რას შეცვლის ამერიკაში საქართველოს ელჩის დანიშვნა და არის თუ არა წინ გადადგმული ნაბიჯი ეს აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვის კუთხით?
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ საქართველოს წარდგენილ ელჩს აგრემანი გადასცა. აგრემანი ნიშნავს ერთი სახელმწიფოს თანხმობას – მიიღოს თავის ქვეყანაში მეორე სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენელი.
მმართველ გუნდში ადასტურებენ, რომ თამარ ტალიაშვილმა აგრემანი სწორედ იმ დღეს მიიღო ტრამპის ადმინისტრაციისგან, როცა რობინ დანიგანი გადადგა. ფაქტობრივად, თითქმის ერთდროულად მოხდა საქართველოს ელჩის დანიშვნა ამერიკაში და ამერიკის ელჩის გადადგომა საქართველოში.
ეს დამთხვევა შესაძლოა ბევრ მნიშვნელოვან ნიშანს უსვამდეს ხაზს და მიანიშნებდეს ტრამპის ახალი ადმინისტრაციის მზაობაზე, რომ, სულ მცირე, გადაიხედოს ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ საქართველოს მიმართ გატარებული პოლიტიკა. ელჩის დანიშვნა ემთხვევა სენატორ სტივ დეინსის ვიზიტსაც საქართველოში, რომლის ფარგლებშიც ის დახურულ კარს მიღმა შეხვდა პრემიერ ირაკლი კობახიძეს. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ ელჩების დანიშვნა-მოხსნის საკითხი სწორედ ამ შეხვედრის დროს შეთანხმდა.
რაც შეეხება ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებულ მოლოდინებს თბილისში, ოპოზიციას იმედი აქვს, რომ ახალი ელჩის პირობებში აშშ-სთან პოლიტიკურ ურთიერთობებში დაძაბულობა კიდევ უფრო გაღრმავდება. მმართველი გუნდი კი იმედოვნებს, რომ ორ ქვეყანას შორის დიალოგი რეალური, საქმიანი ნაბიჯებით გაგრძელდება და არა მხოლოდ სიტყვიერი ურთიერთობებით.
ელჩი თამარ ტალიაშვილი მრავალი წლის გამოცდილებით სარგებლობს როგორც დიპლომატიურ სამსახურში, ისე საჯარო და აკადემიურ სფეროებში. 2022 წლიდან დღემდე ის საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად მსახურობდა ევროპის საბჭოში. იგი ასევე იყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მედიისა და საინფორმაციო საზოგადოების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო 2018–2020 წლებში - ევროპის საბჭოს ადგილობრივ თვითმმართველობათა და რეგიონთა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი.
ტალიაშვილი სხვადასხვა დროს იყო საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მოადგილე, ასევე ამავე კომიტეტის პირველი მოადგილე. იგი მუშაობდა თბილისის საკრებულოში, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარედ, ასევე იყო საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი. მას მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.
საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის თქმით, თამარ ტალიაშვილის ელჩად დანიშვნა აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
„4 ივნისს საბოლოოდ მივიღეთ აგრემანი აშშ-დან, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ უმოკლეს დროში ელჩი ჩავიდეს ვაშინგტონში და დაიწყოს მუშაობა ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებზე. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია. აგრემანის გაცემაც თავისთავად პოზიტიური სიგნალია, რადგან აშშ-მ დაადასტურა, რომ ჩვენი წარდგენილი კანდიდატი მისაღებია. ეს არის შესაძლებლობა, ურთიერთობებს შევხედოთ ახალი ფურცლიდან“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე კი აცხადებს, რომ იმედია ამერიკა ნელ-ნელა სიტყვიდან საქმეზე გადავა.
„ჩვენ არ გვჭირდება მხოლოდ ლამაზი სიტყვები. რაც არ უნდა გვითხრან, ჩვენ საქმეზე ვართ ორიენტირებული. მეგობარი ქვეყნისგან ველით კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც განსაზღვრავს ურთიერთობების ხარისხს“, - ამბობს მდინარაძე.
მდინარაძის თქმით, მიუხედავად წარსულის განცხადებებისა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, დღემდე არ არსებობს უვიზო მიმოსვლა, არც პირდაპირი ავიამიმოსვლა, ხოლო ვიზების გაცემის მხრივ რეგიონში საქართველო ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევა.
