მიხეილ სააკაშვილი - „სილვიო ბერლუსკონის ვლადიმერ პუტინთან ინტიმური ურთიერთობა აკავშირებს“

მიხეილ სააკაშვილი - „სილვიო ბერლუსკონის ვლადიმერ პუტინთან ინტიმური ურთიერთობა აკავშირებს“

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, იტალიისა და რუსეთის პრემიერ-მინისტრებს თითქმის ინტიმური ურთიერთობა აკავშირებთ.

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სილვიო ბერლუსკონის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.

„სილვიო ბერლუსკონი გუშინ გამოდიოდა სენატში და მოჰყავდა მაგალითები იმ სერიოზული დამასახურებების შესახებ, რომელიც აქვს კაცობრიობის და იტალიის წინაშე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ერთ-ერთ მაგალითად მოიყვანა თბილისში ყველაზე მაღალ ხეზე ჩამოხრჩობისგან ჩემი გადარჩენა. ჩვენ მთლიანად ევროკავშირის მადლობელი ვართ. მადლობელი ვართ იმ როლის, რომლის თამაშიც ევროკვშირმა სცადა. როგორ გამოუვიდა, ეს სხვა საკითხია, რადგან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება შესრულებული არ არის და მას რუსეთი, როგორც გავიგე, აღარც სცნობს", - განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ბერლუსკონისაგან მსგავსი რამ პირველად არ ესმის.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, 2008 წლის აგვისტოში ევროპელი დიპლომატების მიერ შესრულებული როლი მისასალმებელია. პრეზიდენტმა ომის პერიოდში მსოფლიო თანამეგობრობის წარმომადგენელთა მიერ გაკეთებული მხარდამჭერი განცხადებებიც გაიხსენა.

„მინდა, ყველას შევახსენო, როდესაც ომის დაწყებიდან რამდენიმე საათში კონდოლიზა რაისმა ჰკითხა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, თუ რა იყო მათი მიზნები საქართველოზე, პასუხი იყო ძალიან მოკლე, - სრული განადგურება საქართველოსი. საუბარი იყო არა პრეზიდენტის სხეულის რომელიმე ნაწილით ან მაღალ ხეზე ჩამოკიდებაზე, არამედ საქართველოს განადგურებაზე. იყო კონკრეტული შემოთვლა, რომ თბილისის აეროპორტი არ დაიბომბებოდა, თუ მთავრობა საქართველოს დატოვებდა და. პრაქტიკულად, ხელისუფლებას გადააბარებდა შემოსულ აგრესორს, როგორც ეს მოხდა 1921 წელს", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ასეთ ვითარებაში ქვეყანა ქართველი ხალხის ერთად დადგომამ და საერთაშორისო საზოგადოების თანადგომამ გადაარჩინა.

„ჩვენმა ჯარმა გაწია გმირული წინააღმდეგობა და აჩვენა, რომ ბევრად მეტი პოტენციალი ჰქონდა. მსოფლიო თანამეგობრობამ ამაში მონაწილეობა მიიღო. აშშ-მ დაიწყო ჰუმანიტარული სამხედრო ოპერაცია, აშშ-ს მე-6 ფლოტი დაიძრა საქართველოსკენ. პრეზიდენტმა ბუშმა, პენტაგონის ხელმძღვანელსა და სახელმწიფო მდივანთან ერთად, გააკეთა ძალიან მკაფიო მინიშნებები სამხედრო-ჰუმანიტარული ოპერაციის სამხედრო ასპექტებზე. ჩემს მეგობარ სილვიო ბერლუსკონის, ასევე, მჭიდრო, ძალიან ახლობლური, თითქმის ინტიმური ურთიერთობა აკავშირებს ვლადიმერ პუტითან და თუ მან ეს სასარგებლოდ გამოიყენა, ამას მივესალმები", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის აზრით, საქართველოს გადარჩენაში მთავარი როლი ქართველმა ხალხმა ითამაშა.

„რა თქმა უნდა, ეს მოხდა ჩვენი მეგობრების დახმარებით, რადგან ჩვენი თავდაცვის ხაზი გადის არა მხოლოდ საქართველოს შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც", - აღნიშნა სააკაშვილმა.

იტალიის პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის აზრით, ის, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსები თბილისს თავს არ დაესხნენ, მისი და საფრანგეთის პრეზიდენტის დამსახურებაა.

იტალიური მედიასაშუალებების ინფორმაციით, სენატში სიტყვით გამოსვლისას ბერლუსკონიმ განაცხადა, რომ „მიხეილ სააკაშვილი რუსი ჯარისკაცების მიერ ყველაზე მაღალ ხეზე ჩამოხრჩობას დიპლომატიურმა ძალისხმევამ გადაარჩინა".