რუსთაველის გამზირზე უწყვეტი საპროტესტო აქცია უკვე 147 დღეა გრძელდება, ხოლო, დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელი რჩება: დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები. ანალიტიკურ და პოლიტიკურ წრეებში საუბრობენ, რომ საპროტესტო აქციებმა ის შედეგი ვერ გამოიღო, რასაც „ქართული ოცნების“ ოპონენტების ნაწილი ელოდა, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტიურად დაიწყო საუბარი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით, საპროტესტო მუხტმა შეიძლება იმატოს და ქუჩის პროტესტს სხვა ადამიანების შეუერთდნენ.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ევროკავშირის მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ელოდება. როგორც მან For.ge-სთან ინტერვიუში თქვა, ამან შეიძლება მეტი ადამიანი გაიყვანოს ქუჩაში, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ ქართველი ხალხის უმეტესობა დღეს მშვიდობას ანიჭებს უპირატესობას, ვიდრე უვიზო მიმოსვლას.
„ეუთო-ს გენერალური მდივნის ვიზიტის შემდეგ აშკარა გახდა ერთი რამ - ე.წ. ოპოზიციას ანუ „მეხუთე კოლონას“ წყალში ჩაეყარა ყველაფერი და უკვე ინერციით მოქმედებენ - ამ ინერციას გარე პატრონები აძლევენ. გარე პატრონები იმის უფლებასაც არ აძლევენ, რომ დაიშალონ - 50-100 კაცის შეკრების ფული აქვთ ჯერჯერობით. მათი ყოველი გამოსვლა არის მათივე ანტირეკლამა, ანტისახელმწიფოებრივი აზროვნება და საკუთარი თავის წინააღმდეგ გამოსვლა.
ამერიკა მოწოდებულია იმისათვის, რომ ომი შეჩერდეს, ევრობიუროკრატიას ეს არ უნდა, რადგან მათ იციან, რომ წარსდგენიან სასამართლოს წინაშე და პასუხს აგებენ იმ დანაშაულებისთვის, რაც ჩაიდინეს უპირველეს ყოვლისა, უკრაინელი ხალხის წინაშე - ქვეყანა ჩააგდეს საშინელ დღეში და ეს სწორედ ევროკომისრების კისერზეა. შესაბამისად, ესენი ეცდებიან, რომ ომი არ შეწყვიტონ, ამასთან ამ ომიდან აქვთ უზარმაზარი მოგება.
ველოდები, რომ ვიზალიბერალიზაციას გააუქმებენ. შედეგად, აქციებზე მეტი ადამიანი გამოვა, მაგრამ ვხედავ იმ ტენდენციას, რომ ქართველი ხალხი ყველაფერს ამჯობინებს საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობას და მშვიდობას ყოველგვარ ვიზალიბერალიზაციას, რადგან ჩვენს თაობას გამოცდილი აქვს ის უბედურება, რომელიც 90-იან წლებში გავიარეთ.
ეს ყველაფერი არის ხელოვნურად მომართული - ევროკავშირის მიერ ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმება იქნება საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ევროკომისრების მიერ ომის გამოცხადება“, - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი პოლონეთის პარლამენტის (სეიმის) წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს საქართველოში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ წუხს, რადგან საქართველო ევროპულ გზას შორდება, თუმცა ქართველ ხალხს მათი მთავრობის გადაწყვეტილებებში არ ადანაშაულებს.
„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგი მომავალი წლებისთვის განსაზღვრავს ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებას. ის განსაზღვრავს, მაგალითად, საბოლოოდ ჩაეფლობა თუ არა ბელარუსი „რუსკი მირში“, თუ მოახერხებს თავისი ავტონომიის ბოლო ნაკუწების შენარჩუნებას. ის ასევე ამოსავალი წერტილი იქნება მოლდოვის, საქართველოსა და სომხეთის ევროპული მისწრაფებებისთვის…
ვწუხვართ, რომ საქართველო ევროპულ გზას შორდება. ქართველ ხალხს მათი მთავრობის გადაწყვეტილებებში არ ვადანაშაულებთ. რეპრესიებისთვის პასუხისმგებელ პირებს სანქციები დავუწესეთ. თუმცა, ევროპული საზოგადოების წევრობა პრივილეგიაა, არა ვალდებულება. ეს გააზრებული გადაწყვეტილებაა, რომელსაც ქვეყანა და მისი თავისუფალი მოქალაქეები იღებენ“, - განაცხადა სიკორსკიმ.