80 ხმით, ერთხმად - პარლამენტმა პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა. პროექტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი, საქმიანობის არსი და პერსონალური შემადგენლობა სასამართლოს მიერ უკვე აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს, საქმიანობის არსსა და პერსონალურ შემადგენლობას იმეორებს.
ამასთან, პარლამენტში თავდაპირველად ინიცირებული პროექტის გათვალისწინებით, პარტიის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებულ სარჩელზე გადაწყვეტილების გამოტანის ვადა სარჩელის შეტანიდან 9 თვეს არ უნდა გადასცდენოდა, საარჩევნო პერიოდში კი - 14 დღეს. განხილვის პროცესში აღნიშნული ვადა დაკორექტირდა - კანონის პროექტის საბოლოო რედაქციით, როგორც საარჩევნო, ასევე არასაარჩევნო პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას 14 დღის ვადაში მიიღებს.
მაშ ასე, დოკუმენტის მიხედვით, აიკრძალება იმ პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის და ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, რელიგიურ შუღლს. „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვა, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება იყო და, მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მოიპოვეს, იმედი აქვთ, რომ ამ მიზანს მაინც მიაღწევენ.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი კახიანის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს უფლებამოსილება, რომლის მიხედვითაც მას არაკონსტიტუციურად შეუძლია ცნოს ესე თუ ის პოლიტიკური პარტია ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში.
„კანონმდებლობაში არ უნდა არსებობდეს ხარვეზი იმისა, რომ პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადების შემთხვევაში ამ პარტიის წევრებს ჰქონდეს შესაძლებლობა გარკვეული რებრენდიგი მოახდინონ თავიანთი პარტიისა და სხვა ფორმით აღმოჩნდნენ პოლიტიკურ ცხოვრებაში“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა.
პარლამენტის წევრის თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, ცვლილებები ემსახურება იმას, რომ არ დარჩეს სივრცე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გვერდის ავლით იმავე ჯგუფის მიერ, არაკონსტიტუციური მიზნებით დაფუძნდეს ე.წ. მემკვიდრე პარტია.
„ცვლილებები პირველ ყოვლისა ემსახურება იმას, რომ მოხდეს საკონსტიტუციო სასამართლოს რესურსის ეფექტიანი ათვისება. ეს თავის მხრივ კავშირშია იმასთან, რომ არ მოხდეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დაძლევა, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს ე.წ. მემკვიდრე პარტიის შექმნას. არ დარჩეს სივრცე იმისათვის, რომ მანიპულაციურად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გვერდის ავლის გზით იმავე ჯგუფის მიერ, იმავე არაკონსტიტუციური მიზნებით დაფუძნდეს ე.წ. მემკვიდრე პარტია და უკვე ამ პარტიის მეშვეობით არ გაგრძელდეს ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.
ანალიტიკოს დავით ჩიხელიძის შეფასებით, უნდა გვესმოდეს, რომ აღნიშნული კანონი არა ვინმეს წინააღმდეგ, არამედ ზოგადად, სახელმწიფოს დამოუკიდებლობის გაძლიერებისკენ და დესტრუქციული ძალების საკანონმდებლო სივრცეში დაბრუნებისკენ არის მიმართული. მისივე თქმით, თავის მხრივ პარტიების აკრძალვაში არაფერია ახალი და ის არ შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს დემოკრატიისთვის.
„პარტიები იკრძალება დასავლეთის ქვეყნებში, მაგალითად, -გერმანიაში, რუმინეთში, მოლდოვაში და ა.შ. სამწუხაროდ, საქართველოში ხშირ შემთხვევაში პოლიტიკა ერთგვარ ინდულგენციად იყო გამოყენებული, პოლიტიკური პარტიები კი დამნაშავეთა თავშესაფრად. დამნაშავე ციხეში უნდა იყოს და არა პოლიტიკაში, დაუშვებელია დესტრუქციული ძალების პოლიტიკაში ყოფნა და მათი გამრუდებული იდეოლოგიით თაობების მოწამვლა.
აიკრძალება ყველა ის პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძვის, ეწევა ომის პროპაგანდას, აღვივებს სხვადასხვა სახის შუღლს, ქმნის შეიარაღებულ ჯგუფებს და ა.შ. პირველი, ვინც შესაძლოა გაგვახსენდეს, „ნაციონალური მოძრაობაა“, რომელიც წლების განმავლობაში ებრძვის, როგორც საკუთარ ხალხს ასევე სახელმწიფოს. მათი დღის წესრიგი და პოლიტიკა ძალადობაზე და სიძულვილზეა დამყარებული“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ჩიხელიძე.