„არ ვაპირებ, თეა წულუკიანს იმავე სტილში და რიტორიკით გავცე პასუხი, მას არც უვიცი მინდა ვუწოდო და არც არაკომპეტენტური, ფაქტია, სხვადასხვანაირად გვესმის ადამიანის უფლებები“, - ასე უპასუხა პარლამენტის ტრიბუნიდან სახალხო დამცველმა „ქართული ოცნების“ დეპუტატების კრიტიკას.
პარლამენტმა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ ლევან იოსელიანის 2024 წლის ანგარიში განიხილა. ომბუდსმენმა ანგარიშში ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში მიმდინარე აქციებზე, დაკავებულთა უფლებებზე და ციხეების გადატვირთულობაზე.
როგორც იოსელიანმა აღნიშნა, სისტემური პრობლემაა, როცა ყველა სოციალური საცხოვრისი, რაც საქართველოშია, ადამიანის უფლებების კუთხით აბსოლუტურად მიუღებელია და იქ ცხოვრება ღირსების შემლახავია. მისი თქმით, სხვადასხვა დროს სხვადასხვაგვარი გამოწვევებია. გასაგებია, რომ დღეს ციხეში ადამიანებს არ აწამებენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა საკითხებზე არ უნდა ვილაპარაკოთ. იოსელინმა პარლამნტის ტრიბუნიდან ისიც თქვა, რომ სანამ სახალხო დამცველი იქნება, პოლიტიკურ განცხადებებს არ გააკეთებს და პოლიტკურ დებატებში არ ჩაერთვება.
ლევან იოსელიანმა ილაპარაკა ყველაფერზე, მაგრამ არაფერზე, რადგან ტრიბუნასთან იდგა რადიკალური ოპოზიციის სახალხო დამცველი და არა საქართველოს სახალხო დამცველი, რომელსაც არც კი უხსენებია ის პოლიციელი, რომელიც საპროტესტო აქციის დროს დაზარალდა და მხედველობა დაკარგა; პოლიციელი, რომელსაც უმძიმესი ოპერაცია გაუკეთდა და რომელსაც დამიზნებით ესროლეს; არ უსაუბრია იმ პაციენტის უფლებების დარღვევაზე, რომელსაც აქციის მონაწილეები არ აძლევდნენ გადაადგილების უფლებას.
მაგრამ აცხადებს, რომ 2024 წლის გაზაფხულის აქციებზე ჩადენილი ძალადობის ფაქტებზე სამართალდამცავების მიმართ პასუხისმგებლობის დაუკისრებლობამ, ნოემბერ-მარტის აქციებზე არაპროპორციული ძალის გამოყენების წინაპირობა შექმნა. მისი თქმით, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან მოქალაქეთა ცემისა და ძალადობის გარდა, ამავე პერიოდში ადგილი ჰქონდა უცნობი პირების მხრიდან სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტების, საჯარო ფიგურების დევნასა და ძალადობას, ორგანიზებულ სატელეფონო მუქარებსა და სხვადასხვა სახის გამოხატულ ძალადობრივ შეუწყნარებლობებს.
„სამწუხაროდ, წლის განმავლობაში გამართული აქციების კონტექსტში, არც ერთი სამართალდამცავის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა. ამის საპირისპიროდ საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების რაოდენობამ რამდენიმე ასეულს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საგამონაკლისო დაშვება მოგვცა გაზაფხულის აქციებთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლებრივი საქმეების საგამოძიებო მასალებზე, დაახლოებით 50 ტომი, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო. საქმის მასალების გაცნობის საფუძველზე გამოვლინდა, რომ მიმდინარე გამოძიება არ წარმოებს ეფექტიანი გამოძიების სტანდარტების შესაბამისად. ამიტომ, სპეციალურ საგამოძიებოს სამსახურსა და გენერალურ პროკურატურას კონკრეტული საგამოძიებო საპროცესო მოქმედებების ჩატარებისა და კვალიფიკაციის შეცვლის თაობაზე წინადადებით მივმართე“, - აღნიშნა ლევან იოსელიანმა.
ომბუდსმენს ანგარიში დაუწუნეს უმრავლესობის წევრებმა. თეა წულუკიანი დაინტერესდა ჩაატარა თუ არა რეორგანიზაცია და ისევ მავნებელი ლომჯარიას და ასკინკილა ბურჯანაძის კადრებთან ერთად ხომ არ მუშაობს. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, შესაძლოა, ანგარიშში გამოტოვებული საკითხები იმით იყოს განპირობებული, რომ აპარატის თანამშრომლები მას თემებს შერჩევითად აწვდიან.
„მარიამ ლაშხის შვილებზე რატომ არაფერი თქვით? გიორგი კალანდარიშვილის შვილები როდისმე მოიკითხეთ? რეორგანიზაცია ჩაატარეთ თუ არა და თუ არა, რატომ? ხომ არ მუშაობთ ისევ ქალბატონი მავნებელი ლომჯარიას კადრებთან ერთად და ხომ არ გვამყოფებთ მათ იმედზე, რომ თურმე ჩვენი უფლებები იქნება დაცული და ასკინკილა ბურჯანაძის კადრებთან ხომ არ მუშაობთ ისევ შემთხვევით, რომლებსაც ეჩვენებათ, რომ დეესკალაციის ოთახებში, დღევანდელ ქართულ ციხეებში არაადამიანური მოპყრობაა?
