ქართველი სამხედროების ნამუშევრების გამოფენა ბაზა „ლეზერნიკზე“ (ვიდეო)

ქართველი სამხედროების ნამუშევრების გამოფენა ბაზა „ლეზერნიკზე“ (ვიდეო)

ავღანეთში ISAF-ის მისიაში მონაწილე 31-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ბაზა „ლეზერნიკზე“ თავიანთი ნახატებისა და ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა მოაწყვეს.  ღონისძიება სამხედრო ბაზაზე მდებარე შემეცნებით და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრში გაიმართა.

სამხედროების მიერ შესრულებულ ნამუშევრებზე  პეიზაჟები, რელიგიური და სხვადასხვა თემატიკის კომპოზიციებია ასახული. გამოფენილია ასევე, ნაქარგები და პენოპლასტით, ქვიშით, ქვებითა და ფეხსაცმლის თასმებით შექმნილი ტაძრის მაკეტები.

31-ე ბატალიონის მეთაურის, ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი მეშველიანის გადაწყვეტილებით, გამოფენილი ნახატები ბაზა „ლეზერნიკზე“ შემეცნებით და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრში დარჩება და მომავალში მათ რიცხვს, ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მიერ შექმნილი ახალი ხელნაკეთი ნივთები დაემატება.

სამხედრო მოსამსახურეებმა ნახატებსა და ხელნაკეთ ნივთებზე თავისუფალ დროს ბაზა „ლეზერნეკის“ შემეცნებით და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრში იმუშავეს. ცენტრში მათ ასევე, აქვთ საშუალება სატრენაჟორო დარბაზში ივარჯიშონ, სამკითხველო კუთხეში სამხედრო-ისტორიულ, ლიტერატურულ და თეოლოგიურ წიგნებს გაეცნონ და საველე კინოთეატრში დოკუმენტური, სამხედრო-ისტორიული და პატრიოტული ფილმების ჩვენებას დაესწრონ.