„სააკაშვილი ზვიად გამსახურდიას ჩამოსვენებაზე თანხმობას მხოლოდ იმიტომ გასცემდა, რომ ამაში თავის პოლიტიკურ მოგებას ხედავდა“

„სააკაშვილი ზვიად გამსახურდიას ჩამოსვენებაზე თანხმობას მხოლოდ იმიტომ გასცემდა, რომ ამაში თავის პოლიტიკურ მოგებას ხედავდა“

ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას შვილი გიორგი გამსახურდია ცდილობს, ნათელი მოჰფინოს საქართველოს ისტორიისთვის უმნიშვნელოვანეს მოვლენას - ზვიად გამსახურდიას ნეშტის ჩამოსვენებას სამშობლოში და აუხსნას საზოგადოებას, რომ მამამისი სააკაშვილს არ ჩამოუსვენებია. ეს ის თემაა, რომელზეც პოლიტიკური ქულების დაწერა შეუძლებელია, მაგრამ სააკაშვილი რის სააკაშვილი იქნებოდა, ამის გაპიარებაზეც არ ეზრუნა. დღემდე სააკაშვილის მომხრეები ცდილობენ სწორედ ვივამედის პაციენტს დაუკავშირონ ზვიად გამსახურდიას ჩამოსვენება და ამით ხაზი გაუსვან, როგორი ზვიადისტია სააკაშვილი.

როგორი ზვიადისტიცაა ექსპრეზიდენტი, ამაზე ჯერ კიდევ 1992 წელს პოლონურ გამოცემაში დაბეჭდილი სააკაშვილის სტატია მეტყველებს, რომელიც ეროვნული მოძრაობის ლიდერ ზვიად გამსახურდიას კავკასიელ ჰუსეინს და უღირს პრეზიდენტს უწოდებს, ჯაბა იოსელიანს კი მწერლად, ხოლო თენგიზ კიტოვანს მოქანდაკედ მოიხსენიებს მათი პოლიტიკური წონის ასაწევად. ახალგაზრდა სააკაშვილი იმხანად წერდა, რომ საქართველო დიქტატორების სამშობლოა (ინკუბატორია), ჯერ სტალინი და ბერია, ახლა კი გამსახურდია გამოჩნდა.

სააკაშვილის თქმით, ქართველი ერი განუდგა დემოკრატიულად არჩეულ პრეზიდენტ გამსახურდიას, რომელმაც დაიწყო თავისი კარიერა, როგორც პოლიტიკურმა დისიდენტმა და დაასრულა, როგორც დიქტატორმა. სააკაშვილის აზრით, სამხედრო საბჭოს მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდება სულაც არ იყო სახელმწიფო გადატრიალება, რადგან თურმე თვით გამსახურდია უზურპატორობდა. გარდა ამისა, სააკაშვილი ხაზს უსვამს, რომ სამხედრო საბჭოს სათავეში ჩაუდგნენ მწერალი ჯაბა იოსელიანი და მოქანდაკე თენგიზ კიტოვანი.

ამ სიტყვების მთქმელ სააკაშვილს დღეს არ ერიდება ზვიად გამსახურდიასთან გააიგივოს თავი და ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე თქვას -მე მაქვს გარკვეული თვითიდენტიფიკაცია ზვიად გამსახურდიასთან. ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ 90-იანი წლების შემდეგ ბევრი უფიქრია ზვიადზე ხიბულაში, ყოველთვის ცდილობდა საკუთარი თავის წარმოდგენას მის ადგილზე. თუმცა, როგორც ჩანს, ზვიადთან მისი მსგავსება იმდენად მწირია, რომ ერთადერთი შეკითხვა აღმოხდა მიშას ზვიადთან მსგავსების დასადასტურებლად: ზვიად გამსახურდიას რატომ არ ასამართლებთ საზღვრის უკანონო გადმოლახვაზე?

რაც შეეხება ზვიად გამსახურდიას ჩამოსვენების საკითხს, გიორგი გამსახურდია ამბობს, რომ ამ საქმეში წვლილი მიუძღვის ცოტნე გამსახურდიას, ოფიციოზიდან - კობა სუბელიანს, ასევე, რამზან კადიროვს, რომელიც იმ პერიოდში სულ სხვა რამზანი იყო...

