იტალიელი ქალების სილამაზის საიდუმლო

იტალიელი ქალების სილამაზის საიდუმლო

ყველაზე ტანადი და მოხდენილი ევროპაში, - ასეთ შეფასებას იმსახურებენ იტალიელი ქალბატონები და იცით, როგორ მიაღწიეს ამას? - კვების რეჟიმით, რომელიც ცხოვრების წესად აირჩიეს. სასწაულმოქმედი რაციონის ძირითადი კომპონენტი კი, რა თქმა უნდა, მაკარონია.

მისდევთ ამ წესს? მაშინ, არ მოგიწევთ მტანჯველი დიეტის დაცვა გამოთვლილ გრამებსა და წამებში, რითაც თქვენც სასტიკად ეწამებით. მიირთვით თავისუფალ რეჟიმში მაკარონი - საუკეთესო ხარისხის ხორბლისგან, მხოლოდ იმ პროდუქტთან ერთად, რომლის არცთუ ისე მწირ არჩევანს გთავაზობთ იტალიური დიეტა.

უკვე აირჩიეთ მაკარონი „პასტა“? შეგახსენებთ მის შემცველობას. ხორბლის პროდუქტია, მაგრამ არ ასუქებს. მასში შემავალი ნახშირწყლები ხელს უწყობს სერატონინის გამომუშავებას. ეს ჰორმონი კი, არეგულირებს და დამამშვიდებლად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე.

დაბალია „პასტის“ გლიკემური ინდექსი და არ იწვევს სისხლში შაქრის უეცარ მატებას. ამის გამო მასში არსებული ნახშირწყლები ნელა იშლება, თქვენ კი ენერგიას ხანგრძლივად ინარჩუნებთ.

მეცნიერებმა, რომლებიც იკვლევდნენ „პასტის“ კვებით თვისებებს, დაამტკიცეს, რომ 85 გრამი მშრალი „პასტა“ ზრდასრული ადამიანის ორგანიზმს ამარაგებს აუცილებელი სასარგებლო ნივთიერებებით. ერთი თეფში მაკარონი მხოლოდ 300 კილოკალორიაა. გაითვალისწინეთ ეს და ისე გაანაწილეთ კვების რეჟიმი, რომ დღის განმავლობაში, სასურველ პროდუქტთან ერთად, რომელიც დიეტის ფარგლებში შეგიძლიათ მაკარონს შეატანოთ, სულ 2 000 კილოკალორიაში ჩაეტიოთ. ეს თქვენი დღიური ნორმაა. ასე რომ, აირჩიეთ თავად და ნახავთ როგორია ეფექტი...

მთავარი ის არის, რომ დიეტა არ ითვალისწინებს მკაცრ აკრძალვებს და ამიტომ, მასზე შეგიძლიათ, იჯდეთ მთელი ცხოვრება. თანაც, დაგდებულ წონას არასდროს აღიდგენთ. პირველი დაკლება წონაში კი, თავდაპირველ მონაცემებთან შედარებით, 1,5 კილოგრამია თვეში. ცოტაა? სამაგიეროდ, 1-2 თვის შემდეგ ნივთიერებათა ცვლაც მოგიწესრიგდებათ ორგანიზმში, კანის მდგომარეობაც გამოგისწორდებათ, რეგულირდება საჭმლის მომნელებელი სისტემა და უმტკივნეულოდ, თანდათან და „უკანმოუხედავად დაიწყებს გადინებას“ ზედმეტი კილოგრამები თქვენი სხეულიდან.

თუ მუდმივად დაიცავთ ამ დიეტას, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების საფრთხე ორჯერ მცირდება, ძლიერდება იმუნიტეტი და შესაბამისად, ნაკლებია ინფექციებით დასნებოვნების ალბათობა.

ახლა იმის შესახებ, თუ რომელი პროდუქტი უნდა შეარჩიოთ ძირითად ბაზად მაკარონთან ერთად, როცა იტალიურ დიეტას იცავთ. ასეთია: ბოსტნეული, ხილი, ბურღულეული, ზეთის ხილი, თევზი და ზღვის პროდუქტები. პურზე და ხორცზე ტაბუ გაქვთ დადებული. მოგიწევთ უარყოთ შაქარიც და მისი პროდუქტებიც. ასევე, არ გაეკაროთ კონსერვანტებით გაჯერებულ პროდუქტს (მაღაზიის სოუსები, ძეხვი, მწნილი, შებოლილი პროდუქტი).

ზემოჩამოთვლილი საბაზო პროდუქტი შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერი რაოდენობითა და შეფარდებით. აკრძალვა არ ეხება მშრალ წითელ ღვინოს (ერთი ბოკალი დღეში).