ასევე, მაინტერესებს ისევ იმ კადრებთან ერთად ხომ არ მუშაობთ, იუსტიციის მინისტრი როცა ვიყავი და ლომჯარიას ზოგიერთი თანამშრომელი სპეციალიზდებოდა ე.წ. პრაგონში. ანუ შედიოდნენ ერთ ციხეში, ვითომ უფლებებს ამოწმებდნენ, მონიტორინგზე შედიოდნენ, გამოჰქონდათ ამბავი, დანაბარები, მიდიოდნენ სხვა ციხეში, სხვა საკანში, ვისთანაც დააბარეს გზავნილი და ამ ფორმით, „პრაგონის“ ფორმით მონაწილეობდნენ ქურდული სამყაროსა და კრიმინალური სამყაროს საქმიანობაში. მაინტერესებს ისევ ამ ადამიანებთან ერთად მუშაობთ?“, - მიმართა თეა წულუკიანმა, რომლის განცხადებით, სახალხო დამცველის ავტორიტეტს ობიექტურობა ქმნის, თუმცა ანგარიშის წარდგენისას ლევან იოსელიანი არაობიექტური იყო.
იოსელიანს ობიექტურობა დაუწუნა ვიცე-სპიკერმა და შეახსენა, როდესაც ქვეყანაში მზადდებოდა „მაიდნის“ სცენარი, იყო თუ არა მისი მხრიდან ამაზე რეაგირება. როგორც გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა, რეალურ სიტუაციას თუ შაფასებს, ეს არ დააკნინებს და არავინ იტყვის, რომ „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს.
„თქვენ უნდა იყოთ ის ავტორიტეტი, რომელიც ჩვენ გვინდა, რომ იყოთ. ვფიქრობ, მზაკვრული, კონსპირაციული გეგმა იყო, რომ პოლიცია და მომიტინგეები ფიზიკურად დაპირისპირებულიყვნენ ერთმანეთთან, რადგან საგარეო უწყებებიდან გაკეთებული განცხადებები ვიხილეთ, საგარეო საქმეთა მინისტრები იყვნენ ჩამოსულები, პირდაპირ „მაიდნის“ სცენარის ,გამეორებისკენ მოუწოდებდნენ - თუკი რეალურ სიტუაციას შეაფასებთ, ეს არანაირად არ დაგაკნინებთ, არავინ იტყვის, რომ „ქართულ ოცნებას“ უჭერთ მხარს.
ძალის გადაჭარბება პოლიციის მხრიდან არის ფსიქოლოგიური მომენტი, რომელიც ასევე, უნდა შეაფასოთ. ალბათ, ამ შემთხვევაში ფსიქოლოგებიც უნდა დაიხმაროთ. გერმანიის, საფრანგეთის, სხვა დემოკრატიების, აშშ-ის მაგალითებიც შეგიძლიათ მოიყვანოთ. ვისაც ეხება - ოპოზიცია იქნება თუ უმრავლესობა, საერთოდ პოლიტიკაში არმყოფი ადამიანების მთელი უშველებელი არმია, თქვენ მათთვის უნდა იყოთ ის ავტორიტეტი, რომელიც ჩვენ გვინდა რომ იყოთ. სწორი არჩევანი გავაკეთეთ, როდესაც მხარი დაგიჭირეთ. იმიტომ, რომ ყველა ნიშანი გაქვთ საამისოდ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
საპასუხოდ ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ მომავალ წელსაც, როცა მივა, მიღწევებზე საუბარს აღარ აპირებს. დაიბარა, რომ აპირებს პრობლემებზე საუბარს. მისივე თქმით, გასაგებია, ციხეში ადამიანებს არ აწამებენ, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგადაა და გადასარევად მიდის.
მოკლედ, ასე დასრულდა იოსელიანის ანგარიში, რომელიც კრიტიკულად შეაფასეს ანალიტიკოსებმაც.
ედიშერ გვენეტაძის განცხადებით, მისთვის მოულოდნელი იყო ომბუდსმენის მხრიდან მოსმენილი განცხადებები.
„თქვენს კითხვაზე გამახსენდა ასეთი ძველი ქართული მოარული ანდაზა - „რაც ცხენი ვიყიდე, ყველა ოჩხანი შეიქმნაო“, ოჩხანი ნიშნავს იმას, რომ ვერ მიდის ბოლომდე. ზუსტად ანალოგიური გვჭირს ამ სახალხო დამცველებში. ერთი გამონაკლისი იყო სოზარ სუბარი, დანარჩენი ყველა ერთნაირია. ვერ წარმომედგინა, რომ ლევან იოსელიანი ამ დონემდე დავიდოდა. თითქოსდა მხოლოდ და მხოლოდ მომიტინგეების უფლებებია მთავარი და იქ პოლიციელის უფლება არაფერი არ ყოფილა! ერთხელ მაინც ამოეღო ხმა და ეთქვა, როდესაც ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი მოუწოდებდა აქციის წევრებს პოლიციელები ცოცხლად დაწვითო, ეს არ იყო ადამიანების უფლებების დარღვევა?! მას არ გახსენებია ჩვენისთანა რიგითი მოქალაქეები, როდესაც როგორც გურულები იტყვიან, ეს აშარაშკა დედაკაცები უზღუდავენ ქუჩაში გადაადგილებას.
