საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით იტალიაში გაემგზავრა. ეს არის პირველი ოფიციალური შეხვედრა საქართველოსა და იტალიის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებს შორის. ირაკლი ალასანია იტალიელ კოლეგას რობერტა პინოტის საქართველოს თავდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებს გააცნობს. საუბარი ISAF-ის მისიაში ქართული სამხედრო ქვედანაყოფების მონაწილეობას და ავღანეთის საერთაშორისო ოპერაციის სამომავლო გეგმებსაც შეეხება. მინისტრები თავდაცვის სფეროში საქართველოსა და იტალიას შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.
ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ალასანია იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ფედერიკა მოგერინისთან გამართავს შეხვედრას. დაგეგმილია ასევე, ვიზიტი იტალიის დეპუტატთა პალატაში, სადაც საქართველოს თავდაცვის მინისტრი თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ელიო ვიტოს შეხვდება.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია იტალიის შეიარაღებული ძალების ოფიცერთა კლუბსაც ეწვევა. დაგეგმილია ვიზიტი იტალიის თავდაცვის უმაღლეს სასწავლო-სამეცნიერო ცენტრში, სადაც ირაკლი ალასანია სასწავლო დაწესებულების მსმენელებისა და მაღალი რანგის ოფიცრების წინაშე სიტყვით გამოვა.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი იტალიის საჰაერო ძალების ფრენების ცენტრსაც ესტუმრება და მისი მუშაობის შესახებ პრეზენტაციას მოისმენს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ორდღიანი ვიზიტი ოფიციალურად ხვალ დასრულდება.