პარკირების სისტემა მთელ აჭარაზე გავრცელდება

პარკირების სისტემა მთელ აჭარაზე გავრცელდება

[თეონა ხარაბაძე]

აჭარაში პარკირების საკითხი კვლავ გააქტიურდა და როგორც პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი მიხეილ მაჭავარიანი აცხადებს, რამდენიმე დღის წინ ბათუმში ყოფნისას სწორედ ამ საკითხებზე ჰქონდათ მსჯელობა. ვიცე-სპიკერმა აჭარიდან, ანზორ ბოლქვაძემ სათანადო კანონპროექტის ინიცირებაც მოახდინა. თუმცა, პრობლემა ის არის, რომ ჯერჯერობით, არც ეს კანონპროექტი უნახავს ვინმეს თვალით და არც თავად ბოლქვაძემ იცის, პარკირება როგორ მოწესრიგდება და ამ კანონში რა იქნება ჩაწერილი.

ყოველ შემთხვევაში, ბიუროს სხდომის შემდეგ ბოლქვაძე ჟურნალისტებს დაპირდა, რომ 15 წუთში ჩემს ოთახში მოდით და კანონპროექტს მოგცემთო. ჟურნალისტებმაც დაიჯერეს და 15 წუთში კაბინეტში მიადგნენ, მაგრამ მისი ოთახი დაკეტილი დახვდათ.  მდივანმა კი მარტივად განაცხადა, რომ წავიდა და აღარ მოვაო.  ჟურნალისტებმა ისიც იკითხეს, ჩვენთვის რაიმე ხომ არ დაუტოვებიაო, მაგრამ ბოლო იმედიც გაუცრუვდათ.

უფრო მეტად საინტერესო ის არის, რომ დღის ბოლომდე ეს კანონპროექტი არც საორგანიზაციო დეპარტამენტს უნახავს. არადა, თავად მაჭავარიანის მიერ არის დაანონსებული, რომ ამ კვირიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სწორედ ეს იქნება.

აღსანიშნავია, რომ აჭარაში პარკირების საკითხის მოწესრიგება ჯერ კიდევ შარშან უნდოდათ, მაგრამ მაშინაც შემოტანილი კანონპროექტი მთავრობამ უკან გაიწვია. არგუმენტად კი დეტალების დაზუსტება დასახელდა.

დაზუსტდა თუ არა ეს დეტალები და თუკი დაზუსტდა, როგორ, ამის გაგება ჯერჯერობით, შეუძლებელია. თუკი მაჭავარიანის სიტყვებს ვენდობით, პარლამენტი ცენტრალურ და აჭარის მთავრობასთან ერთად ამ საკითხები რეგულირებაზე მუშაობდა და საბოლოოდ შეთანხმებული გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული.

ამ საკითხს ამაზე მეტად ვერც მაჭავარიანი აკონკრეტებს და ვერც მთავრობის წარმომადგენლები. როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა განმარტა, საუბარია იმაზე, რომ პარკირება ისე დარეგულირდეს, რომ არ შეილახოს დამსვენებლებისა და ტურისტების ინტერესები.

მისი თქმით, თუკი აჭარაში იქნება ერთწლიანი აბონიმენტი პარკირებისთვის, ამან, შესაძლოა, პრობლემა შეუქმნას ისეთ ადამიანებს, რომლებიც აქ რამდენიმე დღით ჩადიან. ამიტომაც, მისი ზეპირი განმარტების თანახმად, აბონიმენტი იქნება ერთთვიანი და რაც მთავარია, ძალაში იქნება მთელი აჭარის ტერიტორიაზე და არა მხოლოდ ბათუმში.

თუმცა, რა ეღირება ეს აბონიმენტი, ამაზე ვერავინ ვერაფერს ამბობს. როგორც ხუროშვილი განმარტავს, ეს ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაა და ფასსაც აჭარის მთავრობა განსაზღვრავს. პარლამენტი კი მათ პარკირების დაწესებისა და ტენდერის ჩატარების უფლებას მისცემს.

ეს საკითხი კი საპარლამენტო ოპოზიციას საკმაოდ ბევრ კითხვას უჩენს.

„პარკირების საკითხი რომ უნდა მოწესრიგდეს, გასაგებია და ამაში თითქოს კეთილშობილური მიზნებიც ჩანს, მაგრამ პრობლემა სხვა რამაა. პარკირება თბილისშიც უნდა მოწესრიგებულიყო, მაგრამ გეკითხებით, მოწესრიგდა? თუ უგულავამ პირობა ვერ დაარღვია და არჩევნების შემდეგ ამ პარკირების ფასი არ გააორმაგა?

ახლა კი, როგორც ჩანს, მთავრობაში ვიღაცას ახალი ბიზნესის დაწყება უნდა. მით უმეტეს, რომ ამ აბონიმენტს მთელ აჭარაში ექნება მოქმედების ძალა და მას რა ფასს დაადებენ და ჩვენი მოქალაქეების ხარჯზე ვინ გამდიდრდება, ამას ძალიან მალე ვნახავთ,“ - აცხადებს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი.

ამიტომაც, კანონპროექტის ფიზიკურად ნახვის შემდეგ უფრო დაზუსტებით იქნება იმაზე მსჯელობა, თუ აჭარაში ამ პრობლემის მოგვარებას როგორ აპირებენ. ისიც ფაქტია, რომ ამ შემთხვევაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება პარკირების პირობებსა და ფასს და ასევე იმას თუ როგორ ჩატარდება ტენდერი და ამ ტენდერში რომელი კომპანია რა პირობებით გაიმარჯვებს.