შეხვედრა კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებთან

შეხვედრა კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებთან

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშია დღეს კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებს შეხვდა და მათ 2014 წლის თბილისის ბიუჯეტში პრობლემის მოგვარებისთვის განსაზღვრული თანხების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე, რომელსაც ასზე მეტი კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ესწრებოდა, სამუშიამ იმ კორპუსების ჩამონათვალი წარმოადგინა, რომელთა დასრულებაც წელს იგეგმება.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თქმით, 2014 წლის ბიუჯეტში, რომელიც საკრებულომ 7 მარტს დაამტკიცა, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა პრობლემების მოსაგვარებლად 3 მილიონი ლარია გამოყოფილი.

ჯაბა სამუშიას განცხადებით, 2014 წლის ბიუჯეტში თნხების გათვალისწინებით რამდენიმე ასეულ ოჯახს უბინაობის პრობლემა ეხსნება.

“ბუნებრივია ეს პროცესი, რომელიც წელს დაიწყო მომავალშიც გაგრძელდება. თავის დროზე თბილისის ბიუჯეტიდან გიგი უგულავამ ამოიღო ამ ადამიანებისთვის განკუთვნილი თანხები, დღეს კი საკრებულოს უმრავლესობამ ბიუჯეტში შესაბამისი პუნქტის გაჩენით ეს გაყინული პროცესი ადგილიდან დაძრა. ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი, იმისათვის რომ ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში დაიწყოს კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოქალაქეების პრობლემის მოგვარება.” – განაცხადა სამუშიამ.

თავის მხრივ, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებმა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს მადლობა გადაუხადეს იმ ძალისხმევისთვის, რომელსაც, მათი თქმით, ჯაბა სამუშია წლების განმავლობაში ეწეოდა მათი პრობლემის მოგვარებისთვის.

“წლებია ამ დრომდე ყურადღებას არავინ გვაქცევდა. გვინდა გამოვხატოთ მადლიერება მთლიანად საკრებულოს და ბატონი ჯაბას მიმართ, რომელმაც ოთხი წელი იბრძოლა იმისთვის, რომ აღნიშნული პუნქტი აღდგენილიყო თბილისის ბიუჯეტში, რითაც იწყება ჩვენი პრობლემის მოგვარება” – განაცხადა საბინაო–სამშენებლო კოოპერატივების წევრთა უფლებების დაცვის ასოციაციის ვიცე–პრეზიდენტმა ნანა წიქარიშვილმა.