ხელფასების ზრდამ თავის პიკს მიაღწია და დამატებითი ცვლილება ახლო და საშუალოვადიან პერიოდში მოსალოდნელი არ არის. მართალია რიგ სექტორებში ჯერ კიდევ შეინიშნება კადრების დეფიციტი, თუმცა ზოგადად ეს აჟიოტაჟიც დასრულებისკენაა. ზოგიერთი სეგმენტის გარდა, კერძო სექტორი ახალ ვაკანსიებს აღარც აცხადებს.
სამშენებლო კომპანია „ბაუ სტარის“ დამფუძნებელი მალხაზ სოლომნიშვილი ამბობს, რომ შარშანდელთან შედარებით, დასაქმებულთა ხელფასი დაახლოებით 50-100%-ით არის გაზრდილი, რაც პრობლემურია. ეს კი იმ ფონზე ხდება, როცა სამშენებლო სექტორში სპეციალისტების დეფიციტია.
„შარშანდელთან შედარებით, დასაქმებულთა ხელფასი დაახლოებით 50%-ით, ზოგიერთი პროფესიისთვის კი 100%-ით არის გაზრდილი, რაც პრობლემურია. გარდა ამისა, არის სპეციალისტების დიდი დეფიციტი. რომ ვიძახდით სამუშაო ადგილები შევქმნათო, სამუშაო ადგილები ახლა არის და ადამიანი არ არის რომ იმუშაონ. კადრებს ან არ აქვთ სურვილი, ან შესაბამისი კვალიფიკაცია არ გააჩნიათ. ჩვენ არ გვაქვს კომუნიკაცია პროფესიულ სასწავლებლებთან. კომუნისტებს ჰქონდათ პროფსასწავლებლები, სადაც მე-8 კლასიდან მიდიოდნენ და სწავლობდნენ სპეციალობას, მაგალითად, შედუღებას, ლესვას, ბლოკთან მუშაობას და ა.შ. ვფიქრობ, რომ ამ კუთხით სამუშაოა, რომ ბავშვები სკოლიდანვე რომელიმე პროფილით წავიდნენ. ასეა მაგალითად, გერმანიაში, რაღაც პერიოდი სწავლობენ და შემდეგ მიდიან პროფესიულ სასწავლებლებში. ცუდი არ იქნებოდა, რომ ჩვენთანაც დაინერგებოდეს ეს სისტემა.
წარმოიდგინეთ, შემოჰყავთ მუშახელი აზერბაიჯანიდან ან სომხეთიდან, რომ რაღაც საქმე გააკეთონ, ჩვენ ქვეყანაში კი არიან უმუშევრები - ვიღაცას სწავლა არ უნდა, ვიღაცას მუშაობა. სამშენებლო სფეროში არის აუარებელი სამუშაო და არ არის სპეციალისტი. მაგალითად, 20 ლარი ღირდა 1 კვ/მ-ზე კაფელის დაგება და 70 ლარამდე გაიზარდა იმის გამო, რომ სამუშაო ძალის დეფიციტია. ეს ყველაფერი კი აძვირებს პროდუქციას. მიმაჩნია, რომ ფასები უაზროდ გაზრდილია, რადგან სამუშაო არის და კადრები - არა. ვთვლი, რომ ეს უზარმაზარი პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში. ერთის მხრივ, არის უმუშევრობა, მეორეს მხრივ, არის სამუშაო, სადაც პროფესიული კადრები არ გვყავს“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ მალხაზ სოლომნიშვილმა.
ერთია კადრების დეფიციტი და მეორეა ის, რომ კომპანიებს აღარ სურთ ანაზღაურების გაზრდა. აქცენტი დღე უფრო არსებული კადრების დამაგრებაზეა, ვიდრე ახლების მოზიდვაზე. ამიტომაც ვაკანსიების რაოდენობა თვიდან თვემდე იკლებს, ხოლო ხელფასი ბევრ შემთხვევაში მითითებული არც არის.
„პიემსი“ კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, 2025 წლის თებერვალში პორტალ „ჯობს.გე“-ზე 5600-მდე ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის 20%-იანი კლებაა. შემცირება ყველაზე მეტად ადმინისტრაციისა და მენეჯმენტის კატეგორიას შეეხო.
„გადახურების ფაზა შრომის ბაზარზე სრულდება, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ვაკანსიებისა და ხელფასების მაღალი მაჩვენებლით ზრდის ტენდენცია დასასრულს მიუახლოვდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ შრომის ბაზარზე კრიზისია, თუმცა დასაქმების ბაზარმა თავის პიკს უკვე მიაღწია და მიმდინარე წელს, ასევე მომდევნო წლებში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვაკანსიების რაოდენობა იმაზე მეტად გაიზარდოს, ვიდრე ეს გასულ 3 წელში მოხდა. ცხადია, რჩება სექტორები, სადაც კადრების მაღალი გადინების გამო, ვაკანსიები ხშირად და დიდი რაოდენობით ცხადდება და ასეთებია, მაგალითად, ჰორეკა და რითეილ სექტორია“, - განაცხადა ანალიტიკოსმა გიორგი ხიშტოვანმა.
მისი შეფასებით, დღეს კადრების დეფიციტი აღარ არის ნომერ პირველი პრობლემა, კომპანიების დიდი ნაწილი საჭირო თანამშრომლებით უკვე დაკომპლექტდა, შესაბამისად, მათ აღარ აქვთ აუცილებლობა, რომ ანაზღაურება გაზარდონ. ხიშტოვანი ხელფასების მატებას არც მომდევნო თვეებში ელის. კვლევის მიხედვით, 2025 წელს ანაზღაურებები თითქმის არც ერთ სექტორში არ გაზრდილა.
„ეიჩარის“ რეგიონული მენეჯერის ინგა შახბაზიანის ინფორმაციით, მათ საიტზე გამოქვეყნებული ვაკანსიებიდან, მხოლოდ 32% პროცენტშია ხელფასი მითითებული, საიდანაც იკვეთება რომ, ხელფასი მარტო ჰორეკა სექტორში გაიზარდა, ვინაიდან ამ სექტორში კადრების გადინებაა, შესაბამისად, ამ სექტორს უწევს, რომ გაზრდილი ანაზღაურებით მოიზიდოს ახალი თანამშრომლები.
მანვე ყურადღება მარტის სტატისტიკაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ვაკანსიებში 5-პროცენტიანი ვარდნა აქვთ.