ხშირად მესმის, მიშამ ზვიადი საქართველოში ჩამოასვენა - არ იყო ეგრე, ზვიადის გადმოსვენების თემა პოლიტიკურად და ორგანიზაციულად გააკეთა ჩემმა ძმამ, ცოტნემ. პირადად ცოტნე შეხვდა და დაალაგა ეგ საკითხი რუსეთის პრეზიდენტთან და შემდეგ ჩეჩნეთში ჩასვლისას რამზან კადიროვმა აღმოუჩინა ქმედითი დახმარება, რადგან ჩეჩნეთის პირველ ომამდე, ომის დროს და მერე, რამზანიც და ჩვენც ერთ მხარეს ვიდექით, - აცხადებს გიორგი გამსახურდია და დასძენს, უგულავა იძახდა, რა უნდა მთაწმინდაზე, ეზოში დაკრძალონო.

მისივე განცხადებით, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ჩამოსვენებისას ოფიციალური პირებისგან ნაკლები ყურადღება შეიმჩნეოდა, ვინაიდან ცოტნე გამსახურდია მაშინ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი იყო. შიზოიდს კიდევ ცოტნეს გაკეთებული საქმე არ აწყობდა. თუ ვინმემ იმჟამინდელ მთავრობაში რამე გააკეთა, ეს იყო კობა სუბელიანი, თავისი პატრიოტული შეხედულებიდან და წარმომავლობიდან გამომდინარე.

გიორგი გამსახურდიას ამ აღიარების შემდეგ, შეუძლიათ თუ არა ნაცებს კიდევ ივაჭრონ ზვიად გამსახურდიას ჩამოსვენების საკითხით?

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ არ ფლობს ინფორმაციას, ვისი ინიციატივით მოხდა ზვიად გამსახურდიას გადმოსვენება, მაგრამ ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც ნაცმოძრაობა იყო ხელისუფლებაში და ყველა თავისთვის ცდილობდა პოლიტიკური ქულების დაწერას.

კარგია, რომ ზვიად გამსახურდია გადმოასვენეს, მაგრამ ვინ გადაწყვიტა და ვისი პოლიტიკური ინტერესი იყო, ეს სხვა საქმეა. ფაქტია, თუ მიშა არ იქნებოდა ზვიად გამსახურდიას გადმოსვენების მომხრე, ვერც გადმოასვენებდნენ. ახლა ვერ იღებენ ხმას მიშას უკითხავად ნაციონალები და მაშინ, მით უმეტეს, ვერაფერს გადაწყვეტდნენ. მოგეხსენებათ, ნაცმოძრაობა დიდი დემოკრატიულობით არ გამოირჩეოდა. ამდენად, პირველი პრეზიდენტის გადმოსვენების საკითხიც პოლიტიკური თემა იყო და არა ჰუმანური მოქმედება. აქ პიარიც იყო და პოლიტიკაც, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის ხელმძღვანელ პეტრე მამრაძის სიტყვით, იმ ფაქტმა, რომ ზვიად გამსახურდიას ჩამოსვენება მოხდა სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, ნამდვილად იმოქმედა ე.წ. ზვიადისტებზე. ამას წინ უძღოდა ზვიადისტების პარლამენტში შეყვანა.

მაშინ უფროსი თაობის ზვიადისტებზე, რომლებსაც პირადად ვიცნობდი, აწ გარდაცვლილი ოჩიაური იქნება, თუ ირაკლი კენჭოშვილი, რა თქმა უნდა, ამან დადებითად იმოქმედა. მახსოვს, ლომაია მივიდა მანანა არჩვაძე-გამსახურდიასთან, პატივი მიაგო. კონკრეტულად რა როლი ჰქონდა სააკაშვილს ზვიად გამსახურდიას გადმოსვენების საკითხში, ის ამის ინიციატორი იყო, თუ უბრალოდ დათანხმდა, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ, აბა, სააკაშვილი მაშინდელი რეჟიმის იერარქიის გათვალისწინებით, კატეგორიული წინააღმდეგი წასულიყო, არავითარ შემთხვევაში, ზვიადს არ გადმოვასვენებთო, ეს ამბავი არც განხორციელდებოდა. როგორ ჩანს, სულ ცოტა, მისი თანხმობა ამაზე იყო. სააკაშვილს ახლოს რომ ვიცნობ, შემიძლია ვთქვა, რომ ეს თანხმობა მხოლოდ იმის გამო იქნებოდა, თავის პოლიტიკურ მოგებას ხედავდა ამაში, თორემ სააკაშვილისთვის აბსოლუტურად სულერთია ნებისმიერი თემა, ომის დაწყება იქნება ეს, თუ სხვა რამ, ოღონდ თვითონ ყოფილიყო კარგად და მასმედიის ცენტრში ყოფნა შეენარჩუნებინა, - აღნიშნა პეტრე მამრაძემ ჩვენთან საუბრისას.