თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომას დროებითი საგამოძიებო კომისიის შუალედური ანგარიში წარუდგინა. საანგარიშო პერიოდში საგამოძიებო კომისიის მიერ გამოკითხულ იქნა 55 პირი, მათ შორის 37 დაზარალებული. სხდომაზე გამოცხადების შეუსრულებლობის არაერთი ფაქტის სამართლებრივი შეფასების მიზნით, კომისიამ 9 პირის წინააღმდეგ გენერალურ პროკურატურას მიმართა. საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შესწავლის მიზნით შეიქმნა, უფლებამოსილება ერთი თვით გაუგრძელდა.
საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე თქვა, რომ კომისიის დასკვნაში ფაქტებზე დაყრდნობით აჩვენებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი აღმშენებელი კი არა, ახალი ქართველის შექმნის მსურველი ძალა იყო, რომელმაც არ დაინდო ჯარი, პატიმარი, ქალი, ბავშვები. თეა წულუკიანის თქმითვე, მიხეილ სააკაშვილი, ისევე როგორც მისი გუნდის წევრები, საქართველოს ისტორიაში, როგორც „დადებითი პოლიტიკური თანამდებობის პირები, ვერ შევლენ“.
„ამ დასკვნის შედეგი იქნება მრავალნაირი. ერთ-ერთი შედეგი ისიც იქნება, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი კრიმინალური ბანდა, ამას სხვა სიტყვა არ ჰქვია, საქართველოს ისტორიაში უკვე დოკუმენტურადაც ვეღარ შევა იმად, რადაც მათ უნდოდათ, რომ საკუთარი თავი მცდარად შეეყვანათ. ის ვეღარ შევა საქართველოს ისტორიაში, როგორც ქართული სახელმწიფოსთვის ამაგის დამდები, თუ როგორც თავად ამბობს, ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი, რაც თავისთავად, ტყუილი იყო. ის ვერ შევა საქართველოს ისტორიაში, როგორც დადებითი პოლიტიკური თანამდებობის პირი, ვერც მისი გუნდის წევრები და არა მხოლოდ. ფაქტებზე დაყრდნობით ვაჩვენებთ, რომ ეს ჯგუფი, კრიმინალური ბანდაა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
როგორც კომისიის თავმჯდომარე ფაქტებზე დაფუძნებით თამამად ამბობს, აგვისტოს ომი ისე აწარმოეს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირებმა, რომ არ გაითვალისწინეს სამხედროების აზრი.
„ომი აწარმოეს პოლიტიკოსებმა. ეს დასკვნა უკვე შეიძლება, ამ შუალედური ანგარიშის ეტაპზე გაკეთდეს, რაც თავის მხრივ, უკვე სავალალო შედეგია. ჩვენ ვეუბნებით ჩვენ საზოგადოებას, და პირველ რიგში, ჩვენ ჯარს, რომ ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც ქართული ჯარის და ქართული მშვიდობიანი მოსახლეობის სიმართლე დაამტკიცა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სასამართლოში, ჰააგაში და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სტრასბურგში.
ყველა სასამართლო პროცესი მაღალკვალიფიციურ დონეზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ვაწარმოეთ. დამტკიცდა ის, რომ ქართული ჯარი ამ ომში იყო მართალი, ვინაიდან იცავდა თავის სამშობლოს, ქართულ სახელმწიფოს, მის თავისუფლებას და დამოუკიდებლობას. წერია ყველა გადაწყვეტილებასა და განაჩენში, რომ ანწუხელიძე, სოფრომაძე და ხუბულური, ჩვენი სამხედრო ტყვეები მტერმა სახელმწიფომ, ოკუპანტმა სეპარატისტებთან ერთად აწამა და ისინი, იმ მომენტში, როდესაც არაადამიანურ მოპყრობას დაექვემდებარნენ, აღარ იყვნენ კომბატანტები“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
საგამოძიებო კომისიის თავჯდომარის შუალედური დასკვნიდან ჩანს, რომ პროცესები იქნება ხმაურიანი, რასაც მოჰყვება არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიის გაუქმება, არამედ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ეს კომისია, თავის მხრივაც არის ლაკმუსის ქაღალდი იმისთვის, რომ გამოავლინონ, დაინახონ ის უცხოური ჯგუფები, რომელთა ხელშეწყობითაც შექმნილი იყო დანაშაულებრივი რეჟიმი.
