„როცა შენ ამომრჩეველს ვერც ქუჩაში გამოსვლაში არწმუნებ, ანუ არც არჩევნები, არც ქუჩის პროტესტი - მაშინ, სხვა რა ბერკეტი დარჩათ? ვის იმედზე არიან - დასავლეთის?“

„როცა შენ ამომრჩეველს ვერც ქუჩაში გამოსვლაში არწმუნებ, ანუ არც არჩევნები, არც ქუჩის პროტესტი - მაშინ, სხვა რა ბერკეტი დარჩათ? ვის იმედზე არიან - დასავლეთის?“

ოპოზიციაში თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით დაპირისპირებამ იმდენად მწვავე სახე მიიღო, რომ ერთმანეთის ლანძღვასა და შეურაცხყოფას ოპოზიციონერი ლიდერები ღიადაც აღარ ერიდებიან. ოპოზიციაში „ლელოს“ წინააღმდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განშტოებები აქტიურობენ. „ნაცმოძრაობაში“ ეჭვობენ, რომ მამუკა ხაზარაძეს ოპოზიციურ ველზე დაწინაურება სურს და უნდა, როგორც პირველმა პოლიტიკურმა ძალამ, პოზიციები გაიმყაროს. ექსპრეზიდენტის პარტიამ ხაზარაძე-ჯაფარიძეს უთხრა, რომ ოპოზიციურ ველზე მათ ლიდერობას არასდროს დაუშვებს. სააკაშვილის გუნდში ითქვა უფრო მეტიც, რომ „ძლიერ საქართველოს“ მუნიციპალურ არჩევნებზე გასვლის ყველა გზას მოუჭრიან.

პარტიის წევრების შემდეგ იყო მათი ლიდერი. მიხეილ სააკაშვილმა გახარიასა და ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდებს წარსული გამოცდილება სასამართლო პროცესებიდან შეახსენა.

„მინდა ვუთხრა ყველას, ვინც ეთამაშება რეჟიმთან თანამშრომლობის, რეჟიმის გაპატიოსნების იდეას ე.წ. არჩევნებში მონაწილეობით, არ გეყოთ, რაც ნახეთ წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე, წინა საპარლამენტო არჩევნებზე, საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც შარშან ჩატარდა? არ გეყოთ, რაც ნახეთ? კიდევ რანაირად შეიძლება ერთი და იმავე წყალში შესვლის მცდელობა. ეს რეჟიმი არანაირ თავისუფალ არჩევნებს არ ჩაატარებს. ყველა, ვინც ამ პირობებში არჩევნებზე წავა, პირდაპირ თამაშობს რუსეთისა და ოლიგარქიული დიქტატურის თამაშს“, – განაცხადა სააკაშვილმა.

იგივე აზრს იზიარებს „ფედერალების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი.

ჩერგოლეიშვილის თქმით, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მამუკა ხაზარაძეს მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსის მოსაპოვებლად სურს, ხოლო გიორგი გახარიას „სისტემურ ოპოზიციად“ დარჩენა უნდა, რადგან არ სჯერა პროცესის წარმატების: „ვერ ხედავს იმას, რასაც მე ვხედავ“, - ამბობს ის.

„ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ მოქმედ და ყოფილ „ნაციონალებს“ ასევე კონტრიერიშით უპასუხა. ხაზარაძემ პოლიტიკური სტრატეგია დაუწუნა ყველას, ვინც „ძლიერი საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნებში შესაძლო მონაწილეობის გამო გააკრიტიკა.

ხაზარაძეს თამაშის ახალ წესებს სთავაზობს გვარამია-მელიას გუნდი. პრინციპულად განსხვავებული პოზიციების გამო, „კოალიცია ცვლილებისთვის“ „ლელოს“ ლიდერთან პირისპირ დიალოგზე უარს ამბობს, საჯარო დებატებს კი კონკრეტული პირობით თანხმდება.

