ძველ თბილისში ე.წ. ხრუშჩოვკების დემონტაჟი იგეგმება

ძველ თბილისში ე.წ. ხრუშჩოვკების დემონტაჟი იგეგმება

თბილისის საკრებულოსა და გაერთიანებული საემიროების ერთ– ერთ საინვესტიციო ჰოლდინგს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, თბილისში ე.წ. "ხრუშჩოვკების' სანაცვლოდ კომფორტული საცხოვრებელი სახლები აშენდება. 

როგორც მხარეებმა განმარტეს, მემორანდუმი ე.წ. ხრუშოვკების დემონტაჟს და მათ ნაცვლად ახალი კომფორტული საცხოვრებელი სახლების მშენებლობას, ასევე ძველი თბილისის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, ინვესტორი მზადყოფნას გამოთქვამს, აღნიშნული პროექტი 600 მლნ. ამერიკული დოლარით დააფინანსოს. რაც შეეხება პროცედურას, მემორანდუმის საფუძველზე პასუხისმგებლობას ორივე მხარე იღებს, რათა პროექტი   ფინანსთა სამინისტროსა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ იქნეს მხარდაჭერილი და შემდგომ ხელი მოეწეროს მუშა დოკუმენტს, სადაც ხარჯვითი მხარე იქნება წარმოდგენილი.

მას შემდეგ, რაც ფინანსთა სამინისტრო და ცენტრალური ხელისუფლება ამ ინიციატივას დაუჭერს მხარს, ირაკლი შიხიაშვილის თქმით, ახალი კორპუსების ასაშენებლად კონკრეტული სამუშაოები დაიწყება.

მისივე განცხადებით, მთავარი მიზანი ძველი თბილისის რეაბილიტაცია და ე.წ. ხრუშჩოვკების ადგილას კომფურტული სახოვრებელი სახლების აშენებაა. ამასთან, საკრებულოს თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ  ყოველივე ეს ზაფხულისთვის უკვე კონკრეტულ მოქმედებაში და კონკრეტულ ნაბიჯებში აისახება.

პროექტის განხორციელების შემთხვევაში, მაქსიმალური აქცენტი ადგილობრივი კომპანიებისა და შესაბამისად, მოსახლეობის  დასაქმებაზე იქნება გადატანილი და ამდენად, ამ ნაბიჯით არა მხოლოდ დედაქალაქის იერსახის შეცვლა, სამუშაო ადგილების შექმნაა დაგეგმილი.

საერთაშორისო სავაჭრო-საინვესტიციო ჰოლდინგის (არაბეთის გაერთიანებული საემიროები) ხელმძღვანელის სალემ ჰუმეიდ ალ შამსის ინფორმაციით, სამუშაოები, რომლებიც ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება, სავარაუდოდ, ოთხ თვეში დაიწყება.