ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ოლეგ ბარციცი აცხადებს, რომ საქართველომ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი“ უნდა გააუქმოს და ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტზე ხელი მოაწეროს. როგორც ბარციცმა რუსულ მედიას უთხრა, ამის შესახებ ისაუბრებენ ჟენევის ფორმატის მოლაპარაკებებში. ცნობილია, რომ 1-ელი მაისიდან ქართული მხარის წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსეთსა და აფხაზეთს შორის საჰაერო მიმოსვლა ოფიციალურად დაიწყება.
რუსეთში აფხაზეთის ე.წ. ელჩი, ალხას კვიცინია რუსულ მედიასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოს ქმედებებს, ობიექტურად, გარდაუვალ პროცესში ჩარევის მცდელობად მიიჩნევს. მისი თქმით, აფხაზეთი და რუსეთი უკვე შეთანხმდნენ საჰაერო მიმოსვლაზე და ის გრაფიკის მიხედვით დაიწყება.
„მოვუწოდებთ თბილისს, უარი თქვას კონფრონტაციულ რიტორიკაზე და ხელი მოაწეროს ჩვენთან შეთანხმებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ნებისმიერ შემთხვევაში, თვითმფრინავები იფრენენ და თბილისის პროტესტის მიუხედავად, აფხაზეთისა და რუსეთის მაცხოვრებლებს ერთმანეთთან თავისუფლად ფრენა შეეძლებათ“, - აღნიშნა ალხას კვიცინიამ.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მიმართა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO) რუსული ავიაკომპანიებისთვის სოხუმში ფრენების აკრძალვის მოთხოვნით. ოფიციალური თბილისი თვლის, რომ სოხუმის აეროპორტის ფუნქციონირება უკანონოა და საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს კონვენციას არღვევს, რადგან აეროპორტს არ აქვს თბილისის სერტიფიკატი. თავის მხრივ, აფხაზური მხარე უშედეგოდ მიიჩნევს რესპუბლიკის იზოლირების მიზნით ICAO-ს გამოყენების მცდელობებს და მიაჩნიათ, რომ მოსკოვი-სოხუმის დაგეგმილი რეისები არავის უსაფრთხოებას არ არღვევს.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ასეთი ფრენების განხორციელება არ შეესაბამება იმ სტანდარტს, რომელიც საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციას გააჩნია. ეს კანონის ფარგლებში არ ჯდება. მისი თქმით, უკანონობას ჩადის ძალის მქონე ოკუპანტი სახელმწიფო, რომელიც საქართველოში 2012 წლამდე არსებულმა ხელისუფლებამ მოიწვია და აქ ყოფნა დაუკანონა.
„მას შემდეგ, რაც სააკაშვილის მთავრობამ აბსოლუტურად გამიზნულად თქვა, რომ საქართველო რუსეთთან დაპირისპირებაში დამნაშავეა და შემდეგ უკვე განაცხადა, რომ ამ ყველაფერს ისეთი შედეგი უნდა მოჰყოლოდა, რომელიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს დაუპირისპირდებოდა და ამაში მოულოდნელი არაფერია; დღესასწაული გამოაცხადა, როდესაც საერთაშორისო დონეზე უარი თქვა აფხაზეთის და თუნდაც ცხინვალის რეგიონის სტატუსის განხილვაზე, როდესაც დაიჩემა, რომ თითქოს, მან გადაუღობა რუსეთის არმიას გზა, რომელიც თბილისისკენ მოემართებოდა; როდესაც მიატოვა სამხედროები, ცხედრები, ცოცხლები თუ გმირულად დაღუპულები - ამის შემდეგ როგორ შეიძლება მორალურად ვინმეს იმისი უფლება ჰქონდეს, რომ ამასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულოს“, - აცხადებს გია ვოლსკი.
ანალიტიკოსი, „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ერთ-ერთია, რომელიც ამბობს, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა გამორიცხულია რუსეთთან მოლაპარაკების გარეშე. მისი თქმით, რამდენიმე წლის წინ თვით პუტინმა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ამ თემაზე დასმულ შეკითხვაზე პირდაპირ არ თქვა, რომ შეიძლება გადაიხედოს რუსეთის 2008 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც სოხუმს და ცხინვალს მიანიჭეს ე.წ. დაოუკიდებლობა, თუმცა, მისი პასუხი არ იყო კატეგორიული - არა და არასდროს.
„დღეს, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მოადგილე გვთავაზობს გადავხედოთ ჩვენს მიერ 2008 წელს ცალმხრივად გადადგმული ნაბიჯს დიპლომატიური ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე, როდესაც ამ ურთულესი ჩიხიდან გამოსვლაზე თითქოსდა ფიქრობს რუსეთი, რაც მისასალმებელია, ამ პრობლემის წითელი ხაზი რომ არის ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია, ეს რუსეთისთვის ახალი ამბავია? - არა. როდესაც, თვით რუსეთის პრეზიდენტმა რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე არ თქვა კატეგორიულად - „არა და არასდროს“. რამ გამოიწვია დღეს იმის შეხსენება, რომ ყველაფერზე წამსვლელები ვართ გარდა იმისა, რომ 2008 წლის 26 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილება გადახედვას არ ექვემდებარება? ამ ჩინოვნიკს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეეძლო საერთოდ არ ეხსენებინა ეს თემა, მით უმეტეს, რომ დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის შემოთავაზება უნდა ეფუძნებოდეს დიპლომატიურ ტონალობას. ეს არ არის შემოთავაზება, დაპატიჟება მრგვალ მაგიდასთან“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.
როგორც ანალიტიკოსი ამბობს, დღეს, როდესაც უკრაინასთან ომი გრძელდება და გაგრძელდება დიდხანს, როდესაც რუსეთს არ აქვს გაპრავებული უკრაინის 20%-ის ანექსია, ვინმე დაიჯერებს, რომ საკუთარი საზოგადოების წინაშე რუსეთმა შეიძლება დაიწყოს აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან თავისი წილად აღებული ვალდებულებების და შეხედულებების გადასინჯვა?
„გასაგებია ეს ფრენები, მატარებლები და ა.შ. ყველაფერი გასაგებია, ეს ჩემთვის ნაკლებად გამაღიზიანებელია იმასთან შედარებით, რომ 30 წელზე მეტია საერთოდ არანაირი შეხება არ გვაქვს ჩვენს ამ უძველეს რეგიონებთან. ველოდები იმ ხელსაყრელ მომენტს, როდესაც შესაძლებელი იქნება საქართველოს იურისდიქციის აღდგენა, ზოგადად, სამხრეთ კავკასიის საკითხების ერთ პაკეტში. როდესაც დასრულდება ომი და როდესაც შეიქმნება ახალი იალტა, სადაც ერთ მრგვალ მაგიდას მიუჯდება ამერიკა, ევროკავშირი, რუსეთი და მათ შორის ჩინეთი და გადაწყდება მსოფლიოს ახალი გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური კონტურები, მაშინ ჩემთვის პერსპექტიული ხდება ჩვენი საკითხის გამოტანა პირველ პლანზე. დღეს ჩვენი საკითხი არ აინტერესებს არავის და არც რუსეთს იმ ჭრილში, რა ჭრილშიც ჩვენ გვაინტერესებს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.