„ტრამპისთვის იოლია, გაწიროს უკრაინა, ვიდრე რუსეთი, რუსეთი მიბმულია ჩინეთზე, ირანზე, რაც ამერიკისთვის პრობლემურია, უკრაინა კი არაფერზე მიბმული არაა“

„ტრამპისთვის იოლია, გაწიროს უკრაინა, ვიდრე რუსეთი, რუსეთი მიბმულია ჩინეთზე, ირანზე, რაც ამერიკისთვის პრობლემურია, უკრაინა კი არაფერზე მიბმული არაა“

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ამერიკა მართლაც შეასრულებს მუქარას და შეწყვეტს რუსეთ-უკრაინის შუამავლობას? 

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვითარება უკრაინისთვის სავალალოა, ზელენსკის შეუძლია ჰქონდეს მშვიდობა, ან შეუძლია იბრძოლოს კიდევ სამი წელი, ვიდრე მთელ ქვეყანას დაკარგავს.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ზელენსკი ტრაბახობს, რომ ლეგალურად არ ცნობს ყირიმის ოკუპაციას. ეს განცხადება კი საზიანოა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, რამდენადაც ყირიმი მრავალი წლის წინ დაიკარგა ბარაქ ჰუსეინ ობამას ეგიდით და განხილვის საგანი არაა. მით უმეტეს, ზელენსკის თუკი ყირიმი სურდა, რატომ არ იბრძოდნენ მისთვის 11 წლის წინ, როდესაც ყირიმი გასროლის გარეშე რუსეთს გადაეცა?! ამ ტერიტორიაზე ხომ მნიშვნელოვანი რუსული წყალქვეშა ხომალდების ბაზა იყო? აქედან გამომდინარე, ტრამპი ასკვნის, რომ ზელენსკის სიკვდილის ველის გახანგრძლივება სურს. სამაგიეროდ, რუსეთი მზად არის მოლაპარაკებისთვის.

იმისთვის, რომ ზელენსკი დაიყოლიონ, ამერიკელები ერთმანეთის მიყოლებით გზავნიან მესიჯებს, რომ ამერიკა ხელების დაბანას აპირებს, თუკი რუსეთ-უკრაინის საკითხთან დაკავშირებით წინსვლას ვერ დაინახავს. თამაშიდან გასვლაზე ისაუბრა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზუდენტმა ჯეი დი ვენსმაც და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომაც.

თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინის სურვილია, უკრაინაში მიმდინარე შეჭრა არსებული ფრონტის ხაზის გასწვრივ შეჩერდეს. ამერიკული მედიის ინფორმაციით, ტრამპი პუტინს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნების უფლებას მისცემს.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან საუბრისას არც ერთ სცენარს არ გამორიცხავს, მათ შორის, იმასაც, რომ ამერიკამ რუსეთ-უკრაინის შუამავლობაზე ხელი აიღოს და უკრაინა რუსეთის პირისპირ დატოვოს, თუკი უახლოეს დღეებში პროგრესი არ იქნება.

პაატა ზაქარეიშვილის განმარტებით, სამწუხაროდ, ტრამპმა არ იცის, რისი გაკეთება უნდა, მას წარმოდგენა არ აქვს, რა ხდება რუსეთ-უკრაინას შორის, ეგონა, იოლად გამოუვიდოდა კონფლიქტის მოგვარება, მართლაც ფიქრობდა, რომ ბაიდენის ბრალი იყო ყველაფერი. სინამდვილეში, ასე არაა, აქ არსებითად უფრო ღრმა მიზეზებია, რუსეთს უნდა თავისას მიაღწიოს, რუსეთს მშვიდობა არ სურს, მას უნდა გამარჯვება.

მე მგონი, ტრამპი ამას აცნობიერებს ნელ-ნელა. თუმცა რუსეთს ვერ უბედავს ვერაფერს, ვინაიდან რუსეთი მიბმულია ჩინეთზე, ირანზე, რაც ამერიკისთვის პრობლემურია. უკრაინა კი არაფერზე მიბმული არაა, უკრაინა მხოლოდ საკუთარ თავზეა მიბმული, ამიტომ იოლია ტრამპისთვის, გაწიროს უკრაინა, ვიდრე რუსეთი. ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ ტრამპი რუსეთის კაცი, რუსეთის აგენტი და პრორუსია, ტრამპი პროამერიკელია, მას ამერიკული აზროვნება აქვს, მაგრამ ზედაპირული, პრიმიტიული აზროვნება, რომ ჩვენ, ამერიკელები, მაგრები, მდიდრები, ღონიერები ვართ და ყველას მოვუგებთ. ტრამპს ჰქონდა ორი პოზიცია, ორივე უკრაინას უკავშირდებოდა, არჩევნებამდე და მერეც ამბობდა, თუ რუსეთი არ დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან, მე გავაძლიერებ უკრაინას, ხოლო თუ უკრაინა არ დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან, მე დავასუსტებ უკრაინას, ანუ ორივე შემთხვევაში, ტრამპს ჰქონდა უკრაინაზე და არა რუსეთზე ზემოქმედების ბერკეტი. ახლა კი უცებ დაარტყა მესამე პოზიცია - თუ არ გამოვა არაფერი, მე გავალ თამაშიდან. არადა, ეს მესამე ვარიანტი არ განიხილებოდა. თუ რუსეთია ბრალში და ვერ უბედავს რუსეთს, ეს ხმამაღლა უთხრას, მაშინ შეასრულოს თავისი პირობა და უკრაინა გააძლიეროს. თუ ასე არ მოხდა, მაშინ ეს ომი გაგრძელდება, ოღონდ ევროპის დახმარებით და, ცხადია, ეს იქნება სულ სხვა დონე, უფრო დაბალი დონე, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

