სააკაშვილს - მფრინავი ხალიჩა, ლევან გაჩეჩილაძეს - უჩინმაჩინის ქუდი

სააკაშვილს - მფრინავი ხალიჩა, ლევან გაჩეჩილაძეს - უჩინმაჩინის ქუდი

ამბობენ, რომ პოლიტიკაც თავისებური ხელოვნებაა, იქაც არიან ვირტუოზები, ნიჭიერები, უნიჭოები, მიმბაძველები და ა.შ. რადგან ასეა, "სარკემ" გადაწყვიტა, ქართველ პოლიტიკოსთა 2008 წლის ნაღვაწი შეძლებისდაგვარად შეეჯამებინა და, როგორც ხელოვანები ანუ არტისტები, სხვადასხვა ნომინაციაში გამოევლინა, რა თქმა უნდა, შესაბამისი პრიზებით.

რა თქმა უნდა, ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი 2008 წელს კვლავ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო. მისი სახელი და გვარი ყველაზე ხშირად ისმოდა ყველა კონტექსტში და არა - მხოლოდ საქართველოში, განსაკუთრებით აგვისტოს მოვლენების შემდეგ. ის გადაწყვეტილებებშიც და ქმედებებშიც ძველებურად გამოუსწორებელი ოპტიმისტია. შეუძლია, წაგებული ომის შემდეგ თქვას, გავიმარჯვეთო და "მიშა, მიშა"–ს დამძახებელიც ათი ათასობით შეკრიბოს. შეუძლია ეკონომიკურად მძიმე მდგომარეობაში მყოფებს გვითხრას, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი ყველაზე ნაკლებად ჩვენ შეგვეხო და აგვისტოში რუსეთი ეკონომიკურად დავანგრიეთო. ამრიგად, საქართველოს პრეზიდენტმა ყველაზე დიდი ოპტიმისტის პრიზი მიიღო და მას სიმბოლური მფრინავი ხალიჩა გადაეცა.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა, დაუფასებელი ღვაწლისთვის თოხი დაიმსახურა. იმის მიუხედავად, რომ ომი "მოიგო", თანამდებობიდან მაინც მოხსნეს.

პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს კოვზი და ჩანგალი ერგო აგვისტოს მოვლენების დროს გაკეთებული განცხადებისთვის - ვისაც რა გაქვთ, მტერს იმით დახვდით, თუნდ კოვზებით და ჩანგლებითო.

პრემიერმინისტრმა გეგა მგალობლიშვილმა გაიმარჯვა ნომინაციაში "ნაცნობი უცნობი". რამდენიმეთვიანი პრემიერმინისტრობის შემდეგაც მისი სახელი და გვარი ქვეყანაში ბევრმა არ იცის, ფიზიონომია ხომ - მით უმეტეს.

იუსტიციის მინისტრმა, ზურაბ ადეიშვილმა, რუხი კარდინალის სტატუსი ამ წელსაც შეინარჩუნა და შავი სათვალეების მფლობელი გახდა.

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი, უკანასკნელი მოდელის მოსასმენი აპარატურით დასაჩუქრდა. როგორც ჩანს, ძველი გაუფუჭდა. დიდი ხანია ოპოზიციონერ ლიდერებზე ფარული ჩანაწერები აღარ გვინახავს.

ეკონომიკის ახალი მინისტრი ლაშა ჟვანია ნაძვის ხით დასაჩუქრდა ქართული ტყეების კახა ბენდუქიძის ტყვეობიდან გათავისუფლებისთვის.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძის, ისევე როგორც ცნობილი გივის ფილმიდან "ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი", პოვნა ამ წელსაც ოცნება იყო. თარგამაძემ საჩუქრად ახალი კალამი მიიღო. ძველი ეროსი კიწმარიშვილმა იმსხვერპლა.

თბილისის მერ გიგი უგულავას გენერლის სამხრეები გადაეცა და რეკომენდაციაც მიეცა მაღალი სამხედრო წოდების მისანიჭებლად. როგორც ამბობენ, რუსეთთან ომში ხშირად მისი ბრძანებებით მოქმედებდნენ ქართული სამხედრო შენაერთები და რეზერვისტები.

ლევან ბერძენიშვილი დაჯილდოვდა წიწაკაწასმული ბერძნულ–ქართული ლექსიკონით. ოპონენტის გამწარება ზრდილობიან და აკადემიურ ფარგლებში მასზე უკეთ არავის გამოსდის.

ქრისტიან–დემოკრატების ლიდერი გიორგი თარგამაძე ჭეშმარიტად 2008 წლის ოსკაროსანია საუკეთესო საარჩევნო სცენარისათვის.

საპარლამენტო უმრავლესობის სახეებს - გოკა გაბაშვილს და კოტე კუბლაშვილს - "სარკე" საჩუქრად გადასცემს წინა წლის "სარკის" ნომრებს, რათა ჩაიხედონ და ნახონ, რომ მათი მაღალკეთილშობილური აზრების დაფიქსირება ამ ჟურნალშიც შეიძლება.

