანა ნატო-ს ქვეყნებთან შედარებით. 1 000-1 500 ჯარისკაცით ვიყავით წარმოდგენილი, მაშინ, როდესაც ბალტიის ქვეყნები 30-40 ჯარისკაცით იყო წარმოდგენილი და ისიც - შტაბში. ასე რომ, ჩვენი მხრიდან რაც შეიძლებოდა გაკეთებულიყო, რათა გვეჩვენებინა, როგორც ჩვენი სანდო პარტნიორობა, ასევე გვეჩვენებინა საქართველოს მნიშვნელობა ნატო-სთვის და ნატო-ს მნიშვნელობა საქართველოსთვის, ეს ყველაფერი ვაჩვენეთ, თუმცა საპასუხოდ ვხვდებით მხოლოდ სიტყვებს და ამგვარ განცხადებებს, რომელიც გავრცელდა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის მხრიდან. განცხადება კარგია, მაგრამ განცხადებით ქვეყნის უსაფრთხოებას ვერავინ დაიცავს. ეს ვნახეთ უკრაინის მაგალითზე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ჩნდება კითხვა - არის თუ არა ნატოს სამეკავშირეო ოფისი განცხადება როგორც მორიგი წითელი ნაჭერი, რომლის ადრესატი არის რუსეთი, რომელსაც გაცხადებული აქვს, რომ არ დაუშვებს მის საზღვრებთან ნატოს გაფართოებას? პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, ჯერჯერობით დევს უკრაინის წითელი ნაწილი, ქართული ვარიანტი ჯერ ჩრდილშია. პოლიტოლოგი იხსენებს უცხოელების აქტიურობას, რომ უკრაინის პარალელურად საქართველოც ყოფილიყო ჩაბმული ომში. შესაბამისად, ამ დეგნანისეული მცდელობის ფონზე, გამორიცხული არ არის, რომ ახლა შეიძლება ახალი ძალით შეუდგნენ ამ თემას და კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს ბაზების განთავსების თემას.
„აბსოლუტურად არ არის ეს ვერსია გამორიცხული. კი, მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს პოზიცია, მაგრამ დანიგანის განცხადება გავიხსენოთ მაინც, ჯერჯერობით დასავლეთს თვითონ აქვს გასარკვევი კონფლიქტის ახალი რაუნდი აწყობს თუ არა აქ რუსეთთან ურთიერთობაში - შეუძლია თუ არა გაქაჩოს ახალი კონფლიქტი. ასე რომ, ამ მხრივ ბევრი სხვა რამე უნდა მომწიფდეს იმისთვის, რომ ამ საკითხმა წითელი ნაჭრის როლი შეასრულოს, თორემ მასეთი ნაჭერი დევს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის მერე, სადაც ითქვა, რომ საქართველო უნდა გაწევრიანდეს. მაგ მიმართულებით ბევრი არაფერი მომხდარა, თუმცა 2008 წლის ომის საბაბად მედვედევმა სწორედ ნატოს ბაზების განთავსება მოიმიზეზა. მგონია, ჩვენ მაინც მიყოლებული თემა ვართ და ძირითადად, უკრაინისთვის არის ეს სიტყვა ნათქვამი. უკრაინას აქვს პრეტენზიები და მთელი მსოფლიოს გასაგონად იძახის ამ თავის პრეტენზიებს. ვფიქრობ, უკრაინისთვის უფრო გაკეთდა ეს განცხადება, ვიდრე საქართველოსთვის. ჩვენ გავაგრძელებთ ორპირში დგომას, ზაფხულია, სიგრილეც სასიამოვნოა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
ანალიტიკოსის, „ხალხის ძალის“ წევრის დავით ქართველიშვილის განცხადებით, 2025 წლის გადასახედიდან კონსტიტუციაში არაფრის მომცემმა ჩანაწერმა დაკარგა თავისთავად ძალა და დაკარგა ჩვენს გარეშე, ამ ჩანაწერის ინიციატორების ინიციატივით.
„როდესაც გუშინ ნატო-ს გენერალურ მდივანმა ისაუბრა მომავალ ნატოს სამიტზე და იქ განსახილველ საკითხებზე, რომელიც იმდენად ზერელედ შეეხო უკრაინის ნატოში გაწევრიანების პრესპექტივებს, რომ ოდნავ გაღიზიანებითაც კი თქვა, რომ ამაზე უფრო მნიშვნელოვანი საკითხები იქნება განსახილველი ამ სამიტზეო. ანუ, ფაქტობრივად, ხაზი გაუსვა იმას, რომ იზიარებს ტრამპის სკეპტიციზმს არა მხოლოდ უკრაინასთან, არამედ მოლდოვასთან დაკავშირებით, რომელიც არც აპირებდა ნატოში შესვლას და, რა თქმა უნდა, საქართველო.
ამიტომ, რა თქმა უნდა, ყველაფერი მიდის თავის ლოგიკური დასასრულისკენ. რადგან მიდის, საქართველოს მხრიდან ამ საკითხის პედალირება, ცოტა სასაცილოც არის და უადგილოც - ჩემი აზრით. ჩვენ, ძალიან კარგად, რეალურად და პრაგმატულად გვესმის, რომ ეს არის აბსოლუტური ზღაპარი ჩვენთვის, ეს მისია ჩვენთან მიმართებით არის განუხორციელებელი. ამიტომ, თვითონვე მიიღონ რეალური და ობიექტური გადაწყვეტილება. ჩვენ, უბრალოდ, მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას როგორც მოცემულობას და გადავაწყობთ ჩვენს შემდგომ განვითარებას, პერსპექტივებს და ჩვენს სამომავლო გეგმებს სულ სხვა მიმართულებით“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.