შეგახსენებთ, გზა გადაკეტეს და კაცი, რომელსაც ჰქონდა ავთვისებიანი სიმსივნე, მიდიოდა ქიმიის გასაკეთებლად და მას არ უშვებდნენ, იმის უფლებები არ იყო დარღვეული? მაგრამ, ეს ლევან იოსელიანი იყო ისეთ პიროვენებასთან, რომელიც არის ყოვლად გაცვეთილი, რომელმაც რაც კი რუსები იყო უკრაინაში, გაწყვიტა და დაბრუნდა უკან - ალეკო ელისაშვილი და მეორე ქართულ ანდაზას ვიტყვი - „ხარი, ხართან რომ დააბა ან ზნეს იცვლის, ან ფერსაო“. აი, ასეთი გამოდგა იოსელიანი. ადამიანი უნდა იყო ობიექტური, მაგრამ ჩვენ ვნახეთ პარლამენტის ტრიბუნასთან მდგარი გალომჯარიებული ლევან იოსელიანი“, - აცხადებს ედიშერ გვენეტაძე.
ანალიტიკოსის განცხადებით, კრიტიკა აუცილებელია და არა თვითმიზანი.
„იოსელიანი, ეტყობა, ხიბლში ჩავარდა და აქედან გამომდინარე, გააკეთა ის, რაც გააკეთა. დღევანდელ დღემდე მას საზოგადოებაში მეტ-ნაკლებად ჰქონდა ავტორიტეტი, ძველ რომაელებს აქვთ ასეთი გამონათქვამი - „დაბლიდან უმაღლესამდე ძალიან ბევრი საფეხურია ასავლელი, მაგრამ იქიდან გადმოვარდნისათვის ერთიც კმარაო“. ასე დაემართა სახალხო დაცველს. ვუსურვებ გამოსულიყოს იმ ხიბლიდან, რომელშიც ჩავარდა. ქართველი ხალხი შეუცდომელი ბარომეტრია, ამას მიაქციოს ყურადღება და არა ოკეანის გაღმა-გამომღვლელ ძიებს, რომლებიც, რა თქმა უნდა, შეუცაცხანებდნენ, მაგრამ ვურჩევ, რომ გაუფრთხილდეს იმ პოსტს, რომელზეც დანიშნეს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძემ.
ანალიტიკოსის „ხალხის ძალის“ წევრის დავით ქართველიშვილის განცხადებით, ომბუდსმენის ანგარიშს ყველაზე კარგი შეფასება მისცა თეა წულუკიანმა და თანაც მარტივი შეკითხვით - ნეპოტიზმის შემთხვევების გარდა, როდესაც თავის ერთ-ერთი მოადგილედ, თავისი პარტიელი ელისაშვილის უახლესი ნათესავი დანიშნა, მოახდინა თუ არა ლევან იოსელიანმა ამ ხნის განმავლობაში ძირეული რეორგანიზაცია და გათავისუფლება იმ აშკარად პოლიტიკურად ანგაჟირებული საკადრო შემადგენლობისაგან და პირიქით, ხომ არ მოუვიდა ისე, რომ უარესი ნაცები მოიყვანა ახალ თანამშრომლად ამ ორგანიზაციაში?
„რა თქმა უნდა, თეა წულუკიანი ჩვენზე უფრო კარგადაა ინფორმირებული და უბრალოდ, სამწუხაროა, რომ ამ ადამიანში ვერ აღმოვაჩინეთ ელემენტარული რამ - პრინციპულობა ძალიან საპასუხისმგებლო პოზიციისადმი, რომელიც მას ერგო წილად ძალიან მავნებელი, უსამშობლო და ანტიქართველი წინამორბედებისგან განსხვავებით. როგორც ჩანს, ამ თანამდებობაზე ერთადერთი ადამიანი, რომელიც კარგი გაგებით ახსოვთ პატიმრებსაც, დაჩაგრულებსაც და სააკაშვილის რეჟიმის დროს ყველა სფეროში გაუბედურებულ ადამიანებს, ეს არის სოზარ სუბარი. ვამაყობ იმით, რომ ის დღეს „ხალხის ძალის“ თავმჯდომარეა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილი.
რაც შეეხება ცხენს: "რამდენი ხარიც ვიყიდე, ყველა კუანა გამომადგა" ეს ეხება ოპოსაც და ხელისუფლებასაც!
იქნებ მისი პირველი წლის ანგარიში ნახოთ!!!