„მათმა პოზიციამ, ჩემი აზრით, გამოიწვია არასასურველი გაურკვევლობა ოპოზიციურ ფლანგზე და ჩვენი, ყველას, ამოცანა უნდა იყოს, რაც შეიძლება სწრაფად დავხუროთ ეს თემა. მზად ვარ, ძალიან კორექტული, პარტნიორული სულისკვეთებით დავჯდე დებატებში ბატონ მამუკასთან. თუ მათ არჩიეს ამაზე საუბრის საჯარო გზა - პრობლემა არ არის, არა უშავს. ასევე, ვაფიქსირებ სრულ მზაობას ნებისმიერი ფორმატში შეხვედრის, რათა დავაფიქსირო ჩემი პრინციპული განსხვავება მის პოზიციასთან დაკავშირებით. მაგრამ აბსოლუტურად იმედიანად ვარ — ზუსტად იმ სულისკვეთებით გადავჭრით ამ საკითხსაც, როგორითაც გადავჭერით პარლამენტში არშესვლის საკითხი“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

სააკაშვილს კი გიორგი გახარიას გუნდიდან უთხრეს, რომ მისი განცხადებები პოლიტიკურ პროცესზე გავლენას ვერ მოახდენს. გახარიას გუნდში ამბობენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არა, მაგრამ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან მხოლოდ იმ შემთხვევაში ისაუბრებენ, თუ ბარიერგადალახულები მერობის ნეიტრალურ კანდიდატზე იმსჯელებენ.

ოპოზიციის დამარცხებასა და საკუთარ გამარჯვებაში კი დარწმუნებულია მმართველი გუნდი - „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ბარიერგადალახულმა სუბიექტებმა პოლიტიკური პერსპექტივა უცხოელი დამფინანსებლებისა და ანტისახელმწიფოებრივი დაკვეთების შესრულების გამო დაკარგეს.

მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ 4 ოქტომბერს 64 მუნიციპალიტეტში არჩევნებს პირწმინდად მოიგებენ.

„მიუხედავად იმისა, რომ გარედან ხდება კორექტირება და მართვა, შიდა კონკურენცია მაინც არსებობს. რაც დრო გადის, მით უფრო ნათელი ხდება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პერსპექტივა ნულის ტოლია. უნდა აღინიშნოს, რომ არც ამ პარტიებს, რომლებიც, პრინციპში, „ნაციონალური მოძრაობის“ ორბიტაზე იყვნენ და კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ერქვათ, აქვთ შანსი, რომ „ქართული ოცნების“ რაიმე სახის რეალური ალტერნატივა გახდნენ. შედეგები იქნება ისეთივე, როგორებიც იყო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ — „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს დედაქალაქშიც და სხვა მუნიციპალიტეტებშიც“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-თან ამბობს, რომ, რა თქმა უნდა, ხაზარაძესაც და გახარიასაც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობით პარტიული და პოლიტიკური მიზნები აქვთ, რაც არც გასაკვირი და არც უცნაურია. ძაბირაძე ვერ ხვდება ნაცების შიშის მიზეზს, რადგან თუ მათ რეალურად სტაბილური ელექტორატი ჰყავთ, რომელიც მათ არჩვენებში არმონაწილეობას უჭერს მხარს, მათი დაკარგვის შიში რატომ აქვთ?!

„თუ ნაცებს მყარი ამომრჩეველი ჰყავთ, რომელიც მათ მიჰყვება ამ ბოიკოტში, რატომ აქვთ მათ იმის შიში, რომ ამომრჩეველი ხაზარაძესთან ან გახარიასთან წავა? „ლელომ“ რომ არ მიიღოს მონაწილეობა, მაშინ ეს აქტივი ხომ გახარიასთან წავა. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ მის აქტივს არჩევნებში მონაწილეობა უნდა და თუ არ მიიღებენ მონაწილეობას და ეს აქტივი გადაერთვება, ხაზარაძე დაწინაურდება, მაშინ ვისი სახელით აცხადებენ ბოიკოტს? ხალხი, რომელიც მათ მხარს უჭერს, არ ემხრობა მაღალ რადიკალიზმს და მაშინ რა არის ამ პარტიის მოქმედების ლოგიკა? ესე იგი, ეს არც პარტიაშია შეთანხმებული და არც მათ ამომრჩეველთან“, - ამბობს ძაბირაძე.

მისივე თქმით, „ოცნება“ ძალიან დიდ რესურსსა და ფულს გამოიყენებს იმისთვის, რომ საკუთარი ამომრჩევლის მობილიზაცია მოახდინოს, რაც განსაკურებით რეგიონებში არ უჭირს.

„ოპოზიციას ყველაზე ცუდი სიტუაცია აქვს რეგიონში. ხოლო დიდ ქალაქებში, თუ ოპოზიცია არ მიიღებს მონაწილეობას და მხოლოდ ნაწილი გავა, ხელისუფლება აქაც ოპოზიციას უპირატესობას სრულად წაართმევს. ამიტომ, ნაციონალები რას საუბრობენ, ვის ებრძვიან, ვისზე ეჭვიანობენ, რომ ოპოზიციაში დაწინაურდებიან, სრულიად გაუგებარი და პოლიტიკურად აბსურდია. იმის მაგივრად, რომ იფიქრონ იმაზე, როგორ იბრძოლონ და როგორ მოიგონ იმ დიდ ქალაქებში, სადაც ამის შანსი აქვთ, აქაც დაკარგავენ უპირატესობას“, - ამბობს ძაბირაძე.

