მიხეილ ქავთარაძემ საბურთალოს რაიონში სათათბიროს შექმნის თაობაზე გააკეთა განცხადება

მიხეილ ქავთარაძემ საბურთალოს რაიონში სათათბიროს შექმნის თაობაზე გააკეთა განცხადება

საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ დღეს საკრებულოში ბრიფინგი გამართა, რომელზეც საბურთალოს რაიონის გამგეობაში ჩატარებული შემოწმების შედეგებზე ისაუბრა.

მიხეილ ქავთარაძის თქმით, აღნიშნულ გამგეობაში შემოწმების დასრულებისთანავე გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, გია ხუროშვილმა რაიონში სათათბირო ორგანის შექმნის თაობაზე გამოსცა ბრძანება.

"მოგეხასენებათ, თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიამ რამდენიმე რაიონის გამგეობაში ჩაატარა შემოწმება და ერთ–ერთი მათ შორის იყო საბურთალოს რაიონის გამგეობა. როგორც კი აღნიშნულ გამგეობაში დასრულდა შემოწმება, 2013 წლის 22 ოქტომბერს საბურთალოს რაონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, გია ხუროშვილმა გამოსცა ბრძანება N3, რომლის თანახმადაც რაიონში შექმნა სათათბიროორგანო. ამავე ბრძანების მიხედვით, თითოეული ტერიტორიული ერთეულის სათათბირო ორგანო შედგება არაუმეტეს 50 წევრისაგან. აღსანიშნავია, რომ სათათბიროებს, რომლებშიც მხოლოდ საბურთალოს რაიონში 112 ამხანაგობის თავმჯდომარეა გაერთიანებული, იგივე ფუნქციები და მოვალეობები აქვთ, რაც კანონით აქვს განსაზღვრული მუნიციპალიტეტებს. ამდენად, გია ხუროშვილის ამ ბრძანებით რაიონში  შეიქმნა დამატებითი ინსტიტუტი, რომელთა დაფინანსებაც სრულიად გაუმართლებელია, რადგან მათი შექმნით რაიონისთვის რაიმე დამატებითი სარგებელი არ დამდგარა. ამასთანავე, თითოეულ სათათბიროს წევრზე 2013 წლის მეოთხე კვარტლის წახალისებასთან ერთად გაიცა 750 ლარი, ანუ მთლიანობაში სათათბიროს 112 წევრზე გაიცა 84 000 ლარი.

აღსანიშნავია, რომ ამის პარალელურად სათათბიროს წევრები, ანუ ამხანაგობების თავმჯდომარეები თბილისის ბიუჯეტიდან იღებენ წახალისებას 375 ლარის ოდენობით. ამდენად, ეს ადამიანები წახალისების ორივე ფორმით სარგებლობენ და სათათბიროს თითოეულმა წევრმა გასული წლის დეკემბერში წახალისების სახით 1 125 ლარი მიიღო, ანუ ამ პერიოდში ჯამურად სათათბიროს წევრებზე 126 000 ლარია გაცემული.

დაბოლოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სათათბიროებში გაერთიანებულები არიან ადამიანები, რომლებიც “თბილსერვისის” და ძველი თბილისის განვითარების ფონდის გახმაურებულ საქმეებში ფიგურირებდნენ, თბილისის ბიუჯეტიდან თანხების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე საგამოძიებო ორგანოებში არაერთხელ იყვნენ დაკითხვაზე და როგორც ჩანს, ახლა თბილისის მერიამ გადაწყვიტა წინასაარჩევნოდთავისი პარტაქტივი სწორედ ამ გზით “დაესაქმებინა”.

გვინდა მოვუწოდოთ ამ ადამიანებს, ნუ მიიღებენ თბილისის ბიუჯეტიდან ამ თანხებს, რადგან ეს ფული არამიზნობრივად იხარჯება და გამგეობის ეს ქმედება ყოველგვარ სამართლებრივ ჩარჩოებს სცილდება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო, ამ ინფორმაციას და შესაბამის დოკუმენტაციას ჩვენ სამართალდამცავ ორგანოებს გადავცემთ შემდგომი რეაგირებისთვის’’,–განაცხადა მიხეილ ქავთარაძემ.