„არათუ უნდა გავუძლოთ ამ ზეწოლას, არამედ ეს ზეწოლა ყველაზე მეტად არის ინდიკატორი, თუ ვინ არიან ამ დანაშაულის მონაწილეები, თანამონაწილეები და ხელის დამფარებლები ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ. სიმბოლურია, რომ დღეს და ხვალ იმართება „ევროპის სახალხო პარტიის“ კონფერენცია, ვნახეთ წერილი, რომელიც „ევროპის სახალხო პარტიის“ ხელმძღვანელმა, ბატონმა ვებერმა, გერმანელმა პოლიტიკოსმა გამოუგზავნა მიხეილ სააკაშვილს და ის საპატიო სტუმრად მიიწვია „ევროპის სახალხო პარტიის“ ყრილობაზე.
საგამოძიებო კომისიის მსვლელობისას ვხედავთ მისი დანაშაულების უშუალო თუ არაპირდაპირ მსხვერპლებს. ადამიანი, რომელმაც შექმნა წამების, ბიზნესის რეკეტის, კორუფციის სისტემა საქართველოში, ამ ადამიანს „ევროპის სახალხო პარტია იწვევს ყრილობაზე. „ევროპის სახალხო პარტია“ არის ევროკავშირში პარტიების ყველაზე დიდი გაერთიანება და ვვარაუდობ, რომ ევროკავშირის ქვეყნებში, ნახევარზე მეტში ხელისუფლებაში ამ გაერთიანების წევრი პარტიები არიან, ამიტომ, ესეც აჩვენებს, თუ რამდენად ფარისევლურია ხანდახან დამოკიდებულება,ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფებისგან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
დღეს, საგამოძიებო კომისიის სხდომა „ფოტოგრაფების საქმეს“ დაეთმობა. სხდომაზე ნათია გედენიძეს, ირაკლი გედენიძეს და გიორგი აბდალაძეს მოუსმენენ. მათი უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით მოუსმენენ. ქართველი ფოტოგრაფები - გია აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, ირაკლი გედენიძე და ნათია გედენიძე 2011 წელს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს და საქმეს გრიფი „საიდუმლო“ ედო. რამდენიმეკვირიანი საპროტესტო აქციების შემდეგ „ჯაშუშები“ გირაოს სანაცვლოდ გაანთავიუსფლეს. საბოლოოდ ქართველი ფოტოგრაფები 2018 წელს სასამრთლომ გაამართლა და ბრალიც მოუხსნა.
გუშინ კი კომისიამ მაყვალა გონაშვილს მოუსმინა, რომელიც 2004 წელს საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარედ დაინიშნა. დაზარალებულმა დეტალურად გაიხსენა როგორ შეცვივდნენ მწერალთა კავშირში.
„2007 წლის ღამეა, მაჩაბელი მთლიანად გადაკეტილია ნიღბიანი ადამიანებით. ღამის 04:00 საათია და სიბნელეში შევდივარ მწერალთა კავშირის შენობაში. გალაკტიონის სურათი ეგდო კიბეზე და ღვთისმშობელის ხატი. არ ვიცი, თითქოს სპეციალურად დამახვედრეს და ზედ ფეხებით გადიოდნენ, გამოდიოდნენ. შევედი ჩემს კაბინეტში და პირველი სართულიდან მესმის საშინელი ხმები. ჩავირბინე და ვხედავ, ფანჯრიდან იყრება ყველაფერი. ის, რაც ვერ გაბედეს პირსისხლიანმა კომუნისტებმა, გაბედეს 2003 წელს დემოკრატიის ნიღბით მოსულმა ადამიანებმა“, - აღნიშნა მაყვალა გონაშვილმა.