მისივე თქმით, როცა ოპოზიცია ამბობს, რომ ეს არჩევნები არ არის, მაშინ ჩნდება კითხვა - რა არის?

ანალიტიკოსის თქმით, როცა ოპოზიცია ბრძოლიდან უბრძოლველად გადის, ხელისუფლება საკუთარ პოზიციებს კიდევ უფრო მეტად იმყარებს.

„მე არ მჭირდება იმაში დარწმუნება, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ან მისმა განშტოებებმა უნდა მიიღონ თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, მე მათი ამომრჩეველი არ ვარ. მათ უნდა დაარწმუნონ საკუთარი ელექტორატი, რატომ არ უნდა მიიღონ მონაწილეობა. ფაქტია, რომ ვერ არწმუნებენ და ეს ეჭვიანობის მომენტი ღიად ჩანს. სერიოზულად დაელაპარაკონ ხალხს და ნახავენ, რომ ეს საქმე მარტივად არ არის. როცა შენ ამომრჩეველს ვერც ქუჩაში გამოსვლაში არწმუნებ, მაშინ რაღას აკეთებ? ანუ არც არჩევნები, არც ქუჩის პროტესტი - მაშინ, სხვა რა ბერკეტი დარჩათ? ვის იმედზე არიან - დასავლეთის? დასავლეთიდან წამოსულ სანქციებსა და რიტორიკას „ოცნება“ ვხედავთ, როგორ კოხტად უპირისპირდება და როგორ ახერხებს ხალხის დარწმუნებას იმაში, თითქოს ისინი ებრძვიან და ქვეყნის ინტერესების არღალატის გამო ისჯებიან“, - ამბობს ანალიტიკოსი.

ძაბირაძე გამოთქვამს ეჭვს, რომ ყოფილი და მოქმედი ნაციონალები, 2003 წელში არიან ჩარჩენილები, როცა აბსოლუტურად სხვა ვითარება იყო, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ.

„თუ ფიქრობენ, რომ 2003 წლის სცენარი განმეორებადია, მაშინ ამ ხალხს პოლიტიკაში საერთოდ რა უნდა? ქართველი ხალხის უდიდეს ნაწილს ნაციონალების მიმართ სიძულვილი და კატეგორიული მიუღებლობა აქვს. რა რევოლუციურ სცენარზე და 2003 წელზე შეიძლება ფიქრობდნენ?! ამიტომ, არ ვიცი, რა ტაქტიკაა მათ მიერ არჩეული - ეს არის თვითლიკვიდაცია“, - ამბობს ძაბირაძე.

მისივე თქმით, „ოცნება“ ახლა ყველა სცენარისთვის მომზადებულია. მას აწყობს როგორც ოპოზიციის არმონაწილეობა, ისე ნაწილის მონაწილეობა ან ყველას ერთად. ძაბირაძის აზრით, სრულად უარის თქმის შემთხვევაში ხელისუფლება ბევრად ნაკლებ ფულსა და რესურსს დახარჯავს, ხოლო ყველა მუნიციპალიტეტში გამარჯვებას გაინაღდებს.

petrekupry ოპოზიციამ რომ საპარლამენტო არჩევნებზე ხმები მიიღო, 2012 წლის შემდეგ არ ბმიუღია, მაგრამ აყვნენ ნაცების მეინსტრიმს და არ სევიდნენ პარლამენტში, რითაც დიდი შეცდომა დაუშვეს, პარლამენტში რომ შესულიყვნენ, ბევრად უკეთ წარიმართებოდა პროცესები. მათდა სასარგებლოდ შეიძლებოდა გადაწყვეტილიყო ბევრი რამ. მაგრამ ნაცებმა არ მისცეს საშუალება. მთლიანი ოპოზიცია დღეს ნაცების მძევალია, ზოგის შანტაჟი მიდის კასრის ფირებიტ, ზოგს ფულით ღ$უნავენ, ამიტომაც ძაღლი (ოპოზიცია) ყეფს ქარავანი (საქართველო) მიდის!!!!!!!!
1 დღის უკან
მარბიელი ხაზარაძე, როფორც ვირი და მანიკური, ისეა - არაა პოლიტიკა შენი საქმე, არც ქუჩა და არც არჩევნები; აკეთე რაც იცი, მიაწექი მევახშეობას!
1 დღის უკან