ქართველი ქალები ტოტალიზატორების ხშირი სტუმრები არიან

ქართველი ქალები ტოტალიზატორების ხშირი სტუმრები არიან

ქალი - ბიზნესმენი, ქალი - მოვაჭრე, ქალი - სპორტსმენი, ქალი - პოლიტიკოსი და ახლა უკვე ქალი - აზარტული თამაშების მოყვარული. ფსონის დასადებად ტოტალიზატორებში მისულებს უკვე საკმაოდ ხშირად ნახავთ გოგონებს, რომლებიც კოეფიციენტებს აჯამებენ. ზოგიერთი ამას აზარტისა და მოდის გამო აკეთებს, ზოგი ამბობს, რომ სურს მოგება, ზოგიერთები კი, როგორც ფსიქოლოგები აცხადებენ, ახალი რეალობის შექმნასა და მამაკაცისთვის დამახასიათებელი ქცევების ათვისებას ცდილობენ. საბოლოო ჯამში კი, ეს ყველაფერი სქესთაშორის შეჯიბრს ემსგავსება, რაც ერთი მხრივ, საზოგადოებაში ფემინისტურ პროტესტამდეც კი მიდის.

რატომ დადიან ქალები ტოტალიზატორში? იმიტომ, რომ მათ ფულის მოგება სურთ, თუ იმიტომ, რომ ეს უკვე 21-ე საუკუნის მოდაა? ამის გარკვევას თავად იმ ქალებისგან შევეცადეთ, რომლებიც ტოტალიზატორებს ხშირად სტუმრობენ.

დღეს, როდესაც მთელი მსოფლიოს ყურადღება სამხრეთ აფრიკისკენაა მიმართული, ტოტალიზატორებში სუსტი სქესის წარმომადგენლებს რიგშიც კი შეამჩნევთ. ფსონს კი ისინი, როგორც თავად ამბობენ, ხშირ შემთხვევაში მამაკაცებთან კონსულტაციების გავლის შემდეგ დებენ.

35 წლის ნინო ტოტალიზატორს ხშირად სტუმრობს და ამბობს, რომ ფულსაც იგებს. „სანამ მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყებოდა, ტოტალიზატორში მაინც დავდიოდი, მაგრამ დღეს უფრო აქტიური და აზარტული გავხდი. გეტყვით იმასაც, რომ ხშირად რიგშიც კი მიწევს ჩადგომა, რომ ფსონი დავდო. ეს მაშინ, როცა ტოტალიზატორში ქალებიც არიან. თუკი მხოლოდ მამაკაცები მხვდებიან, მაშინ ურიგოდაც კი მატარებენ.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ ვდებ ფსონს, გეტყვით, რომ ამას მხოლოდ ფულის მოგების გამო არ ვაკეთებ. ძალიან აზარტული ვარ და მთავარი განმაპირობებელიც იმისა, რომ ტოტალიზატორში დავდივარ, სწორედ ეს აზარტულობაა. რა თქმა უნდა, ფულსაც ვიგებ. ვიდრე მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყებოდა, ორჯერ დავდე 5-5 ლარი და საერთო ჯამში 500 ლარი მოვიგე. ამან კი უფრო მეტად აზარტული გამხადა, მაგრამ არასდროს 10 ლარზე მეტი ფსონი არ დამიდია, რადგან არ მიღირს დიდ ფულზე თამაში", - გვითხრა ნინომ.

ტოტალიზატორში ხშირად მოზარდებსაც შეხვდებით. 18 წლის მაია ფსონს მხოლოდ მას შემდეგ დებს, როდესაც კონსულტაციებს მეგობარ ბიჭებთან გაივლის. ამბობს, რომ უკვე 2 წელია თამაშობს და ხშირად სოლიდურ თანხასაც იგებს. თუმცა, იმასაც არ მალავს, რომ წაგებულიც ბევრი აქვს.

„თუ გსურს, რომ მოიგო, ფული უნდა გადაიხადო. ლატარიაშიც ასეა და რა თქმა უნდა, ტოტალიზატორშიც. ბევრჯერ 50 ლარიც კი წამიგია, მაგრამ შემდეგ 500-600 ლარი მომიგია. ვერ განსაზღვრავ, როდის რომელი გუნდი გიმტყუნებს. მახსოვს, ერთხელ „ფრეზე" მქონდა დადებული და თამაშის ბოლო წუთზე გავიდა გოლი. ამ დროს 50 ლარი დავკარგე, არადა ის ბურთი რომ არ გასულიყო, 500 ლარს ვიგებდი.