მისივე შეფასებით, აშკარად რუსეთს არ აქვს იმხელა ძალა, აიღოს ის ტერიტორიებიც კი, რომლებიც მან კონსტიტუციით მიითვისა, ანუ რუსეთი ვერ გავიდა დონბასიდან, ვერ აიღო ზაპოროჟიე და ხერსონი. რუსეთი აშკარად გაჭედილია ტერიტორიულად. ასეთ დროს თუ ნახევარი დახმარება მაინც ექნება უკრაინას, რაც ჰქონდა ამერიკის დახმარების პირობებში, რუსეთი წინ ვერ წაიწევს და მოუწევს რაღაც ფორმით შეეგუოს, რომ ვერ უგებს ომს უკრაინას. ეს გააძლიერებს, პირველ რიგში, უკრაინას და, მეორე რიგში, ევროკავშირს. თუმცა ამერიკა გახდება ძალიან არასანდო, მოწყვლადი სახელმწიფო. მისი რეპუტაცია ძალიან შეილახება.

პოლიტოლოგის თქმით, მსოფლიოში დემოკრატიის გარანტია იყო ამერიკა, ახლა კი უცებ ტრამპის ხელში ეს ნადგურდება. თუკი მომავალში დემოკრატები გაიმარჯვებენ და ტრამპი წავა, შეიძლება ამერიკამ კვლავაც მოინდომოს რეპუტაციის აღდგენა, მაგრამ ამას წლები დასჭირდება, ასე იოლი არ იქნება. ამასობაში კი ძლიერდება ჩინეთი, რომელიც, ასევე, ძლიერი სახელმწიფოა.

პაატა ზაქარეიშვილის აზრით, თუ ამერიკა სუსტდება, ძლიერდება ჩინეთი. შესაბამისად, ეს არის ყველაზე ცუდი სცენარი, რაც შეიძლება ტრამპს წარმოედგინა თავის სიზმრებშიც კი. ეს დიდი გამოწვევაა ამერიკისთვის, რომელიც ჩინეთის ჩრდილში ექცევა. რუსეთი არ ჩამოსცილდება ჩინეთს, ტრამპები მიდიან და მოდიან, რუსეთი და ჩინეთი კი მუდმივად არიან, ამ ქვეყანებში ზუსტად იციან, დაახლოებით რა კატეგორიის ადამიანები იქნებიან მმართველობის სათავეში. შეიძლება ტრამპმა სადმე მინერალების საბადო მიითვისოს და კიდევ უფრო გამდიდრდეს, მაგრამ ეს არ იქნება ამერიკის სიმდიდრე, ეს იქნება ტრამპის სიმდიდრე.

რაც შეეხება პუტინის წინადადებას, რომ არსებული ფრონტის ხაზის გასწვრივ შეჩერდეს ომი, პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ ეს მომგებიანი იქნება უკრაინისთვის.

ცეცხლის შეწყვეტა ხაზზე ნიშნავს, რომ სხვა პირობები არაფერი აქვს რუსეთს. ანუ ჯარები დგებიან ადგილზე და იწყება მოლაპარაკებები. თუ მარტო ამაზე ჩერდება პუტინი, ე.ი. მას გაუჭირდა და ეს კარგი რამეა. მოლაპარაკებებში გადაწყდება მერე, ყირიმს დაისაკუთრებს რუსეთი, ლუგანსკს თუ სხვა ტერიტორიას. ეს აშკარად ეშმაკობაა რუსეთის მხრიდან, რუსეთი გრძნობს, რომ თუ ტრამპს რამე არ დაუთმო, დროს დაკარგავს და ძალიან მძიმედ იქნება მისი საქმე. ტრამპზე უკეთესი მოკავშირე რუსეთს არასდროს ეყოლება. ამ ფონზე, რუსეთი იძულებულია, ისეთი ძვალი გადაუგდოს ტრამპს, რომელსაც ტრამპი გამოიყენებს და იტყვის, ხომ ხედავთ, რუსეთი დავითანხმე რაღაცაზე. რუსეთს არ აწყობს, ტრამპი გავიდეს მოლაპარაკების პროცესიდან. ტრამპი თუ გავიდა, ჯერ ერთი, მისი რეპუტაცია დაინგრევა, შუალედური არჩევნები აქვს ტრამპს წელიწადნახევარში და შეიძლება წააგოს ეს არჩევნები, როგორც პრეზიდენტმა, რომელმაც ამერიკის სიდიადე კი არ დააბრუნა, არამედ დაანგრია და გააძლიერა რუსეთი და ჩინეთი. ამას ამერიკელები არ აპატიებენ ტრამპს. არ აპატიებენ ამერიკელების მიერ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშენებული ღონიერი, ძლიერი, ნომერ პირველი სახელმწიფოს ერთი ხელის მოსმით განადგურებას. რუსეთს სჭირდება ასეთი ტრამპი, რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, ტრამპი შერჩეს ამ პროცესს, ვიდრე ევროკავშირი ჩაენაცვლოს და ძნელად, მაგრამ მაინც უკრაინამ თავისას მიაღწიოს ამერიკელების გარეშე.