ზურაბ ნოღაიდელმა გაიმარჯვა ნომინაციაში "წლის ყველაზე ფრთხილი ოპოზიცია". ეკონომიკური რჩევების გარდა, მისგან კრიტიკული ბევრი არაფერი მოგვისმენია.

ეროსი კიწმარიშვილი პრიზის "წარუმატებელი ირაკლი ოქრუაშვილი" მფლობელი გახდა. ოქრუაშვილისგან განსხვავებით, მისმა განცხადებებმა საზოგადოებაზე დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა.

გუბაზ სანიკიძემ, როგორც მოსალოდნელი იყო, ყანწის დასაკუთრებაში ყველას აჯობა. ეს პრიზი მან ისტორიულ საქართველოში მოგზაურობისთვის დაისაკუთრა. ამის შემდეგ ეროვნული ფორუმის ერთ–ერთ ლიდერს ტრადიციული პოლიტიკური სადღეგრძელოების და შესანდობრის თქმის შესაძლებლობა ხუთლიტრიანი ყანწით შეეძლება.

შალვა ნათელაშვილს ერთი ცხენი პარტიის დროშაზე აქვს, ამჯერად მას მეორე ცხენი ერგო - "რუსთავი 2"–ის ლოგო - ამ ტელეკომპანიის პოპულარიზაციისთვის. მას ეკუთვნის ფრაზა - ჰიტლერს რომ "რუსთავი 2" ჰყოლოდა, გერმანელ ხალხს დღესაც არ ეცოდინებოდა, რომ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ომი წააგესო.

კონსტანტინე გამსახურდიას გადაეცა თვითმფრინავის ერთწლიანი ბილეთი საქართველო–შვეიცარიის რეისზე.

ირაკლი ალასანიას შოუმენებმა უკვე ღირსეულად მიანიჭეს სანტა კლაუსის პრიზი. მას საახალწლოდ ლამის მთელი საქართველო ელოდებოდა, თუმცა კანფეტები არ ჩამოუტანია. მას გადაეცა სახელმძღვანელო "ქართველი ოპოზიციონერებისათვის".

კოკა გუნცაძემ გაიმარჯვა ნომინაციაში "წლის საუკეთესო დამრტყმელი" ღია ეთერში უმრავლესობის წევრ გიორგი კანდელაკის ცემისთვის. თავად კანდელაკი უმრავლესობამ ყველაზე მომთმენ ნაციონალად აღიარა.

ჯონდი ბაღათურიამ მაკრატელი და ნემსი დაიმსახურა - თვითონ ჭრის და თვითონ კერავს.

კობა დავითაშვილს ტელეფონის ახალი ნომერი ერგო ჟურნალისტებთან სასაუბროდ. "ხალხის პარტიის" ლიდერმა გასულ წელს ჟურნალისტებისგან თავის დასახსნელად კარგ ხერხს მიაგნო - როცა პრესასთან საუბრის ხასიათზე არაა, მობილურ ტელეფონს თიშავს.

დავით გამყრელიძემ პოლიტიკური პრაგმატიზმის გამო ჭრელი ბურთი დაიმსახურა. მისთვის ხელისუფლებაში მოსასვლელად გასულ წელს ყველა მოედანზე თამაში მისაღები გახდა. თავისი განცხადებებით და რადიკალიზმით მარცხენა ფლანგზეც კი აღმოჩნდა.

ირაკლი ოქრუაშვილმა მინიატურული ეიფელის კოშკი მიიღო ხელისუფლებისა და ოპოზიციისათვის პარიზიდან მიცემული რჩევების გამო.

ლევან გაჩეჩილაძეს უჩინმაჩინის ქუდი ეკუთვნის გასულ წელს სხვადასხვა რანგის და სხვადასხვა პოლიტიკურ პოლუსზე მდგომ პოლიტიკოსებთან "შემთხვევითი" შეხვედრების გამო. შემთხვევით შეხვდა გერმანიაში, მაღაზიაში მიხეილ სააკაშვილს და ასევე შემთხვევით, ოღონდ ამერიკაში -  ირაკლი ალასანიას.

პარტიის "ჩვენ თვითონ" ლიდერს აგვისტოს ომზე დაწერილი ორასგვერდიანი დასკვნისთვის გადაეცა ბატის ფრთა საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ავტოგრაფით.

გია თორთლაძეს თბილი ქუდი ერგო არასაპარლამენტო ოპოზიციის თავდასხმებისა და სიცივისგან თავის დასაცავად. პარტიის ყრილობაზე ისე შესცივდა, კულისებში ძლივს შეასწრო.

აკაკი ასათიანმა გაიმარჯვა ნომინაციაში "ყველაზე დინჯი" და სათამაშო დათვი გადაეცა. იდეებს რეალიზებასაც ისე სწრაფად რომ უკეთებდეს, როგორც ამუშავებს, ვანო მერაბიშვილის "წამალი" ოპოზიციას დიდი ხნის წინ ეცოდინებოდა.

კახა კუკავამ გათამაშებაში სათამაშო ტანკი მოიგო. მას, როგორც ქართულ პოლიტიკაში ყველაზე უმცროსს, მწარე განცხადებებს ადვილად პატიობენ. ამით გათამამებული ტანკივით აწვება ყველა მხარეს.