„როცა დღეს ინიშნება ელჩი, ველით, რომ ურთიერთობა გადავა იმ ფაზაში, სადაც საქართველოს მოქალაქეებისთვის აღარ იქნება აუცილებელი ხვეწნა ვიზებზე, ფრენებზე, თავისუფალ ვაჭრობაზე. განცხადებები არაფერს ნიშნავს – მთავარია ქმედითი ნაბიჯები და შედეგები“, - აღნიშნა მდინარაძემ.
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე for.ge-თან ამბობს, რომ ელჩის დანიშვნა წინ გადადგმული ნაბიჯია და ეს დიდწილად ახალ პოლიტიკურ რეალობას ქმნის.
„საქართველოს ახალ ელჩის დანიშვნა და ამავე დროს ელჩ დანიგანის გადადგომა ბუნებრივად ბადებს კითხვებს. ჯერ კიდევ ნულანდის დავალებით მოქმედებდა კელი დეგნანი, რომელიც ცნობილია უკრაინის მაიდანის დროს შესრულებული როლით და მიხეილ სააკაშვილის აქტიური მხარდამჭერია. ამგვარი ფიგურების აშშ-ს ადმინისტრაციიდან წასვლა ხელისუფლებას მეტ მანევრის საშუალებას აძლევს. ელჩის დანიშვნა უკვე აჩვენებს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ნაბიჯებს დგამს“, - ამბობს მამრაძე.
მამრაძე ასევე აღნიშნავს, რომ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, დანიგანი უბრალოდ დუმილის რეჟიმში იმყოფებოდა. მხოლოდ ბოლოს სცადა ისევ მავნებლობა, მაგრამ არც ეს გამოუვიდა.
„დანიგანი, რომელიც ხელისუფლებასთან ღია დაპირისპირებაში იყო და ოპოზიციური აქციების პარალელურად აქტიურად მოქმედებდა, ტრამპის დაბრუნების შემდეგ პრაქტიკულად გაჩუმდა. მას არ დაუტოვებია ადმინისტრაციის მხარდაჭერის იმპულსი იმ პოლიტიკისთვის, რასაც ბაიდენის პერიოდში ატარებდა. მისთვის პენსიაზე წასვლა სრულიად მოულოდნელი იყო, მით უმეტეს, რომ ელჩების სტანდარტული სამწლიანი ციკლი არ იყო ამოწურული. ეს დროში სერიოზულად დაემთხვა ერთმანეთს და საქართველოსთვის პოზიტიური დინამიკაა“, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.
მისივე თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტში ცვლილებები მიმდინარეობს და „ნაციონალური მოძრაობის“ ძლიერი ლობისტური ჯგუფი, რომელიც საქართველოს ომში ჩართვას ცდილობდა, გავლენას კარგავს.
„წარმომიდგენია, როგორი გახარებულები იქნებოდნენ ნაცები რომ აგრემანი არ მიგვეღო. მგონია, დანიგანს შესთავაზეს, ეთქვა, თითქოს მისი ინიციატივით მიდიოდა, რომ უხერხულობა არ შექმნილიყო. ტრამპის მოსვლის შემდეგ აშკარად შეიქმნა გარემოება, რომ ის ვეღარ განაგრძობდა იმ მავნებლობას, რაც აქამდე ხდებოდა. სკანდალი, რომელიც ატყდა ივანიშვილთან არშეხვედრასთან დაკავშირებით, მისი „პენსიაზე გასვლით“ დასრულდა – რაც არავის სჯერა“,-ამბობს ის.
მამრაძის თქმით, შესაძლოა სენატორ სტივ დეინსის ვიზიტი სწორედ ის პლატფორმა გახდა, რომლის ფარგლებშიც ახალი ელჩის დანიშვნა და დანიგანის მოხსნა გადაწყდა.
„არ არის გამორიცხული, რომ ყველაფერი ამ შეხვედრაზე გადაწყდა. ვიცით, რომ რუბიომ თქვა - ადგილზე ვცდილობთ, გავერკვეთ, რა ხდება საქართველოსთან დაკავშირებითო. როგორც ჩანს, კარგადაც გაერკვნენ. იმედია, ჩვენი ახალი ელჩი სწორად მიაწვდის აშშ-ს ახალ ადმინისტრაციას რეალურ ინფორმაციას და იმუშავებს ურთიერთობების გაუმჯობესებაზე. ასევე შეასუსტებს ნაცების ლობისტურ გავლენებს. რაც შეეხება „მეგობრობის აქტს“, ეს სენატში შესაძლოა, მიიღონ, მაგრამ არ უნდა შეიქმნას ვაი-ვუშის საფუძველი. ცხადია, ოპოზიცია ამით ისარგებლებს, მაგრამ მჯერა, ტრამპი ხელს არ მოაწერს“, -აცხადებს მამრაძე.