ძალოვანი სტრუქტურების ოფიცერ ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს (ვიდეო)

ძალოვანი სტრუქტურების ოფიცერ ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს (ვიდეო)

დღეს, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭომ თავდაცვის, უსაფრთხოებისა და შინაგან საქმეთა ორგანოების 70 ოფიცერ ქალბატონს უმასპინძლა. ოფიციალური მიღება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გახსნა და მოწვეულ ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა.

ღონისძიებაზე თავდაცვის უწყების ოფიცერ ქალბატონებთან ერთად, თავდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ქაროსანიძე იმყოფებოდა. მან საქართველოს პარლამენტს შეიარაღებულ ძალებში დასაქმებული ქალბატონების დაფასებისა და მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა და  ქალბატონებს 8 მარტი მიულოცა: „მნიშვნელოვანი დღეა ქალებისთვის. მინდა შეიარაღებული ძალების და საერთოდ, საქართველოს ქალებს ვუსურვო, რომ იყვნენ ძალიან ძლიერები, თავდაჯერებულები, ჰქონდეთ საკუთარი თავის იმედი და ეს იმედი მუდამ გამართლებოდეთ.“

ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელ ოფიცერ ქალბატონებს სიტყვით მიმართეს გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელმა მანანა კობახიძემ და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა. მათ ძალოვან უწყებებში გენდერულ ბალანსზე გაამახვილეს ყურადღება და ქალბატონებს  წარმატებები უსურვეს.

ღონისძიება საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით გაიმართა. საბჭოს წარმომადგენლებმა ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოწვეულ ქალბატონებს თაიგულები გადასცეს. სადღესასწაულო მიღებას საქართველოს პარლამენტის წევრებიც დაესწრნენ.