იმასაც გეტყვით, რომ ტოტალიზატორში მარტო არ ვთამაშობს. ჯერ კონსულტაციებს ჩემს მეგობარ ბიჭებთან გავდივარ, მეც ჩემს მოსაზრებას ვეტყვი, საერთო გუნდებზე შევჯერდებით და ფსონსაც მერე ვდებ. მოკლედ, მაგარი აზარტია და თანაც რომ იცი, ფულს მოიგებ, ეს უფრო სტიმულს გაძლევს", - ამბობს მაიკო.

მამაკაცების ერთი ნაწილი კი ფიქრობს, რომ ქალებში ტოტალიზატორებისა თუ ფან-კლუბებისადმი არსებული დიდი ინტერესი მხოლოდ მოდითაა განპირობებული და მათმა დიდმა ნაწილმა ფეხბურთის შესახებ არც არაფერი იცის.

„რატომ დადის ქალი ტოტალიზატორში, იმიტომ, რომ სურს ფულის მოგება. ასეთ ქალებს კი არა მარტო მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას, არამედ სხვა დროსაც საკმაოდ ხშირად ნახავთ. რატომ დადიან გოგონები ფან-კლუბებში, იმიტომ, რომ ეს 21-ე საუკუნის თბილისში მოდად იქცა. ისინი მიდიან ფან-კლუბებში, იხდიან ცოტას, სვამენ ლუდს, უყურებენ ფუხბურთს, მანამდე კი ფსონს ტოტალიზატორებში დებენ.

ამ ქალებმა კი საერთოდ არ იციან, რა ხდება ნამდვილ ფეხბურთში. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს არის გართობა და მოდა, რომელსაც მოზარდი გოგონები მხოლოდ იმისთვის აკეთებენ, რომ სხვა თანატოლებს მიბაძონ", - აცხადებს ერთ-ერთი ტოტალიზატორის თანამშრომელი გიორგი.

ის, რომ დღეს არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ქალის როლის გაძლიერება ხდება, არავის უკვირს. თუმცა, იმას, რომ ქალები ტოტალიზატორებშიც კი დაიწყებდნენ სიარულს და ფსონის დადებას, ამას ნამდვილად ვერავინ წარმოიდგენდა, თანაც ქართულ რეალობაში.

ამ ყველაფერს ფსიქოლოგი ლელა გაფრინდაშვილი ერთის მხრივ, ქალების მხრიდან თავის დამკვიდრების ახალ საშუალებას უწოდებს.

„ქალი ტოტალიზატორში დადის, რადგან სურს ფულის მოგება, არის აზარტული და თანაც ეს უკვე მოდაშია. თუმცა, აქ არსებობს კიდევ ერთი მთავარი ფაქტორი - გოგონები, რომლებიც ტოტალიზატორებში დადიან, ცდილობენ იმ ახალი ქცევის საკუთარ თავზე აღებას, რაც მამაკაცებისთვისაა დამახასიათებელი.

ქალებს დღეს სურთ ისევე მოიქცნენ, როგორც კაცები იქცევიან, რაც სქესთაშორის შეჯიბრშიც კი გადაიზარდა. ამ სქესთაშორის შეჯიბრს თუ თვითდამკვიდრებისთვის არასწორი ბრძოლის ახალ საშუალებას, საბოლოო ჯამში, ფემინისტურ პროტესტამდეც კი მივყავართ. ის ქალები კი, რომლებიც ტოტალიზატორში ფსონს დებენ, ამ სპორტის შესახებ რეალურად არაფერი იციან", - დასძინა „რეზონანსთან" საუბარში ლელა გაფრინდაშვილმა.

არადა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბოლო წლებში ქალის როლი აშკარად იზრდება, რამაც მრავალ ტრადიციულ საზოგადოებაში აზროვნების ახალი სტილის დანერგვა შეძლო. დასავლეთში ქალებმა რთული გზა განვლეს იმის დასამტკიცებლად, რომ მათ არა მხოლოდ საზოგადოების აზრის, არამედ კანონმდებლობისა და ეკონომიკის დადებითად შეცვლაც კი შეუძლიათ. აი, შეცვლიან თუ არა რამეს ტოტალიზატორში მოთამაშე ქალები საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ეს ცოტა რთული წარმოსადგენია.